საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვდა - რა თემები განიხილეს მხარეებმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვდა - რა თემები განიხილეს მხარეებმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის სამუშაო ვიზიტი ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან დაიწყო.

გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრის ძირითადი თემები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და ორმხრივი კავშირების განვითარების პოზიტიური დინამიკა, ასევე - საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული გამოწვევები იყო.

შეხვედრის დასაწყისში პრემიერმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. მთავრობის მეთაურმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილმა და მაიკ პომპეომ მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.

მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას საქართველოში, - ასე მიმართა პრემიერმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს დღევანდელი შეხვედრის შემდეგ. კვირიკაშვილის განცხადებით, სამომავლო თანამშრომლობის პოტენციალი ორ ქვეყანას შორის უდიდესია.

„ბატონო მდივანო, სამომავლო თანამშრომლობის პოტენციალი ორივე ქვეყნისთვის უდიდესია. მე იმედით შევყურებ თქვენთან თანამშრომლობას ყველა მიმართულებით, რომლებიც შედის ამერიკელი და ქართველი ხალხის ინტერსებში.მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას საქართველოში“, - მიმართა კვირიკაშვილმა პომპეოს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ პომპეოს მიზანდასახულობა და ენთუზიაზმი კიდევ უფრო გააღრმავებს აშშ-საქართველოს მჭიდრო პარტნიორობას.

„გმადლობთ, ბატონო მდივანო პომპეო, ძალიან თბილი სიტყვებისთვის. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ თანამდებობაზე დანიშვნისთანავე მიღებული თქვენი გადაწყვეტილებისთვის ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარული სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით. ნება მომეცით, მოგილოცოთ ამ თანამდებობაზე დანიშვნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შეერთებული შტატებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მიზანდასახულობა და ენთუზიაზმი კიდევ უფრო განამტკიცებს მსოფლიოში აშშ-ის მტკიცე ლიდერობას და კიდევ უფრო გააღრმავებს აშშ-ს და საქართველოს მჭიდრო პარტნიორობას”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები