ავტორი:

ვინ იყო აფხაზი "ქედუხრელი რაინდი", რომელიც აფხაზებმა მოღალატედ შერაცხეს

ვინ იყო აფხაზი "ქედუხრელი რაინდი", რომელიც აფხაზებმა მოღალატედ შერაცხეს

"ვინც საქართველოსა და აფხაზეთის ისტორიას იცნობს, შეუძლებელია მათი განცალკევების თუნდაც წარმოდგენა!" - წერდა აფხაზეთის ეროვნული მთავრობის პირველი თავმჯდომარე, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი არზაყან (დიმიტრი) ემუხვარი, რომელსაც სწამდა, რომ აფხაზეთის გადარჩენა და განვითარება, მხოლოდ საქართველოს შემადგენლობაში შეიძლებოდა, ამიტომაც აფხაზი საზოგადოების ერთმა ნაწილმა მტრად შერაცხა.

გავიდა დრო და ბედის ირონიით, - მის შესახებ აფხაზეთის ე.წ. ისტორიის სახელმძღვანელოებშიც იგივე პათოსით დაწერეს, რომ "კნიაზი, მენშევიკი ემუხვარი მშიშარა და წარუმატებელი ადამიანი იყო..."

ქართველებთან ყოველთვის ახლოს მყოფი აფხაზი თავადი თავის სათქმელს ხმამაღლა ამბობდა, რაც მაშინდელ აფხაზეთშიც კი, ბევრისთვის მიუღებელი იყო; 1918 წელს რუსეთში დაწყებული სამოქალაქო ომი ჩრდილოეთ კავკასიასაც მისწვდა და აფხაზეთში ბოლშევიკები უკვე ძალაუფლებას ფლობდნენ, თუმცა, ადგილობრივ მოსახლეობაში, არზაყან ემუხვარის ძალისხმევით, სულ უფრო მძლავრობდა დემოკრატიული მოძრაობა – “გავერთიანდეთ არა ჩრდილოეთ კავკასიასთან, არამედ საქართველოსთან”.

1919 წლის 12 მარტს აფხაზეთის ეროვნული საბჭო აირჩიეს, რომლის 20 მარტის დადგენილებით, - აფხაზეთის ავტონომიის სტატუსით, საქართველოს შემადგენლობაში შესვლა გადაწყდა. მთავარი ინიციატორი არზაყან ემუხვარი იყო და ის აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარედ აირჩიეს... ასევე, იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი.

არზაყანმა მეუღლე მარიამ ჩიკვაიძე ქუთაისში სწავლის დროს გაიცნო და სამი შვილი შეეძინათ, - უფროსი ვაჟი 1908 წელს დაბადებული ვლადიმერი (კუჭიკო) 1937 წლის რეპრესიებს შეეწირა, შუათანა პატარაობაშივე გარდაიცვალა, გივი ემუხვარი (1921-2000 წწ.) კი, მუდმივად წნეხის ქვეშ ცხოვრობდა. ერთხანს, სამშობლოდან გადახვეწილი, რუსეთში იმალებოდა, სადაც მომავალ მეუღლეს - ლუდმილა მიხეილის ასულ კოვალენსკაიას შეხვდა და ერთადერთი ქალიშვილი მარინე ემუხვარი შეეძინათ. მარინე ემუხვარი მეუღლესთან, ამირან ხაჭაპურიძესა და ვაჟიშვილ დავითთან ერთად სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობს და მოღვაწეობს.

ისევ აფხაზი თავადის ტრაგიკულ ცხოვრებას დავუბრუნდეთ - მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველო დაიპყრო, არზაყანმა მეუღლე და შვილები ქუთაისში სიმამრთან გახიზნა. თვითონ კი საქართველოს დემოკრატიული მთავრობის წევრებთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. 1921-1922 წლებში სტამბოლში ცხოვრობდა, შემდეგ პრაღაში გადავიდა და იმ დღიდან დაიწყო საქართველოში ოჯახის წევრებისათვის წერილების, ღია ბარათებისა და ვიზების გაგზავნა.

არზაყან ემუხვარის ერთ-ერთი შთამომავალი, ნატო მარშანია, რომელიც ამჟამად საქართველოში ცხოვრობს და რომელმაც ღირსეულ წინაპარს, მის მიერ მოძიებული დოკუმენტური მასალების მიხედვით წიგნი მიუძღვნა, - “არზაყან ემუხვარი – ქედუხრელი რაინდი”, რამდენიმე წლის წინ აფხაზეთში, ნათესავებს ესტუმრა, სადაც ხელში ჩაუვარდა “აფხაზური ისტორიის სახელმძღვანელო”, რომელშიც ბაბუამისი ადგილობრივი ისტორიკოსების მიერ მოღალატედ არის შერაცხული.”

“კარგა ხანს გაოცებული ვათვალიერებდი წიგნს. ჩემთვის, როგორც აფხაზეთის შვილისთვის, მიუღებელია, რომ ამას აფხაზ მოზარდებს ასწავლიან, - ეს არის გაყალბებული ისტორია... გადავწყვიტე, არზაყან ემხვარის (გვარის ეს ვარიანტი ბოლო დროს უფრო ხშირად გვხვდება, ავტ.) შესახებ ინფორმაცია მომეგროვებინა და საზოგადოებისთვის გამეცნო.

სამი წელი დამჭირდა, ვიმუშავე ჩეხეთსა და რუსეთში, ასევე, პოლონეთსა და საქართველოში. თბილისისა და ქუთაისის ცენტრალურ არქივებში, სლავურ ბიბლიოთეკებში... პირველად ქუთაისს ვეწვიე, რადგან ბაბუამ ქუთაისის სასულიერო სემინარია დაამთავრა. იმ ქვეყნების არქივებსა და ბიბლიოთეკებსაც დავუკავშირდი, სადაც ემიგრაციის წლები გაატარა. თურქეთში ორი წელი იცხოვრა, მაგრამ იქ მის შესახებ ვერაფერი მოვიპოვე...

“მე არ ვიცი, როდის გაიგებს აფხაზეთი შენს დაკარგვას, მაგრამ ვიცი მხოლოდ, რომ ის მწარედ ამოიოხრებს... ერთხელ შენ უთხარი ჩემს ცოლს: სამშობლოს განთავისუფლების იმედი რომ არ მქონდეს, არ ვიცოცხლებდიო და აი, სწორედ განთავისუფლებული სამშობლო მიგიკრავს შენ გულში!" - წერდა აკაკი ჩხენკელი ემიგრაციაში მყოფ აფხაზ მეგობარს.

ისტორიას ხომ პარადოქსები ახასიათებს, შეიძლება ითქვას, ირონიული გადახვევებიც - ჯერ ვერ დაუდგა აფხაზეთს დრო, როდესაც მის ღირსეულ შვილს გულში ჩაიკრავდა... ემუხვარი, ქართველ თანამერძოლებთან ერთად ლევილის სასაფლაოზე განისვენებს.

“მოსკოვის არქივებიდან ამოღებული მასალებიდან გავიგე, რომ ის პრაღაში, კარლის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო. გადმოცემით ვიცი, რომ სამედიცინო განათლებაც ჰქონდა მიღებული, მაგრამ ამის შესახებ ინფორმაციას ვერსად მივაკვლიე... დღევანდელ აფხაზეთში მასზე კარგის მთქმელი ცოტა დარჩა. მათი მოსაზრებით, "საქართველოსთან თანაცხოვრებას მოაწერა ხელი, რითაც აფხაზეთში ქართული საქმე გააკეთა". თუმცა, მაინც არიან ისეთები, ვისაც არზაყან ემხვარი მტრად არ მიაჩნდა, მთხოვეს, წიგნი რუსულადაც მეთარგმნა, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო.

...როდესაც ბაბუას წერილებს, საარქივო მასალებსა და დოკუმენტაციას ვკითხულობდი, წამითაც არ გამჩენია ეჭვი, რომ გამყიდველი კი არა, სწორედ აფხაზეთზე მზრუნველი და პატრიოტი იყო, რომელმაც იმ რწმენით იცხოვრა, რომ აფხაზეთი მხოლოდ საქართველოს ფარგლებში გადარჩებოდა", - ამბობს ნატო მარშანია.

როგორც ცნობილია, კონსტანტინე გამსახურდიას "მთვარის მოტაცებაში" თარაშ ემხვარი, სწორედ მურზაყან ემუხვარის პროტოტიპია. ამის შესახებ მწერალი თავად წერდა არზაყან ემუხვარის ვაჟს, ვლადიმერ ემუხვარს:

„ჩემო პატარა ემუხვარო! ჩემს ნაწარმოებში "მთვარის მოტაცებაში" შენი მამის პროტოტიპია მთავარი გმირი, რომელშიდაც მე ჩემი სიყრმის მეგობარი კეთილი აფხაზი - არძაყან იგივე დიმიტრი ემხვარი გამოვხატე, რომელთანაც გავატარე პარიზში ჩემი ცხოვრების ყველაზე ტკბილი დღენი. ენგურის დიდ ზვირთებთან ბრძოლაში დავამარცხე, ვინაიდან მისი მიზნების განხორციელება არ ძალმიძდა. გიჟი ენგურის ზვირთებთან შეკაჟება ეს მისი იდეების შებრძოლება იყო მის იდეალისა და არსებული მიმდინარეობისა. მომიტევეთ...."

"აგრო ფუდ ტრეიდი" ახალი სამოსავლო წლიდან მომხმარებელს უამრავ სიახლეს შესთავაზებს

თამარ ბაჩალიაშვილი იმ სკოლის წინ დაასვენეს, სადაც სწავლობდა ( ფოტო)

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი დაკრძალეს