ამერიკელთათვის ბოლო მატჩი დანავსულია

ამერიკელთათვის ბოლო მატჩი დანავსულია

ამერიკისა და ალჟირის ნაკრებები აქამდე ერთმანეთს არასოდეს შეხვედრიან, დღეს კი პირდაპირ მუნდიალის მერვედფინალის საგზურისთვის მოუწევთ ბრძოლა. ამერიკელთა ამოცანა შედარებით მარტივია - გამარჯვების შემთხვევაში ბობ ბრედლის გუნდი ბრძოლას ფლეი ოფში გააგრძელებს, აფრიკელები კი ჯგუფის მეორე თამაშის შედეგზეც არიან დამოკიდებულნი. შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ ორივე ეს გუნდი ჯგუფში ჩარჩეს.

"უდაბნოს მელიები" მსგავსი "რებუსის" მსხვერპლი ადრე უკვე გახდნენ - 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მათ სახლში ნაადრევად დაბრუნება მხოლოდ იმის გამო მოუწიათ, რომ ჯგუფში ავსტრიისა და დასავლეთ გერმანიის ნაკრებებზე უარესი ბურთების შეფარდება ჰქონდათ.

რაც შეეხებათ ამერიკელებს, ისინი 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან მოყოლებული ჯგუფურ ეტაპზე მუდამ აგებენ ბოლო შეხვედრას. იანკების წარუმატებელი სერია უკვე 6 წაგებულ მატჩს ითვლის. ამ არადამაიმედებელი სერიის მიუხედავად, ბობ ბრედლის გუნდს ფლეი ოფში გასვლის საკმაოდ კარგი შანსი აქვს. ის კიდევ უფრო დამაჯერებელი იქნებოდა, სლოვენიელებთან შეხვედრაში მალელ არბიტრ კომან კულიბალის ამერიკელთა მიერ წესების სრული დაცვით გატანილი მესამე გოლი რომ ჩაეთვალა (შეხვედრა 2:2 დასრულდა). სამართლის საძიებლად იანკებმა ფიფას მიმართეს, რომელმაც აფრიკელი მსაჯის შეცდომა აღიარა და ის მუნდიალიდან დაითხოვა, თუმცა, ამით ამერიკელებმა ვერანაირი ხეირი ვერ ნახეს.

არადა, ბრედლის გუნდს ის შეხვედრა რომ მოეგო, ცალი ფეხით უკვე მერვედფინალში იქნებოდა. ახლა კი, შესაძლოა ალჟირთან ფრეც არ ეყოს. ისიც გასათვალისწინებელია, რაბაჰ საადანეს კრებულისთვის გოლის გატანა საკმაოდ რთული საქმეა. ალჟირელებმა მიმდინარე მუნდიალზე მხოლოდ ერთი გოლი გაუშვეს. ამას ამერიკელთა ფორვარდის, რობი ფინდლის დისკვალიფიკაციაც ემატება. შეტევეში მის ადგილს სავარაუდოდ ნახევარმცველი კლინტ დემპსი დაიკავებს, რომელსაც წინ თამაშის გამოცდილება უკვე გააჩნია.

თუკი აფრიკელებს დაცვაში თამაში მეტ-ნაკლებად ეხერხებათ, შეტევაში ისინი აშკარად მოიკოჭლებენ. ბოლო ოთხ შეხვედრაში ალჟირელებმა მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხეს და ისიც კარიმ ზიანიმ პენალტის ნიშნულიდან შეაგდო. ასე რომ, თუკი საადანე მერვედფინალში გასვლაზე ოცნებობს, მას გუნდის ტაქტიკურ სქემაში სერიოზული გადაადგილებების მოხდენა მოუწევს.

ამერიკასთან მატჩის წინ ალჟირელებს გამოჯანმრთელებული მეკარე ფაუზი შაუში დაუბრუნდათ, თუმცა დღეს ძირითადში სავარაუდოდ კვლავ რაისუ მბალი ითამაშებს, რომელმაც ინგლისელებთან შეხვედრა უშეცდომოდ ჩაატარა. აფრიკელთა სასტარტოში იქნება "სიენას" ფორვარდი აბდელკადერ გეზალიც, რომელსაც წინა მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გაუცდა.

აღსანიშნავია, რომ ამერიკელებს ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ, ხოლო ალჟირმა ბოლო 9 შეხვედრიდან მხოლოდ ორის მოგება შეძლო.

23 ივნისი. 18:00, პრეტორია, "ლოფტუს ვერსფილდ სტედიუმი"

აშშ - ალჟირი

სავარაუდო შემადგენლობები:

აშშ: ჰოვარდი ("ევერტონი"), ბოკანეგრა ("რენი"), ონიევუ ("მილანი"), დემერიტი ("უოტფორდი"), ჩერუნდოლო ("ჰანოვერი"), ბრედლი ("გლადბახი"), ედუ ("რეინჯერსი"), დემპსი ("ფულემი"), ბადლი ("ლოს ანჯელეს გელექსი"), ალტიდორი ("ჰალი").

მწვრთნელი: ბობ ბრედლი

ალჟირი: მბოლი ("სლავია"), ბელჰაჯი ("პორტსმუთი"), ალიში ("ნასიონალი"), ბუგერა ("რეინჯერსი"), იაია ("ბოხუმი"), ზიანი ("ვოლფსბურგი"), ლაცენი ("რასინგი"), იებდა ("პორტსმუთი"), კადირი ("ვალანსიენი"), მატმური ("გლადბახი"), გეზალი ("სიენა").

მწვრთნელი: რაბაჰ საადანე.

მსაჯი: ფრანკ დე ბლეკერე (ბელგია)

C ჯგუფი

1 სლოვანია 2 1 1 0 3-2 4

2 აშშ 2 0 2 0 3-3 2

3 ინგლისი 2 0 2 0 1-1 2

4 ალჟირი 2 0 1 1 0-1 1

ლუკა ანდრიაძე

გაზეთი ”რეზონანსი”

საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე

რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო