ბრალდებულ მირზა სუბელიანის ადვოკატები აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობას არ ეთანხმებიან. ადვოკატები სასამართლოს სუბელიანის მიმართ 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას შესთავაზებენ. როგორც ადვოკატმა ეკატერინე ხუციშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მირზა სუბელიანი ბრალს აღიარებს, თუმცა ფორმალური საფუძველი იმისა, რომ მის მიმართ პატიმრობა იყოს გამოყენებული, არ არსებობს. სასამართლო სუბელიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე დღეს იმსჯელებს. ხვალისთვის დაინიშნა კიდევ ერთი ბრალდებულის, მერაბ მორჩაძის პროცესი.
ორივე ბრალდებულთან მიმართებით პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 2017 წლის 1-ელ დეკემბერს, მირზა სუბელიანი იმყოფებოდა ნათესავების, მკვლელობის საქმეში მოწმის და ბრალდებულის სტატუსის მქონე კალანდიების ოჯახში, სადაც ასევე იმყოფებოდა მკვლელობაში ბრალდებული გ.ჯ. საუბრისას მირზა სუბელიანისთვის ცნობილი გახდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის და მკვლელობაში გ.ჯ.-ს მონაწილეობის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. „აღნიშნული ფაქტის ირგვლივ გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე ინტენსიურად მუშაობს პროცესის მონაწილეებზე ზემოქმედების და დანაშაულთან კავშირის მქონე სხვა პირების დასადგენად“, - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.