მეცნიერებმა შეძლეს იმ ხმის მოდელირება, რომელსაც გამოსცემენ სუბატომური ნაწილაკები (”ღვთიური ნაწილაკი”, ბოზონის ჰიგსი). CERN-ის ექსპერტები იმედოვნებენ, რომ დიდ ადრონულ კოლაიდერში ჰიგსის ნაწილაკის დაფიქსირებას სწორედ მისი ხმის მეშვეობით შეძლებენ.
დოქტორი ლილი ესკვიტი ბგერის ინჟინრებთან ერთად მუშაობდა პროექტზე, რომელსაც უნდა მოეხდინა იმ ხმოვან მონაცემთა ”გადაფორმატება”, რომლებიც კოლაიდერში ნაწილაკთა შეჯახებისას წარმოიქმნება.
”როცა ენერგია ახლოსაა, ისმის დაბალი ხმოვანი ტონი, ხოლო როცა ის შორსაა, ხმა შედარებით მაღალია. როცა ენერგია ჭარბია, ხმა ძლიერდება, ხოლო როცა ნაკლებია, ხმა იკლებს”, - აღწერა ფიზიკური მოვლენები ესკვიტმა.
ამ დროისთვის ესკვიტსა და მის გუნდს შემუშავებული აქვთ რამდენიმე იმიტაცია იმისა, რაც შესაძლოა კოლაიდერში ნაწილაკთა შეჯახებისას მოხდეს. პროექტის ერთ-ერთი პროგრამისტის თქმით, კოლაიდერზე მომუშავე მეცნიერებს მონაცემების მისაღებად ხმოვანის გარდა უკეთესი საშუალება არ აქვთ. მათი თქმით, ადამიანის ყურს უფრო მეტი მცირე ცვლილების დაფიქსირება შეუძლია, ვიდრე თვალს და ამიტომაც, ”ღვთიური ნაწილაკის” აღმოსაჩენად სმენის დაძაბვა უმჯობესი იქნება.
პროექტში მონაწილე კომპოზიტორი რიჩარდ დობსონი აღაფრთოვანა ელემენტარული ნაწილაკების შეჯახების ხმამ. ”ამ ბგერებში შეიძლება ჩამოყალიბებული სტრუქტურის ამოცნობა, თითქოსდა ის ვიღაცამ შექმნა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ისინი რაღაცას გვიამბობენ. ხმები იმდენად მრავალფეროვანი და ცვალებადია, რომ თანამედროვე მუსიკალურ შედევრს მოგაგონებთ”, - განაცხადა დობსონმა.
მიუხედავად იმისა, რომ ექსპერიმენტი წმინდა სამეცნიერო მიზნებს ისახავს, პროექტი კაცობრიობას შესაძლებლობას აძლევს, მოუსმინოს სამყაროს ”მელოდიას”.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.