22 ივნისს, cnnturk-მა გამოაქვეყნა ცნობა, შოთა არველაძეს "კაისერისპორში" ოთარ ხინზანეიშვილის გადაყვანა სურსო. გეცოდინებათ, ხიზანეიშვილი, ბოლო ორი სეზონის განმავლობაში გერმანიის მეორე ბუნდესლიგის "აუგსბურგში" ირიცხებოდა, მაგრამ სათამაშო პრაქტიკა თითქმის არ ჰქონდა. რამდენიმე დღის წინ კი, ოთარი ვლადიკავკაზის "ალანიაში" ისინჯებოდა, მაგრამ არც აქედან გამოვიდა რამე - დაიწუნეს ქართველი, თუ პირობებზე ვერ შეთანხმდნენ, უცნობია.
და არა მარტო ხიზანეიშვილი: "კაისერისპორმა" უკვე აიყვანა ალეკო ამისულაშვილი და კიდევ ორი ქართველის გადაბირებაზე იყო საუბარი - ზურაბ ხიზანიშვილზე და კახა კალაძეზე. მოკლედ, შოთას "კაისერისპორში" მისვლა იყო და ქართველი ფეხბურთელების მიდი-მოდიზე ლაპარაკი მაშინვე დაიწყო.
კონკრეტული ამბების გასაგებად, "მსოფლიო სპორტი" შოთა არველაძეს ამსტერდამში დაუკავშირდა, თუმცა ამ საკითხზე ბევრი არ გვისაუბრია:
"ეს ყველაფერი, ტყუილია. კალაძის "კაისერისპორში" გადმოსვლა? ეს ზღაპარია. არც ხიზანიშვილისა და ხიზანეიშვილის გამოყვანა განიხილება. შემიძლია გითხრათ, რომ ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერზე, ამ ეტაპზე არ ვფიქრობთ", - მოკლედ გვითხრა ტყუპისცალმა, რომელიც 26 ივნისს ჩავა თურქეთში და გუნდის მზადებას დაიწყებს.
მსოფლიოს ჩემპიონატი - რა თქმა უნდა, არველაძეს ამაზეც ვესაუბრეთ და საკმაოდ ვრცლადაც. ცნობილია, რომ ძმები არველაძეები არგენტინის ნაკრების გულშემატკივრები, ასე ვთქვათ, "მარადონისტები" არიან. შოთა ამბობს, ჯერჯერობით, კარგად მიდიან და იციან, რასაც აკეთებენ, ამასთან, ლეო მესის ფაქტორიც გავითვალისწინოთ, აუცილებლად დაიწყებს გოლების გატანასო.
- არგენტინელების თამაშში, რა არ მოგწონთ?
- დაცვაში ეტყობათ პრობლემები. კორეელები რამდენჯერმე იოლად გაექცნენ, ნიგერიასთანაც ჰქონდათ შეცდომები. როგორც გუნდი, ბრაზილია არგენტინაზე ძლიერია, თუმცა ეს, ჯერ დასაწყისია. ისე კი, სრულყოფილი გუნდი არ არსებობს.
- ინგლისს და იტალიას ჯერ თამაში არ მოუგიათ. როგორ ატყობთ, აქვთ მომატების პოტენციალი?
- იტალიისგან არც მიკვირს - ძალიან სუსტი შემადგენლობა ჰყავთ. ვინაა მათი ვარსკვლავი? ერთი დანიელე დე როსი ცდილობს რაღაც ორიგინალურის შექმნას. "იუვენტუსი" და "მილანი" ცუდ დღეში არიან, "ინტერში" იტალიელი არ თამაშობს და აი, შედეგიც. ინგლისისგან კი ცოტა მეტს ველოდი. ბევრს ლაპარაკობენ, ინგლისელები ფსიქოლოგიურ წნეხში არიანო და შესაძლოა, ასეცაა. ფრენკ ლამპარდი, უეინ რუნი, სტივ ჯერარდი - როგორ შეიძლება, ამ ფეხბურთელებით უმაღლეს მიზნებზე არ იფიქრო, მაგრამ ჯერჯერობით, რაიმე სასწაულს ვერ აჩვენებენ. სანამ ჩემპიონატი დაიწყებოდა, ვფიქრობდი, ინგლისი ფაბიო კაპელოს სტილით ნახევარფინალში გაძვრებოდა. არც ახლაა გვიანი.
- კაპელოს სტილში რას გულისხმობთ?
- გოლს არ გაუშვებს და ასე ნელ-ნელა შეუძლია შორს წავიდეს.
- ისე, ჰოლანდიის ნაკრებს არ ეტყობა, რომ ძალიან "ინახავს თავს"?
- როცა მაინცდამაინც ძლიერ გუნდს არ ხვდები, ასე ჩანს. მგონი, არც დანიაა ფენომენი და მითუმეტეს, არც იაპონია. გეთანხმებით, ჰოლანდია მოუმატებს. ვესლი სნეიდერი მშვენიერ ფორმაშია და პლუს, "ჯოკერი" ჯერ არ გამოუყენებიათ - არიენ რობენი რომ დაიწყებს, მერე სხვა ლაზათი მიეცემა ჰოლანდიის თამაშს.
- მაინც, ყველაზე მეტად, რომელი ნაკრები მოგწონთ და ვის თვლით ჩემპიონობის მთავარ ფავორიტად?
- ბრაზილია და არგენტინა ულაპარაკოდ. ასევე, ჰოლანდია და ინგლისი. ესპანეთმაც ძალიან კარგად ითამაშა ჰონდურასთან და 10:0 უნდა მოეგო... ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავს ესპანეთს.
- ტაქტიკურ სიახლეებზე რას იტყვით, რა დაგანახათ ამ ჩემპიონატმა ახალი?
- განსაკუთრებული არაფერი. მექსიკა თამაშობს განსხვავებულად, 3-2-3-2 სისტემით. ისე, ყველა ნაკრების მწვრთნელი ცდილობს ისეთი ფეხბურთელები ათამაშოს, რომლებიც დაცვაშიც იქნებიან და თავდამსხმაშიც. რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება. მესის ვერ მოსთხოვ, მარჯვენა მცველის ადგილზე ჩამოდიო, მაგრამ ტენდენცია - "ყველამ ყველგან უნდა ირბინოს" - აშკარად ჩანს. მაგალითად კარლოს ტევესი ავიღოთ, რომელიც შემოქმედებით და ფანტაზიით ვერანაირად ვერ სჯობს სერხიო აგუეროს, მაგრამ მარადონა ტევესს ათამაშებს. რატომ? აგუერო შეტევისას ბურთს რომ დაკარგავს, ჩერდება. ტევესი კი ასე არ იქცევა, ბოლომდე გამოეკიდება და იბრძოლებს.
- პორტუგალია - ჩრდილოეთ კორეის 7:0-ს თუ არ ჩავთვლით, ცოტა გოლი გადის. ეს, ვარსკვლავების სიმცირის ბრალიც ხომ არაა? იგივე 1998 წლის მუნდიალთან შედარებით, თითქოს ვარსკვლავების ნაკლებობა იგრძნობა.
- რატომ? ასე არ ვფიქრობ. ახლაც არიან მესი, კრიშტიანო რონალდო... უბრალოდ, ბევრი ისეთი ნაკრებია, პირველი წუთიდანვე 11 კაცით საკუთარ საჯარიმოში რომ იკეტება და როგორ გინდა გოლები პანტა-პუნტით გაუტანო. ვნახოთ, თამაშები წინაა და გოლებიც ბლომად გავა.
ილია ნანობაშვილი