ვინ იხეირა მუნდიალის სამხრეთ აფრიკაში გამართვით

ვინ იხეირა მუნდიალის სამხრეთ აფრიკაში გამართვით

მუნდიალის დაწყებიდან არც ისე ბევრი დროა გასული, თუმცა, უკვე შეიძლება თამამად ითქვას, რომ ფიფას იდეამ სამხრეთ აფრიკაში მსოფლიო ჩემპიონატის გამართვის თაობაზე ვერ გაამართლა. ფაქტია, რომ ბლატერის მოწადინებით ვერ იხეირეს ვერც ჩემპიონატის მონაწილეებმა, ვერც გულშემატკივრებმა, ვერც სამხრეთ აფრიკის მოსახლეობამ და ვერც თავად ქვეყანამ.  

გასაგებია, რომ ფიფას სურდა ჩემპიონატი აფრიკის კონტინენტზეც ჩატარებულიყო, თუმცა მომავალი მუნდიალის მასპინძელი ქვეყნის შესარჩევად ალბათ უპრიანი იქნებოდა, არა მხოლოდ კონტინენტური, არამედ სხვა ფაქტორების გათვალისწინებაც, მათ შორის ქვეყანაში ინფრასტრუქტურის განვითარების დონე, აეროპორტებისა და სტადიონების რაოდენობა, მოთამაშეთა და გულშემატკივართა უსაფრთხოება და ა.შ.

ამის შესახებ ფიფაში, რა თქმა უნდა, იცოდნენ, მაგრამ ბლატერს ვერავინ გადაათქმევინა სიტყვა - მსოფლიო ჩემპიონატი აფრიკაში უნდა ჩავატაროთო. აფრიკულ ვარიანტს არგუმენტიც დამაჯერებელი ჰქონდა - ”ფეხბურთი მთელ მსოფლიოში უნდა განვითარდეს”.   

და აი, რა ხდება დღეს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ სამხრეთ აფრიკაში - იოჰანესბურგშიც კი, რომელიც რეგიონის ყველაზე განვითარებული ქალაქია, ხელში მობილურით გასეირნება უკვე ექსტრემალური თავგადასავალია.

ჯერ კიდევ პირველობის დაწყებამდე, ამხანაგური მატჩებისას გაირკვა, რომ სამხრეთ აფრიკის ფეხბურთის მესვეურები არცთუ კარგად ახერხებენ ტრიბუნებზე წესრიგის დამყარებას და გულშემატკივრებში მცირე კამათსაც კი ყოველ წუთს შეიძლებოდა ჩხუბი და არეულობა მოჰყოლოდა. სტადიონის გარეთ უსაფრთხოებაზე ხომ საუბარიც არაა.  

თურმე ქვეყნის სტუმრებს კეთილისმყოფელები ურჩევენ, რომ შუქნიშნის წითელ ფერზე ავტომობილი არ გააჩერონ, რადგან დიდი შანსია, თავს მძარცველები დაესხან. უკეთეს შემთხვევაში, ისინი მხოლოდ შუშის ჩამტვრევითა და ძარცვით შემოიფარგლებიან.

ის გულშემატკივრები, რომლებმაც დაძლიეს შიში და სამხრეთ აფრიკაში მაინც გაემგზავრნენ, იტყობინებიან, რომ ქუჩაში ფეხით გადაადგილებას ვერ ბედავენ. თურმე სიცოცხლისთვის განსაკუთრებით საშიში მატარებლით მგზავრობა ყოფილა - ”თეთრები” მატარებლით არ დადიან!

ერთი სიტყვით, სამხრეთ აფრიკაში ძარცვავენ ყველას და ყოველთვის. ხან ახალზელანდიელ ტელეწამყვანებს მოპარეს 100 000 დოლარის აპარატურა, ხანაც ურუგვაის ნაკრებს აწაპნეს 4000 დოლარი. ბნელ კუთხეში მოიმწყვდიეს ბრიტანელი ტურისტები და წაართვეს ყველაფერი, საცვლების გარდა. გაბრიელ ბატისტუტა იმისთვის დაისაჯა, რომ არ გაითვალისწინა შეგონება და საკრედიტო ბარათი სასტუმროს ნომერში დატოვა. 

მუნდიალზე პრობლემას ქმნის კლიმატიც - სამხრეთ აფრიკაში ახლა ზამთარია და ტემპერატურა პერიოდულად +3-5 გრადუსამდე ეცემა. რაც მთავარია, ქვეყანაში გათბობის სისტემა, როგორც ასეთი, არ არსებობს.

ისეთი პირი უჩანს, ჩემპიონატის სამხრეთ აფრიკაში გამართვით ვერავინ გაიხარა, გარდა ბლატერისა და იმ მძარცველებისა, რომლებმაც ხელში ნადავლი იგდეს.

მომზადებულია rbc.ru-ს მიხედვით

საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე

რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო