ახალი ქართული წიგნები, რომლის წარდგენაც წიგნის ფესტივალზე გაიმართება

ახალი ქართული წიგნები, რომლის წარდგენაც წიგნის ფესტივალზე გაიმართება

31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით „თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი“ მიმდინარეობს, რომელსაც უამრავი მკითხველი ელოდება. წელს წიგნის ფესტივალზე ქართველი ავტორებისადმი მიძღვნილი არაერთი ღონისძიება ჩატარდება, რაშიც გამომცემლობა ”პალიტრა L-ს” განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის. ზოგადად, გამომცემლობა თანამედროვე ქართველ მწერლებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. წელს კი ქართველი ავტორების ყველაზე მეტი წიგნი გამოსცა. სწორედ ამის აღსანიშნავად, მათ ღონისძიების ფარგლებში ყველაზე დიდი დრო დაეთმობათ.

”პალიტრა L-ის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ნათია ზაქრაძის განმარტებით, წელს წიგნის ფესტივალზე ბევრი ახალი ქართული წიგნის წარდგენაც იქნება.

”ფრანკფურტის წიგნის ფესტივალთან დაკავშირებით, სადაც ოქტომბერში საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით იქნება წარმოდგენილი, დიდ ყურადღებას ვუთმობთ ქართველ ავტორებს. სწორედ ამიტომ მკითხველს ბევრი ქართველი მწერლის ახალ წიგნებს ვთავაზობთ. ზოგადად, ქართული მწერლობის პოპულარიზაცია ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია. წელს ბევრი ახალი წიგნი გამოვეცით და თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე ღონისძიებების ნაწილი ძირითადად ჩვენს ავტორებს დავუთმეთ", - განმარტავს ნათია ზაქრაძე.

გამომცემლობა ღონისძიებებს მოუწყობს როგორც დებიუტანტ, ისე შემდგარ ავტორებს. პრეზენტაციები ექსპო ჯორჯიას (თბილისი, წერეთლის 118) მე-11 პავილიონში გაიმართება.

გთავაზობთ ღონისძიებების სიას

1 ივნისი, 16:00 საათი - პროექტი „ქართველი მეფეების“ წარდგენა გაიმართება, რომელსაც პროექტის ხელმძღვანელი ჯაბა სამუშია და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გრანი ქავთარია წარადგენს. წიგნები ქართველი მეფეების შესახებ განსაკუთრებულ ფასად, 5,5 ლარად გაიყიდება

2 ივნისი, 12:00 საათი - „გახდი ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებული მწერლის, ელის დოჯსონის ფენტეზის ჟანრის ნაწარმოების „დომენიკა და საიდუმლო ქალაქიZ”-ის წარდგენა. რომანში მთავარი გმირი სრულიად მოულოდნელად ეგზოტიკური ექსპედიციის წევრი და უდიდესი აღმოჩენების მომსწრე ხდება. მას პლანეტაზე ყველაზე მნიშვნელოვანი მისია დაეკისრება. რისკი, ხიფათი, მისტიკა, სიყვარული და ბოროტებასთან ჭიდილი – სწორედ ასეთი თავბრუდამხვევი თავგადასავლის მონაწილე გახდებით ახალგაზრდა ავტორის უსაზღვრო ფანტაზიის წყალობით.

ამავე დროს 2 ივნისს, 12:20 საათზე დაგეგმილია თეა ინასარიძის ”მეცხრე ფლიგელის” წარდგენა. თეა შარშანდელი ბესტსელერი რომანის, ”გათხოვილის დღიურის” ავტორია. წელს კი ახალ, ამჯერად დეტექტიურ, მისტიკის ჟანრის წიგნს წარადგენს, ღონისძიებას მოდერატორობას მწერალი და სცენარისტი, ტორესა მოსი გაუწევს.

2 ივნისს, 13:20 საათზე მკითხველი იხილავს შემდეგ წიგნებსაც: ანდრო ბუაჩიძის "გაზაფხული მოდის ღამეში“ და ლუკა ბაქანიძის "სად ხარ ლაზარე...“საბა 2017-ის გამარჯვებული წიგნებია ნომინაციაში „წლის საუკეთესო ელექტრონული წიგნი“. დაპირებისამებრ,”პალიტრა L-მა” ისინი ბეჭდურ გამოცემებად აქცია. წარადგენენ ლიტერატორი ივანე ამირხანაშვილი და გამომცემლობა პალიტრა L-ის მთავარი რედაქტორი მაია ალუდაური.

2 ივნისს, 17:00 საათზე მწერალი თამარ ფხაკაძე წარადგენს ნოდარ მამაცაშვილის წიგნს "ყრუთა ქვეყანა“. ავტორის აღმოჩენა ლიტერატურული კონკურსის, ”გახდი ბესტსელერის ავტორის” ფარგლებში მოხდა. ის ვერ მოხვდა გამარჯვებულთა სიაში, თუმცა გამომცემლობას განსაკუთრებულად მოეწონა ნაწარმოები და სწორედ ამიტომ გამოცემა გადაწყვიტა.

ფესტივალის ფარგლებში, ამჯერად უკვე მე-6 პავილიონში გაიმართება სხვადასხვა საბავშვო ღონისძიება, მათ შორის 1 ივნისს, 15:00 საათზე, ექსპო ჯორჯიას მე-6 პავილიონში ბავშვებს საავტორო სამაგიდო თამაშებს ქართველი ავტორები, კოტე იანტბელიძე და ნათია ჯანაშია წარუდგენენ. ისინი მთელი ამ ხნის განმავლობაში იზრუნებენ მათ განწყობაზე.

2 ივნისს, 13:00 საათზე ნათია ჯანაშია წარადგენს წიგნს "ენოტის რემონტი“, რომლის ფარგლებშიც ბავშვებს საბავშვო ლექსებს წაუკითხავს.

3 ივნისს, 13:00 საათზე გაიმართება ბასტი-ბუბუს გრანდიოზული კონცერტი. საბავშვო შეგახსენებთ, რომ საბავშვო ღონისძიებები ჩატარდება ექსპო ჯორჯიას მე-6 პავილიონში.

ღონისძიებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია:

https://www.facebook.com/events/247138129176344/

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა