პროკურატურამ პატრულის თანამშრომელი თაღლითობისთვის დააკავა

პროკურატურამ პატრულის თანამშრომელი თაღლითობისთვის დააკავა

საქართველოს მთავარი პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლის სამართლებრივი დევნის სამმართველომ, შსს გენერალურ ინსპექციასთან თანამშრომლობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი ო.მ. დააკავა.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ო.მ-მ მისი ნაცნობები ფ.ვ. და ნ.კ დაარწმუნა, თითქოს იგი ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის რეგიონალური სამმართველოს ხელმძღვანელ თანამდებობის პირებთან და საოლქო პროკურატურის პროკურორთან, რის შემდეგაც ფ.ვ.-ს და ნ.კ.-ს დაჰპირდა, რომ საპატრულო პოლიციის საჯარიმო ავტოსადგომიდან გამოიყვანდა და მათ დაუბრუნებდა ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულ ნ.კ.-ს ნათესავების კუთვნილ ავტომანქანებს, რის სანაცვლოდ, თითქოსდა აღნიშნული თანამდებობის პირებისთვის გადასაცემად იგი თაღლითური გზით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ნ.კ.-ს კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხებს 6 400 აშშ დოლარისა და 4 000 ლარის ოდენობით.

„სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე მიღებული სასამართლოს განჩინებით, 2018 წლის 21 მაისს, ო.მ. ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული.

საქართველოს პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა“ და "ბ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სისხლიანი გარჩევა რუსთავში, გოგონებს შორის - არასრულწლოვანი თანატოლმა ცივი იარაღით დაჭრა

"ნეკა დოროყაშვილის ბიძაშვილმა თქვა, რომ ბასილაშვილის მხრიდან დოროყაშვილზე არასდროს განხორციელებულა ძალადობა" - ადვოკატი

"ქალბატონს ბოდიშს უხდის კოცნის გამო" - წულაიას ადვოკატის თქმით, პოლიტიკოსი ლოყაზე კოცნის გამოა დაკავებული