ათდღიანი ფიზმომზადების შემდეგ, საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა დარბაზში გადაინაცვლა და ევროპის ჩემპიონატისთვის B დივიზიონის მატჩებისთვის მზადება განაგრძო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები D ჯგუფში ლუქსემბურგის, ესტონეთის, ავსტრიისა და მონტენეგროს ნაკრებებთან ერთად მოხვდა. ფიბა-ევროპის ეგიდით ორგანიზებულ ტურნირზე, ქართველები 22 ივლისიდან 1 აგვისტომდე პერიოდში ითამაშებენ.
მომავალი ბატალიების წინ, 18-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ მიხეილ კობესავიძეს ინტერვიუ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
- 10 დღე მძლეოსნობის დარბაზში, ავთანდილ ბერიძესთან ვვარჯიშობდით, რათა ნაკრების კანდიდატები ფიზიკურად მომძლავრებულიყვნენ, ახლა კი, უკვე აკადემიის დარბაზში გადმოვინაცვლეთ და უშუალოდ ბურთით ვარჯიშს შევუდექით.
- თქვენი სავარჯიშო გეგმები როგორია?
- ყოველდღიურ, ორჯერად ვარჯიშებზე ვართ გადასულები და ასე გავაგრძელებთ 26 ივნისამდე, რის შემდეგაც დუშეთში, ახლადაშენებულ სპორტულ კომპლექსში წავალთ შეკრებაზე. დუშეთში 6 ივლისამდე დავრჩებით და თბილისში დავბრუნდებით.
- საკონტროლო მატჩებს არ გეგმავთ?
- უკვე გადაწყვეტილია, რომ 14-17 ივლისს თბილისში უკრაინის ჭაბუკთა ნაკრები ჩამოვა, რომლის წინააღმდეგაც სამ საკონტროლო მატჩს გავმართავთ. ამ პერიოდისთვის უკვე ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრების დროც მოვა - ისრაელში 20 ივლისს გავფრინდებით.
- რამდენი კალათბურთელია შეკრებაზე გამოძახებული და რამდენად დიდია კონკურენცია?
- დღესდღეობით 13 მოთამაშით ვვარჯიშობთ. ჩვენთან უნდა ყოფილიყო ოთარ ფხაკაძე, რომელმაც გასული სეზონი ამერიკაში გაატარა, თუმცა როგორც მან გვითხრა, ის სწავლობდა და ბოლო 2 თვეა, არ უვარჯიშია. შესაბამისად, იგი გამოგვაკლდა. ველოდებით და ალბათ, მომავალ ვარჯიშზე შეგვემატება ესპანეთიდან ჩამოსული ნოდარ შარაბიძე. ამ 14 მოთამაშისგან ისრაელში გასამგზავრებლად 12 უნდა შეირჩეს. კონკურენცია დიდი არაა, განსაკუთრებით ტანმაღალი მოთამაშეების დეფიციტს განვიცდით.
- ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფის მეტოქეების შესახებ თუ ფლობთ ინფორმაციას?
- გარკვეულ ინფორმაციას ვფლობთ, ნაწილიც უახლოეს პერიოდში უნდა მოვიპოვოთ. მონდომებით ვემზადებით და იმედი მაქვს, ისრაელში ჩვენი ნაკრები თავის მაქსიმუმს გამოავლენს.
საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები
მერაბ ბოქოლიშვილი 17.02.1992 194 აკადემია
ნოდარ თენიეშვილი 06.07.1992 198 აკადემია
ლევან ელიაძე 13.12.1992 196 აკადემია
ბექა ჭიჭვეიშვილი 02.12.1992 197 აკადემია
გიორგი ტეტელაშვილი 07.17.1992 187 ნიკეა
გიორგი კოღუაშვილი
გოგა ჯავახიშვილი 08.09.1992 200 აკადემია
ლევან რევაზაშვილი 27.03.1992 209 მაკაბი
დუდა სანაძე 25.07.1992 192 ჰიუნდაი
ილია ჯიშიაშვილი 05.10.1993 203 ჰიუნდაი
ავთო ლომინეიშვილი 26.10.1992 204 ქუთაისი
ნოდარ შარაბიძე 25.09.1992 202 ვალენსია (ესპანეთი)
ირაკლი ჩერქეზიშვილი 06.05.1992 175 ჰიუნდაი
კახა მუმლაძე 27.04.1992 198 აკადემია