იტალიაში მცხოვრები ქართველის დიდი წარმატება - ლუკა ჩიქოვანის სამსახიობო დებიუტი კანის ფესტივალზე

იტალიაში მცხოვრები ქართველის დიდი წარმატება - ლუკა ჩიქოვანის სამსახიობო დებიუტი კანის ფესტივალზე

მხიარული, ნიჭიერი, ცოტა ექსცენტრიული, გამორჩეული გარეგნობით... - ეს ლუკა ჩიქოვანია, ვისი ხილვაც კანის 71-ე კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე, დიდი სიურპრიზი იყო. იტალიამ კანის კინოფესტივალზე ალიჩე რორვაჰერის Lazzaro felice წარადგინა და საუკეთესო სცენარის ნომინაციაში გაიმარჯვა. ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ქართველი ლუკა ჩიქოვანი ასრულებს.

ლუკა 1994 წელს თბილისში დაიბადა და 6 წლის იყო, როდესაც დედასთან იტალიაში გაემგზავრა საცხოვრებლად. თავიდან YouTube-ზე გამოქვეყნებული ქავერებით გახდა ინტერნეტსივრცეში პოპულარული, 2016 წელს კი საკუთარი ალბომი და კლიპი გამოუშვა. ხშირად იღებენ რეკლამებში. სწორედ ერთ-ერთ ასეთ რეკლამაში შეამჩნია ის რეჟისორმა რორვაჰერმა და კასტინგზე მიიწვია.

- საოცრად სავსე და ბედნიერი ვარ იმ ყველაფრით, რაც ჩემ გარშემო ხდება. ფილმმა პირველივე ჩვენებაზე დარბაზის დიდი მოწონება დაიმსახურა. არავინ ელოდა ასეთ მქუხარე აპლოდისმენტებს, რომელიც ათ წუთზე მეტხანს გაგრძელდა. განსაკუთრებული კომპლიმენტები და ტაში, ბენისიო დელ ტოროსა და რობერტო ბენინისგან მივიღეთ. დღემდე მიჭირს გაცნობიერება, რომ ეს ყველაფერი რეალურია და მე კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე გავიარე, გავატარე მთელი საღამო რობერტო ბენინის კომპანიაში.

- როგორ აღმოჩნდი უამრავი ახალგაზრდისთვის საოცნებო ადგილას?

- შეიძლება ითქვას, სრულიად შემთხვევით. ფილმის რეჟისორმა MTV-ზე ჩემი მონაწილეობით რეკლამა ნახა, მაშინვე დაინტერესდა, ჩემი ძებნა ინტერნეტში დაიწყო და მალევე დაუკავშირდა ჩემს მენეჯერს. როდესაც კასტინგზე მივდიოდი, დიდი იმედი არ მქონდა, რომ არჩევანს ჩემზე შეაჩერებდნენ, რადგან სამსახიობო განათლება და გამოცდილება არ მაქვს. ეს ჩემი დებიუტია კინოსამყაროში.

- მოგვიყევი ფილმისა და შენი პერსონაჟის შესახებ...

- ფილმის იდეა ძალიან მარტივი და ხალასია. ის არის ნეგატიური აზრების, პრეტენზიებისა და მოთხოვნების გარეშე სამყაროში ცხოვრებაზე. მთავარი გმირი არის ახალგაზრდა სოფლელი ბიჭი ლაზარე, რომელიც სხვა გლეხებთან ერთად ცხოვრობს და ყველანი მუშაობენ მარკიზასათვის, რომელსაც ვილაში საცხოვრებლად მოჰყავს საკუთარი ვაჟი, ტანკრედი, ჩემი პერსონაჟი. ტანკრედი და ლაზარე დამეგობრდებიან და იგი ლაზარეს არწმუნებს, რომ ამიერიდან ისინი ნახევრად ძმები არიან... ტანკრედი გაითამაშებს გატაცების სცენას და მიდის გამოქვაბულში, სადაც ლაზარე ცხოვრობს. აქ გაიგებს ტანკრედი, თუ რას ნიშნავს გლეხის ცხოვრება.

ჩემს პერსონაჟს პიტერ პენს შევადარებდი, რომელსაც პერიოდულად მავნე აზრები აწუხებს, მაგრამ გულის სიღრმეში, ძალიან კარგი ადამიანია. იგონებს ისტორიებს რაინდებზე, მოგზაურობს წარმოსახვით და ლაზარესაც ყველაფრის სჯერა, რასაც ტანკრედი უყვება.

ფილმის გადაღებები სამი თვე გრძელდებოდა ერთ ღვთისგან მივიწყებულ დასახლებაში, სადაც ორი პატარა ბარის მეტი არაფერი იყო. მასში ძალიან დიდი შრომა ჩადო თითოეულმა ადამიანმა. ალიჩემ მასწავლა არა ის, თუ როგორ მეთამაშა ესა თუ ის სცენა, არამედ როგორ გამეთავისებინა სიტუაცია ბოლომდე. მე იმ მომენტში არ ვთამაშობდი, ეს ყველაფერი უბრალოდ ბუნებრივი იყო. თითქოს ზღაპარში აღმოვჩნდი. ძალიან ამაყი ვარ, რომ მომიწია ისეთ მსახიობებთან თამაში, როგორებიც არიან ნიკოლეტა ბრასკი ("ცხოვრება მშვენიერია"), სერჯი ლოპესი ("ფავნის ლაბირინთი") და ალბა რორვაჰერი ("იდეალური უცნობები"). ისე შევეწყვეთ და შევეჩვიეთ ერთმანეთს, რომ ახლა ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ.

P.S. ერთხელ, თბილისში შეხვედრისას, კახა კალაძემ ლუკა ჩიქოვანზე თქვა – "ის არის მაგალითი იმისა, თუ როგორ აღწევენ წარმატებას რთული შრომით ადამიანები". მივულოცოთ დამსახურებული წარმატება ლუკას და მომავალშიც წინსვლა ვუსურვოთ.

ნინო მამუკაძე

სპეციალურად იტალიიდან

19 წელი ერთად - ჯულია რობერთსისა და დენი მოდერის სიყვარულის ამბავი, რომელმაც დროს გაუძლო

რევოლუციონერი, პოეტი, მექალთანე, "შესანიშნავი ქართველი" - რუსეთში დადგმული სკანდალური სპექტაკლი სტალინზე, რომლის პრემიერის შემდეგ, პუტინსაც კი მიმართეს

გაერთე Festival Haerze და მოიგე საგზური კვიპროსში - უპრეცედენტო შემოთავაზება ფესტივალის ორგანიზატორებისგან