"თუ სწორად დაკითხავ, შეიძლება ჩაჭრა სიმართლის მთქმელი მოწმეც..." - რას ყვებოდა ინტერვიუში საკუთარ საქმიანობაზე ხორავას საქმის ადვოკატი

"თუ სწორად დაკითხავ, შეიძლება ჩაჭრა სიმართლის მთქმელი მოწმეც..." - რას ყვებოდა ინტერვიუში საკუთარ საქმიანობაზე ხორავას საქმის ადვოკატი

ხორავას ქუჩის საქმის 4-თვიანი განხილვა დასრულდა - მოსამართლე ეკა არეშიძის გადაწყვეტილებით, გ.ბ, რომელსაც ბრალი, როგორც ლევან დადუნაშვილის ასევე დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ედებოდა, მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში იქნა დამნაშავედ ცნობილი. რაც შეეხება დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდს, სასამართლომ გ.ბ. ამ ნაწილში სრულად გაამართლა.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, რომელსაც პროკურატურა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, სასამართლომ გ.ჯ.-ს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ.

არასრულწლოვანი გ.ჯ-ს ინტერესებს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე იცავს, რომელსაც ინტერვიუებში არაერთხელ უთქვამს, რომ მის პორტფელში უამრავი გამამართლებელი განაჩენია. ამ შემთხვევაშიც, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი შეუმსუბუქდა. საინტერესოა, რას ყვება მისი საქმიანობის შესახებ ტარიელ კაკაბაძე. ადვოკატთან ინტერვიუ ჟურნალმა "გზამ" 2017 წლის იანვარში ჩაწერა, როცა ცნობილი გახდა, რომ ის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულის ინტერესებს დაიცავდა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

"ბევრი გამამართლებელი განაჩენი მაქვს. ვიღებ ისეთ საქმეებს, სადაც საპროცესო გარიგებაზე არ მიდის ეჭვმიტანილი და მივდივართ გამართლებაზე. მიმაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი საერთოდ არ უნდა არსებობდეს. ეს არ არის ის ინსტიტუტი, რომელიც პასუხობს ჩემნაირი იურისტების მოთხოვნებს. მიმაჩნია, რომ ამ ინსტიტუტის დასუსტება გამოიწვევს იურიდიული პროფესიების უფრო მაღალ დონეზე ასვლას და ადვოკატების როლიც უფრო დიდი იქნება ადამიანის უფლებების დაცვაში. ყველაზე ხშირად მეკითხებიან - რომელია თქვენი მოგებული საყვარელი საქმეო? ამაზე ერთი პასუხი მაქვს, ეს ისეა, როცა უყურებ ფილმს და გგონია, რომ ყველაზე მაგარ ფილმს უყურე, შემდეგ უყურებ სხვა ფილმს და ფიქრობ, რომ ის არის ყველაზე მაგარი. ასეა ამ შემთხვევაშიც.

ახლა ისეთი შთაბეჭდილებებით ვარ ჩემს ბოლო საქმეზე, მგონია, რომ ყველაზე მაგარი ეს საქმეა, თუმცა მქონია ისეთი საქმეებიც, სადაც გაცილებით მეტი მოწმე ყოფილა ჩვენს წინააღმდეგ, მეტი მტკიცებულებები ყოფილა, მაგრამ გამამართლებელი განაჩენი გამოუტანია მოსამართლეს. მქონია ისეთი საქმე, როცა გამამართლებელი განაჩენის შემდეგ პოლიციელები მისცეს სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში. ასევე იყო შემთხვევა, როცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ორ ახალგაზრდას პოლიციის განყოფილებაში უსასტიკესად სცემეს, მერე მათ დააბრალეს ჯგუფურად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რაც 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ორივე ბრალდებული ნასამართლევი იყო, პირობითი მსჯავრის ქვეშ იყვნენ და ეტყობა ეგონათ, რომ მათ წინააღმდეგ შეთხზულ ბრალს ადვილად დაამტკიცებდნენ. თან 4 პოლიციელი ხელს ადებდა მათ, ასევე პატრულის ორი თანამშრომელი და საქმეში იყო კიდევ ორი არაპოლიციელი მოწმე, რომელიც ბრალდებულებს ამხელდა. საქმეში იდო ნივთმტკიცების სახით ტანსაცმელი და ირწმუნებოდნენ, თითქოს ეს ტანსაცმელი პოლიციელებს ამ ბიჭებმა შემოახიეს, იდო ექსპერტიზის დასკვნები, სადაც ეწერა, რომ პოლიციელებს დაზიანებები ეტყობოდათ. ამ შეკერილი მტკიცებულებების მიუხედავად, დადასტურდა ჩემი დასაცავების უდანაშაულობა. როცა მოწმე ტყუის, მისი გამოჭერა ძალზე იოლია და საერთოდ, ყველა მოწმის ჩაჭრა შეუძლია ადვოკატს.

- შეიძლება დამნაშავეც გაამართლო სწორი დაკითხვით, ხომ?

- სწორად წარმოებული დაკითხვები ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეს დაანგრევს. მთავარი მტკიცებულება არის მოწმის ჩვენება. როდესაც მოწმეს სასამართლოზე დაჰკითხავ, ჩაჭრი მას, ტყუილებში გამოიჭერ, რეალურად აქ უკვე გამამართლებელი განაჩენი დგება. თუ სწორად დაჰკითხავ, ყველა მატყუარა მოწმის ჩაჭრა შეიძლება. თუ სწორად დაჰკითხავ, შეიძლება ჩაჭრა სიმართლის მთქმელი მოწმეც. საქმეზე მუშაობის დროს მნიშვნელოვანია, მოიპოვო და შეაგროვო სხვა მტკიცებულებები. უნდა შეარჩიო სწორი ტაქტიკა, სტრატეგია. ადვოკატი კარგად უნდა იცნობდეს ევროპულ კონვენციას, ქართულ კანონმდებლობას, სასამართლოების პრაქტიკას, რადგან სისხლის სამართალი ჩვენს ქვეყანაში განვითარებადი სფეროა. ყოველდღე ვითარდება და ყოველდღე ახალი პრეცედენტები იქმნება ყველა სასამართლოში. თუ იცნობ ამ ყველაფერს და გაქვს ადვოკატისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, მიმაჩნია, რომ აუცილებლად მიაღწევ წარმატებას ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეში. არ არსებობს საქმე, რომლის მოგებაც არ შეიძლება.

- ალბათ გქონიათ ისეთი საქმეებიც, სადაც მიზანს ვერ მიაღწიეთ.

- არ არსებობს ადვოკატი, მით უმეტეს - სისხლის სამართლის სფეროში, რომელსაც წაგებული საქმე არ ჰქონია. ძალიან ხშირად, შეიძლება მოსამართლემ უბრალოდ, ვერ გაბედოს გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. თუმცა, ყოველი კრახი უნდა იყოს დამატებითი მოტივაცია, რომ მეტად გაძლიერდე, თავდადებით გააგრძელო ბრძოლა. მქონია უამრავი საქმე, სადაც პირველ ინსტანციაში არ გამიმართლა, მაგრამ აპელაციაში გავიმარჯვე. ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ აბსოლუტურად უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა უზენაესმა სასამართლომ გაამართლა ჩემი დასაცავი, რომელსაც 8 წელი ჰქონდა მისჯილი, მკვლელობის მცდელობისთვის. თუ იშრომებ და იბრძოლებ, აუცილებლად მიაღწევ მიზანს.

- რა კატეგორიის ბრალდებულის დაცვაზე შეიძლება უარი თქვათ?

- პედოფილს ვერასოდეს დავიცავ. ყველას დაცვა არ შემიძლია. როცა ვხვდები ადამიანს, მან უნდა მოახდინოს ჩემზე შთაბეჭდილება, რომ დაცვა შევძლო. ბევრჯერ მითქვამს უარი საქმეზე. თუ არ გიყვარს შენი კლიენტი, თუ არ გწამს მისი, როგორ უნდა დაარწმუნო მოსამართლე მის უდანაშაულობაში?

- თუ გქონიათ საქმე, სადაც იცოდით, რომ კლიენტი დამნაშავე იყო, მაგრამ გაამართლეთ?

- ვიცავდი აბიტურიენტს, რომელმაც 17 წლისამ ჩაიდინა მძიმე დანაშაული, მაგრამ ის გავამართლე. ძალიან ნიჭიერი ადამიანი იყო და ციხეში რომ წასულიყო, ცხოვრება დაენგრეოდა. ამ ადამიანმა საქართველო 4-ჯერ უკვე ასახელა, ევროპის ჩემპიონატზე. დღეს ის არის ძალიან წარმატებული ახალგაზრდა, უაღრესად პატიოსანი, 3.000 ლარი აქვს ხელფასი, ჰყავს მეუღლე, შვილი. ეს ადამიანი რომ წასულიყო პატიმრობაში, მისი ცხოვრება სხვაგვარად წარიმართებოდა...

- ადვოკატობა რატომ გადაწყვიტეთ?

- ჩემი პროფესიის არჩევაში დიდი როლი ითამაშა უცხოელმა კოლეგამ. ვსწავლობდი ამერიკაში და ვცხოვრობდი ცნობილი ამერიკელი ადვოკატის ოჯახში, მასთან მივიღე მნიშვნელოვანი გამოცდილება და რაც მთავარია, გავიმყარე ჩემი პოზიცია. არასოდეს მიფიქრია პროკურორად, გამომძიებლად მუშაობა. მიმაჩნია, რომ ადვოკატობა არის ღირსეული პროფესია, რომელიც გაძლევს საშუალებას, პრინციპებს არ უღალატო. "ზემოდან" არავინ დაგავალებს, ებრძვი უდიდეს ძალას - სახელმწიფოს. ეს ადრენალინის დიდი დოზაა - მთელი სტრუქტურა ერთვება ერთი უდანაშაულო ადამიანის წინააღმდეგ და მე ვიცავ ასეთ ადამიანებს.

სტუდენტობისას ჩემი რეზიუმე გავგზავნე ამერიკაში და წაიკითხა ცნობილმა ადვოკატმა, მიხვდა, რომ ბევრი საერთო გვქონდა და გამარჯვებულ სტუდენტებს შორის ამარჩია. დღეს მართლა ბევრი გვაქვს საერთო. ის ადამიანი წელიწადში სამჯერ ჩამოდის საქართველოში, მისმა შვილმა მოიყვანა ცოლად ჩემი სტუდენტი გოგონა, თბილისში ბინა იყიდეს, მართლმადიდებლადაც მოინათლნენ. ამაზე მეტი სიყვარული ქართველი ადამიანისთვის რა უნდა იყოს? წაიკითხეთ ვრცლად

LIVE: საღამოს ნიუსრუმი "პალიტრანიუსზე"

როგორ ცხოვრობს გერმანიაში თსუ-ს ყოფილი რექტორი, რომელიც ევროპის პრესტიჟული უნივერსიტეტის პრეზიდენტია - "ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა ოჯახია"

ქართველი მძღოლების გადასამზადებლად ფონიჭალაში სასწავლო ცენტრი აშენდება - ვინ მიიღებს ევროკავშირში აღიარებულ სერტიფიკატს?