მამუკა ბახტაძე - ლომბარდი ნაქურდალი ნივთების რეალიზაციის ერთგვარი საშუალება გახდა

მამუკა ბახტაძე - ლომბარდი ნაქურდალი ნივთების რეალიზაციის ერთგვარი საშუალება გახდა

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ლომბარდებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციის შემოღების ინიციატივით გამოდის. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, არის შემთხვევები, როცა ლომბარდები ხდება ნაქურდალი ნივთების რელიზაციის საშუალება, რაც პრინციპულად მიუღებელია.

როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ ლომბარდები ნებაყოფლობით მოექცევიან ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქოლგის ქვეშ, მათ ექნებათ უფლება, განახორციელონ ყველა საქმიანობა, რომელიც გათვალისწინებულია ეროვნული ბანკის რეგულაციით.

"როდესაც ხდება კრიმინალური ფაქტი - სხვადასხვა ნივთის მოპარვა, არსებობს შემთხვევები, რომ ეს ნივთი შემდგომ მიდის ლომბარდში. ანუ ლომბარდი გახდა ნაქურდალი ნივთების რეალიზაციის ერთგვარი საშუალება, რაც არის პრინციპულად მიუღებელი. ჩვენ ვამბობთ, რომ თუ ლომბარდებს სურთ ამ ბიზნესში დარჩენა, ასე ვეღარ გაგრძელდება, უნდა დარეგისტრირდნენ. ეს ნიშნავს, კომპიუტერულ სისტემაში ჩართულობას, რომელიც დაინერგება. როცა მიიტანენ ნივთს ლომბარდში ჩასაბარებლად, ის აუცილებლად აღირიცხება ელექტრონულად, რომ შესაბამის უწყებებს ჰქონდეთ შესაძლებლობა აკონტროლონ, რა ტიპის ნივთი მიდის ლომბარდში. თუ ეს ნივთი ნაქურდალია, ამის აღმოჩენა შესაძლებელია. რადგანაც დღეს არ არის რაიმე რეგულაცია, კრიმინალი იყენებს ლომბარდს", - განაცხადა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძის თქმით, ამ საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება ჩართულობა, რომ ლომბარდების საქმიანობა გახდეს უფრო გამჭვირვალე.

"გონივრულ ვადაში შეიქმნება ერთიანი კომპიუტერული ქსელი, სადაც ყველა ლომბარდს ექნება ვალდებულება ელექტრონულად აღრიცხოს მიღებული ნივთები, რომ ჩვენ გამოვრიცხოთ კრიმინალური სიტუაციების ალბათობა ლომბარდების მეშვეობით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. მისივე თქმით, ინიციატივა 1-ელ ივნისს დარეგისტრირდება პარლამენტში.

ამასთან, მინისტრის თმით, ჭარბვალიანობა მოსახლეობის სიღარიბის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ იქცა, რის გამოც კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა გახდა საჭირო. როგორც მამუკა ბახტაძემ პრეზენტაციისას აღნიშნა, ჭარბვალიანობა ეკონომიკის განვითარებისთვის რამდენიმე მნიშვნელოვან ბარიერს ბადებს:

„მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი მოხვდა ე.წ. შავ სიაში. ეს არის ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის თითქმის 25-30%. ეს ნიშნავს იმას, რომ 630 000 ადამიანს, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს კონკურენტუნარიანი იდეა თუ პროექტი ბიზნესის დასაწყებად, ელემენტარულად გამოთიშულია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრებიდან. ჭარბვალიანობა გრძელვადიან პერსპექტივაში წარმოადგენს მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვან რისკს და ამ რისკს სჭირდება დაზღვევა.ჩვენთვის მთავარია, რომ საქართველოში მივაღწიოთ ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდას, რომელიც შეეხება ჩვენს თითოეულ მოქალაქეს - ამას მაკროეკონომისტები ინკლუზიურ ზრდას უწოდებენ. ინკლუზიური ზრდის ერთ-ერთი მთავარი ბარიერია სწორედ ჭარბვალიანობა. ის, რა პრინციპითაც ხშირად ხდებოდა დაკრედიტება, ამას შეგვიძლია ვუწოდოთ უპასუხისმგებლო პრაქტიკა,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ფინანსთა მინისტრმა პრეზენტაციაზე პრობლემის გადაჭრის გზების შესახებაც ისაუბრა, რომელთა განხორციელების შემთხვევაშიც, მისი თქმით, ჭარბვალიანობა შემცირდება.

როგორც ბახტაძემ განაცხადა, დაგეგმილი ინიციატივები მოიტანს ეკონომიკურ სტაბილურობას, გრძელვადიან პერსპექტივაში მაკროეკონომიკურ სიმყარესა და ინკლუზიურ ზრდას.

„იქიდან გამომდინარე, რომ ჭარბვალიანობა შემცირდება, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ მეტი ადამიანი იყოს ჩართული რეალურ ეკონომიკაში. აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღებთ უფრო სტაბილური და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას. ამასთან ერთად, ჩვენი ეკონომიკის მდგრადობა საგარეო შოკების მიმართ მნიშვნელოვნად გაიზრდება. ჩვენ მივიღებთ ახალ ევროპული სტანდარტის მქონე, მომხმარებლების უფლებების დაცვის ატმოსფეროს,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები