ეკა ბესელიას არ დავუჯდები სასაუბროდ, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარესთან, სერგი კაპანაძესთან შეხვედრის დაწყებისას განაცხადა.
„ადამიანს, რომელიც შეურაცხყოფას მაყენებს, არ დავუჯდები სასაუბროდ, გამორიცხულია. დანარჩენი ყველანაირად მზად ვარ, აბსოლუტურად ამომწურავად მოგაწოდოთ ყველაფერი ნებისმიერი დეტალი, თუ რაიმე ინფორმაცია გამაჩნია. ეკა ბესელიას არ დავუჯდები სასაუბროდ“, - განუცხადა ზაზა სარალიძემ სერგი კაპანაძეს. თავის მხრივ, სერგი კაპანაძემ აღნიშნა, რომ კომისიის მიზანია საქმის ბოლომდე მიყვანა.
„თქვენ იცით, რომ კომისიაში უმრავლესობა არის საპარლამენტო უმცირესობა - „ევროპული საქართველო“. გადაწყვეტილებებს იღებს უმრავლესობა. არ მინდა ეკა ბესელიაზე ვისაუბრო, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი მხრივ, თქვენთან სრული მხარდაჭერა იქნება. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიყვანოთ ჩვენ ხელთ არსებული ყველა რესურსის გამოყენებით“, - განაცხადა კაპანაძემ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ზაზა სარალიძის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„ბატონო ზაზა კიდევ ერთხელ გიცხადებთ სამძიმარს თქვენ და ყველა დაზარალებულს. ეს განცხადება რაც დღეს გააკეთეთ ჩემთან დაკავშირებით, უკვე მართლაც პოლიტიკური გზავნილია თქვენი მხრიდან! მე არც ერთ ეთერში და მათ შორის „რუსთავი 2“-ის ეთერში სადაც თქვენც იყავით, არ მიმიცია ჩემი თავისთვის უფლება დამედანაშაულებინეთ რაიმეში! გიცხადებდით და გიცხადებთ სრულ სოლიდარობას. „ნაციონალურ მოძრაობას“ რასაც ვეუბნები ეს თქვენ ნამდვილად არ გეხებათ! ძალიან უცნაურია იმ კომისაში, სადაც უმრავლესობა ოპოზიციას აქვს და „ევროპული საქართველოს“, სადაც კომისიის თავმჯდომარე ოპიზიციის წარმომადგენელია, ეკა ბესელიას უცხადებდე უნდობლობას. ეს უკვე მართლაც ბევრის მთქმელია ჩემთვის”, - აცხადებს ბესელია.
იხილეთ ვიდეო: ეკა ბესელია ზაზა სარალიძეს "ფეისბუქით" პასუხობს