არგენტინა პირველი გუნდი გახდა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩი მოიგო და თავი 9 ქულას მოუყარა. ცხადია, დიეგო მარადონას შეგირდებმა მერვედფინალში პირველი ადგილიდან გააღწიეს და მომდევნო მატჩს 27 ივნისს, იოჰანესბურგის “სოქერ სითი სთედიუმზე” მექსიკის წინააღმდეგ ჩაატარებენ.
არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა რიგით მესამე გამარჯვება საბერძნეთის უსახურ გუნდთან იზეიმა. სამხრეთამერიკელები ევროპელების წინააღმდეგ შესუსტებული შემადგენლობით წარსდგნენ, თუმცა, მცირე პრობლემაც კი არ შეჰქმნიათ.
დიეგოს ბიჭები პირველიდან ბოლო წუთამდე უდიდეს ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ (პროცენტებში ეს 67:33-ზე აისახა), თუმცა, გულშემატკივრები მხოლოდ თამაშის მიწურულსღა გაახალისეს.
მას შემდეგ, რაც წინა ხაზზე გამწესებულმა ლიონელ მესიმ (მას კაპიტნის სამკლაური ეკეთა), დიეგო მილიტომ, სერხიო აგუერომა და მაქსი როდრიგესმა რამდენიმე მომენტი გააცუდეს, საქმეს ხელი, უფრო სწორად კი ფეხი ცეტრალურმა მცველმა მარტინ დემიკელისმა მოჰკიდა და წარმატებითაც.
კუთხურის შემდეგ, არგენტინელის თავური მისივე თანაგუნდელ მილიტოს მოხვდა, დამატებაზე კი ისევ მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელმა ივარგა და ალექსანდროს ცორვასს ხარიხის ქვეშ ყუმბარისებურად დაურტყა.
“ალბისელესტემ” ანგარიში 77-ე წუთზე გახსნა, 89-ეზე კი თავი არგენტინული ფეხბურთის ვეტერანმა მარტინ პალერმომ გამოიჩინა, რომლის მუნდიალზე წაყვანისთვისაც მარადონას არაერთი მწარე გამონათქვამის მოსმენა მოუხდა. 36 წლის პალერმოს საგოლე მომენტი შეუჩერებელმა მესიმ შეუქმნა. ლეომ მანამდე ძელსაც გაარტყა, მისი მორიგი გასროლა კი ცორვასმა უკუაგდო და პალერმომაც ახლო მანძილიდან დაამატა.
საბერძნეთი აშკარად სუსტად კი გამოიყურებოდა, თუმცა, შეხვედრაში ანგარიშის გახსნა რეალურად შეეძლო. მეორე ტაიმის სტარტზე ელადელთაგან ყველაზე აქტიური გეორგიოს სამარასი სერხიო რომეროსთან პირისპირ დარჩა, თუმცა, მეკარეისგან მარცხენა კუთხეს მცირედით ააცილა.
რეჰაგელის გუნდმა ჯგუფში 3 ქულით მესამე ადგილი დაიკავა და ფლეი ოფს მიღმა დარჩა. საბერძნეთის მორიგი სამიზნე ევროპის 2012 წლის ჩემპიონატია, რომლის შესარჩევ ეტაპზეც მათი ერთ-ერთი მეტოქე საქართველოს ნაკრებიც იქნება.