სერხიო აგუერო: “სამუშაო პროცესში მარადონა მწვრთნელია, მე - ფეხბურთელი”

სერხიო აგუერო: “სამუშაო პროცესში მარადონა მწვრთნელია, მე - ფეხბურთელი”

არგენტინის ნაკრებისა და მადრიდის “ატლეტიკოს” ფორვარდმა სერხიო აგუერომ მიმდინარე მუნდიალზე 2 მატჩი ჩაატარა. სამხრეთ კორეასთან შეხვედრისას იგი დიეგო მარადონამ შეცვლაზე შეიყვანა და სერხიომაც ალბისელესტეს თამაში გამოაცოცხლა, ბერძნებთან მატჩში კი სამხრეთამერიკელთა თავკაცმა თავისი სიძე სასტარტო შემადგენლობაში ჩართო.

მიმდინარე მუნდიალის შესარჩევ ციკლში არგენტინელთა საუკეთესო ბომბარდირი სამხრეთ აფრიკის ტურნირზე ჯერჯერობით გოლის გატანას ვერ ახერხებს, თუმცა, როგორც აგუერო და მისი პარტნიორები აცხადებენ, “ნამდვილი” მსოფლიოს ჩემპიონატი მერვედფინალიდან დაიწყება...

- სერხიო, არგენტინის ნაკრებში მრავლად არიან ნახევარმცველები და ფორვარდები, რომელთაც პლანეტის წამყვან კლუბებში წამყვანი როლი აკისრიათ. ასეთი სახელებით დახუნძლულ გუნდში ყოფნა თქვენთვის ფსიქოლოგიური წნეხი ხომ არაა?

- სავსებით ვიზიარებ იმ თვალსაზრისს, არგენტინის ნაკრების მოთამაშეები უმაღლესი კლასის ფეხბურთელები რომ არიან, მაგრამ საკლუბო და სანაკრებო დონე მკაცრად უნდა გავმიჯნოთ. ეროვნულ გუნდში ყველა თანაბარია, საერთო საქვეყნო საქმეს ვემსახურებით, ამიტომაც არგენტინის ნაკრებში გამორჩეული ფეხბურთელი არაა. მარადონა ყოველთვის გვეუბნება, განსაკუთრებულობა თითოეულმა თქვენთაგანმა მინდორზე გასვლის შემდეგ უნდა დაამტკიცოსო. ვცდილობთ, ჩვენი ნიჭი სრულად მოვახმაროთ ეროვნულ გუნდს. 

- არგენტინის ნაკრების მტრებიც კი აღიარებენ, რომ სადღეისოდ ალბისელესტე კარგად თამაშობს. თქვენი აზრით, უპირველესად რითაა განპირობებული გუნდის ესოდენ მაღალ დონეზე ასპარეზობა?

- რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი და ვფიქრობ, უმნიშვნელო არცერთია. ჯერ ერთი, დიეგო არმანდო მარადონას სახით ბრწყინვალე მწვრთნელი გვყავს. გუნდში ჯანსაღი კონკურენციაა, რაც პროგრესის მამოძრავებელი ძალაა. შეთამაშების მომენტიცაა მნიშვნელოვანი. ნაკრებში რამდენიმე ფეხბურთელია, რომლებთან ერთადაც 2007-ში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატსა და პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე მიასპარეზია.

- მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე არგენტინის ნაკრები მაინცადამაინც დამაჯერებელი თამაშით ვერ ახარებდა თავის მრავალრიცხოვან ქომაგს. მას შემდეგ გუნდი უმატებს. როგორ გგონიათ, ალბისელესტეს უშუალოდ მუნდიალის მსვლელობისას თუ აქვს ასპარეზობის კიდევ უფრო გაუმჯობესების რეზერვი?

- მე მგონი ამას ვამტკიცებთ კიდეც. გაიხსენეთ ჩვენი მატჩები ჯგუფურ ეტაპზე. ნიგერიასთან მალე დავწინაურდით, უპირატესობას ბოლომდე ვფლობდით, მაგრამ მაინც მინიმალური სხვაობით ვიმარჯვეთ. იგივე მოხდა კორეასთანაც, ოღონდ აზიელებს მატჩის მიწურულსაც წყვილი გოლი გავუტანეთ და დიდი ანგარიშით მოვიგეთ. ერთი შეხედვით ნაკლებად სამოტივაციო შეხვედრაში კი ბოლომდე ჟინიანად ვიბრძოლეთ და ბერძნებსაც დამაჯერებლად ვძლიეთ.

გამოგიტყდებით და მიზნად “სწრაფი” გოლის გატანა გვქონდა დასახული. ეს არ მოხერხდა, სამაგიეროდ, ხასიათი გამოვავლინეთ. ზოგი ამბობს,  არგენტინას დაცვა არ უვარგაო, რასაც კატეგორიულად ვერ დავეთანხმები - ჩვენ ხომ ერთადერთი ბურთი გვაქვს გაშვებული. არგენტინის ნაკრები დაბალანსებული გუნდია, რომელიც ფლეი ოფის სტადიაზე თამაშს კიდევ უფრო გააძლიერებს.

- მარადონა თქვენი მწვრთნელიცაა და სიმამრიც. ამის გამო დონ დიეგოსთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება ხომ არ გიჭირთ?

- სამუშაო პროცესში მარადონასთან ზუსტად ისეთი დამოკიდებულება მაქვს, როგორც ნაკრების უკლებლივ ყველა წევრს - დიეგო მწვრთნელია, მე ფეხბურთელი. ეროვნული გუნდის მიღმა კი ისეთი ურთიერთობა გვაქვს, როგორიც შეხმატკბილებული ოჯახის წევრებს შეშვენით.  

”მსოფლიო სპორტი”

საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე

რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო