ფრანგული სამარცხვინო ფიასკო

ფრანგული სამარცხვინო ფიასკო

არსებობის მანძილზე საფრანგეთის ნაკრები ალბათ არასდროს ყოფილა ისეთი უსუსური და სამარცხვინო, როგორც ეს მიმდინარე მუნდიალზე იყო. სიტყვა "იყო" შემთხვევით არ გვიხმარია. იყო იმიტომ, რომ საფრანგეთისთვის მეცხრამეტე მსოფლიოს ჩემპიონატი უკვე დასრულდა. დასრულდა ის ფრანგებისთვის საშინლად და სამარცხვინოდ. საქმე მხოლოდ შედეგებში არ არის - ჩავარდნა ვის არ ჰქონია. ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რაც მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთა ბანაკში ხდებოდა - გუნდის სხვადასხვა ჯგუფებად დაყოფა, კონფლიქტი მთავარ მწვრთნელთან, ერთმანეთის საჯაროდ ლანძღვა, ბოიკოტი, ულტიმატუმის ენით საუბარი...

ამ დღეებში ყველა "სამფეროვნებზე" საუბრობდა, საფრანგეთში კი, თავიანთი "გმირების" გამო საოცრად რცხვენოდათ. ქვეყანა ტრიუმფს ელოდა და საქვეყნო სირცხვილი მიიღო, რომლის ჩამოსარეცხად ფრანგებს დიდი შრომა მოუწევთ.

სიტუაციის ორიგინალურობა იმაში მდგომარეობდა, რომ პირველ ორ ტურში წაგების მიუხედავად, რაიმონ დომენეკის ნახევრად დაშლილი გუნდი კიდევ ინარჩუნებდა მერვედფინალში გასვლის შანსს. "სამფეროვნებს" ფლეი ოფში თამაშის უფლება რომ მიეღოთ, ბოლო ტურში ორი პირობა უნდა დაკმაყოფილებულიყო - ფრანგებს სამხრეთ აფრიკა უნდა დაემარცხებინათ, ხოლო ურუგვაისა და მექსიკის დაპირისპირება ფრედ არ უნდა დასრულებულიყო. ამასთან, დომენეკის ფეხბურთელებს კონკურენტებთან ბურთების სხვაობაც "ამოსაქაჩი" ჰქონდათ.

მხოლოდ დიდი ანგარიშით გამარჯვება აწყობდა სამხრეთ აფრიკის ნაკრებსაც. მასპინძლები მხოლოდ ამ შემთხვევაში მოახერხებდნენ ფლეი ოფში გასვლას. თუმცა, ამის ნაკლებად თუ ვინმეს სჯეროდა. ასეთი თამამი დაპირების მიცემას გუნდის ბრაზილიელი თავკაცი კარლოს ალბერტო პარეირაც ერიდებოდა: "თუკი მუნდიალის დასრულება ჯგუფურ ეტაპზევე მოგვიწევს, ფრანგებთან დაპირისპირებაში ისე უნდა ვითამაშოთ, რომ მოედანი თავაწეულებმა დავტოვოთ", - ამბობდა აფრიკელთა დამრიგებელი.

რა თქმა უნდა, ფრანგთა შორის არ იყო სკანდალის მთავარი მომწყობი ნიკოლა ანელკა, რომელმაც სამხრეთ აფრიკა რამდენიმე დღის წინ დატოვა. "სამფეროვანთა" ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ ანრი, მალუდა, აბიდალი და კაპიტანი პატრის ევრა, რომლებმაც ანელკას მხარი ღიად დაუჭირეს.

სერიოზული დანაკლისის მიუხედავად, შეხვედრა ფრანგებმა აქტიურად დაიწყეს და გურკუფმა და სისემ ანგარიშის გახსნა შორი დისტანციიდან დარტყმებით სცადეს. სამხრეთაფრიკელებმა კი, თავიანთი პირველივე შანსი გამოიყენეს - მე-20 წუთზე ჩაბალალას მოწოდებული კუთხურის შემდეგ, უგო ლორისი გამოსვლაზე შეცდა, ხუმალომ კი ალუ დიარას საჰაერო დუელი მოუგო და თავური დარტყმით პარეირას გუნდი დააწინაურა.

აქედან ხუთ წუთში ფრანგებისთვის კიდევ ერთი უსიამოვნო ეპიზოდი მოხდა. მაღალი ბურთისთვის ბრძოლისას გურკუფმა სიბაიეს სახეში იდაყვი ჩაარტყა. მართალია, "ბორდოს" ლიდერს განზრახ არ უუხეშია, მაგრამ მსაჯმა იგი მაინც გააძევა მოედნიდან, რითაც ფრანგთა იმედებს საბოლოოდ გადაუსვა ხაზი.

37-ე წუთზე აფრიკელთა უპირატესობა ორბურთიანი გახდა. ის რაც ტურნირის მასპინძელთა მეორე შედეგიანი შეტევისას "სამფეროვანთა" საჯარიმოში ხდებოდა, გუნდში არსებული სიტუაციის სრული ასახვა იყო. აფრიკელთა იერიშს ევროპელთა საჯარიმოში სრული ქაოსი მოჰყვა. ბურთი საკმაო ხნის განმავლობაში უპატრონოდ გორავდა და ფრანგები მის მოგერიებას ვერ ახერხებდნენ, ბოლოს კი, "ჯაბულანი" კატლეგო მფელას მიუგორდა და აფრიკელმაც იგი უპრობლემოდ გაიტანა მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონთა კარში.

შესვენებამდე ფრანკთა კარის ბადე კიდევ ერთხელ შეირხა, თუმცა ლაინსმენმა თამაშგარე სიტუაცია დააფიქსირა და გოლი არ ჩაითვალა. ერთხელ კი, თავისი გუნდი მესამე გაშვებული გოლისგან ლორისმა იხსნა.

შესვენებისას დომენეკმა ჟინიაკი მალუდათი შეცვალა, მოგვიანებით კი ფრანგთა თავკაცმა მოედანზე ტიერი ანრიც შეუშვა. სხვათა შორის, ვეტერანი ფორვარდისთვის ეს იყო "სამფეროვანთა" ფორმით მსოფლიოს ჩემპიონატებზე ჩატარებული მე-17 შეხვედრა, რითაც იგი ფრანგთა რეკორდსმენ ფაბიენ ბარტეზს გაუტოლდა. ცვლილებებს ევროპელთა თამაშში არანაირი პოზიტიური ნიშნები არ შეუტანია. აფრიკელები კვლავ აგრძელებდნენ მეტოქეზე ზეწოლას და მფელამ გოლის გატანის კიდევ ერთი შესანიშნავი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან - ბურთი ძელს მოხვდა. სულ მალე საგოლე შანსი ჩაბალალასაც მიეცა, მაგრამ მასპინძელთა ნახევარმცველმა ლორისს ვერ აჯობა.

შეტევაში გართულ მასპინძლებს 70-ე წუთზე მეტოქის იშვიათი იერიში გამოეპარათ, რომელიც შედეგიანი აღმოჩნდა. რიბერის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ, მალუდას ისღა დარჩენოდა, რომ ბურთი ცარიელ კარში შეეგორებინა. "ჩელსის" ნახევარმცველს ამის გაკეთება არ გასჭირვებია და მეცხრამეტე მუნდიალზე ფრანგთა მიერ გატანილი ერთადერთი გოლი პირად ანგარიშზე გაიფორმა.

დარჩენილ დროში განსაკუთრებული აღარაფერი მომხდარა. გაშვებულმა გოლმა აფრიკელებს დიდი ანგარიშით მოგების ოცნება საბოლოოდ დაუნგრია, ევროპელებს კი, შეტევის სურვილი ისედაც არ გააჩნდათ. საბოლოოდ, "ფრი სტეიტ სტედიუმზე" გამართული შეხვედრა ტურნირის მასპინძლის მინიმალური გამარჯვებით, 2:1 დასრულდა და აფრიკელები "სამფეროვანთა" მსგავსად, მუნდიალს ემშვიდობებიან. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში სამხრეთ აფრიკა გახდა პირველი მასპინძელი ქვეყანა, რომელმაც მომდევნო ეტაპზე გასვლა ვერ მოახერხა. თუმცა, ფრანგთა "გმირობასთან" მათი ამბავი რა მოსატანია...

”მსოფლიო სპორტი”

საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე

რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო