ავტორი:

ხორავას ქუჩის ტრაგედიის პოლიტიკური მხარე - "ეს არის შენელებული მოქმედების ბომბი..."

ხორავას ქუჩის ტრაგედიის პოლიტიკური მხარე - "ეს არის შენელებული მოქმედების ბომბი..."

2 გარდაცვლილი, ერთი დაჭრილი და მხოლოდ ორი დაკავებული - ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე 5-თვიანი სასამართლო განხილვები დასასრულს მიუახლოვდა. საქმეში არსებული მთელი რიგი კითხვები კვლავ პასუხგაუცემელია, ამიტომ პროცესებმა სასამართლოს გარეთ, ქუჩაში გადაინაცვლა და ტრაგედიას პოლიტიკური ელფერიც მიეცა.

"მე მეშინია ჩემი შვილის შურისძიებით აღსავსე მეგობრების, რომლებიც გეგმავენ შურისძიებას ყველა იმ პირზე, ვინც რაიმე ნიშნით მაინც მიიღო მონაწილეობა ამ ინციდენტში" - 51-ე სკოლის მოკლული მოსწავლის დათო სარალიძის მამა შიშობს, რომ თუ შესაბამისი უწყებები სამართლიანობას არ აღადგენენ, "შვილების ომი" დაიწყება.

ზაზა სარალიძე დარწმუნებულია, რომ მისი შვილის მკვლელობაში ოთხი ადამიანი მონაწილეობდა და დანარჩენ ორ ადამიანს პროკურატურა აფარებს ხელს. იგი ასახელებს კონკრეტულ სახელებსა და გვარებსაც, თუმცა შოთაძის უწყებას ამასთან დაკავშირებით არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. ამიტომ იგი სამართლიანობის აღდგენაში საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.

"ევროპული საქართველოს" ინიციატივით, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას. „ნაციონალური მოძრაობა“ კი პარალელს სანდრო გირგვლიანის საქმეზე ავლებს და „ოცნებას“ ახსენებს იმას, რაც თავის დროზე „ნაციონალებმა“ გამოიარეს.

პირველი დეკემბრის ტრაგედიას პოლიტიკურ ჭრილში ანალიტიკოსებიც განიხილავენ და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, თუკი სამართლიანობის განცდა არ აღდგა, ეს, ადრე თუ გვიან, დრამატულ შედეგს გამოიღებს. პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის თქმით, უსამართლობის განცდა არის ყველაზე მძიმე და აგრესიული გრძელვადიანი განვითარება.

„თუკი გამოძიების დროს კითხვები რჩება, ეს იწვევს მოვლენების არაპროგნოზირებად განვითარებას. უსამართლობის განცდა ეს არის ყველაზე მძიმე და აგრესიული გრძელვადიანი განვითარება. ასე რომ, ხელისუფლების მთავარი საფიქრალია ამ საქმის გამჭვირვალედ და ობიექტურად გამოძიება. ოჯახს კითხვები აღარ უნდა დარჩეს. მოვლენების განვითარება დამოკიდებულია ზუსტად იმაზე, რამდენად ადეკვატურად და სწრაფად მოქმედებს ხელისუფლება“, - უთხრა AMBEBI.GE-ს ხუხაშვილმა. მისივე თქმით, "ეს არის შენელებული მოქმედების პოლიტიკური ბომბი".

„დაგვიანებული სამართალი უსამართლობის ტოლფასი ხდება, იმიტომ, რომ ზვავი თუ დაიძრა, მერე მისი შეჩერება ძალიან ძნელია. არ ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას არ აქვს უნარი კითხვებზე რაციონალური პასუხები გასცეს. უბრალოდ, ამ ხალხს უნდა დალაპარაკება, თანადგომა. ხელისუფლება თანამონაწილე უნდა იყოს ასეთი ტრაგედიების დროს. ეს არ არის ჭრილობა, რომელიც იკურნება. ამიტომ ეს შენელებული მოქმედების პოლიტიკური ბომბის ფუნქციას ასრულებს... ხელისუფლებას თუ სამართლიანობის აღდგენის სურვილი აქვს, მაშინ ამისკენ თვითგადარჩენის ინსტინქტმა მაინც უნდა უბიძგოს.

ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ვერაფერს ვიტყვი, არ ვიცნობ საქმის მასალებს, მაგრამ ფაქტია, ხელისუფლებასა და დაზარალებულებს შორის კომუნიკაცია არასწორადაა. საქმეში ახალი გარემოებები ჩნდება და ახლა პროკურორის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ, ასეთი რაღაცეების დაშვება კატეგორიულად არ შეიძლება. ეს ცეცხლზე ნავთის დასხმის ტოლფასია - თუ ასეთ სიბრიყვეს ექნება ადგილი, შეიძლება ძალიან მძიმე პროცესები ვიხილოთ“, - გვითხრა ხუხაშვილმა.

ანალოგიურად ფიქრობს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილიც, რომლის აზრით, სასამართლოს და პროკურატურის მიმართ უნდობლობა საერთაშორისო არენაზე ქვეყნის იმიჯს დააზიანებს.

„ნათქვამია, რასაც დასთეს, იმას მოიმკიო. როგორც ჩანს, პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირებს ეს სიბრძნე არ გაუგიათ. დაიწყო ის, რასაც კარგა ხანია ველოდით. დღეს მეორე, მესამე ადგილზე გადაინაცვლა ჩვენმა ერთდღიანმა ხალისმა და სიამაყემ, რასაც ადგილი ჰქონდა 26 მაისს. მაგრამ როცა 27-ში ჩვენ ისევ უსამართლობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე დავიწყებთ საუბარს და გამოვალთ ქუჩაში, ჩვენი ქვეყანა ნაკლებად მიმზიდველი ხდება იმ ქვეყნების თვალში, რომელსაც ვეტრფით.

წლიდან წლამდე ჩვენი საზოგადოების ასეთი დამოკიდებულება პროკურატურის და სასამართლოს მიმართ გაგვხდის სრულიად მიუღებლად იმ დემოკრატიული ქვეყნების ხელისუფლებების და მოქალაქეების, რომელსაც სურთ საქართველოსთან ურთიერთობა. პროკურატურამ სამართლიანობა დროულად უნდა აღადგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ნათქვამია, რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო. არის გავრცელებული მეორე ვერსიაც - რაც მოგვივა დავითაო, სულ ბიძინას თავითაო“, - გვითხრა პოლიტოლოგმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."