როგორ ეხმაურებიან საპარლამენტო უმრავლესობაში გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას

როგორ ეხმაურებიან საპარლამენტო უმრავლესობაში გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მთელი ამ ხნის განმავლობაში მე ვეცადე ვყოფილიყავი თითოეული მოქალაქის პრემიერ-მინისტრი. დიახ, მიმიღია გადაწყვეტილებები საკუთარი თავის საზიანოდ, მაგრამ ყოველთვის, მთელი გულით მჯეროდა და მჯერა, რომ ყველა ნაბიჯი და გადაწყვეტილება იყო ჩემი სამშობლოს სასიკეთოდ ნაკარნახევი და იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში სიტუაცია უკეთესობისკენ შეგვეცვალა. რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიყავი და ვარ გუნდური მოთამაშე. ვხედავ, გუნდში განწყობებს და აქედან გამომდინარე მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩემს სიტუაციაში უნდა მიეღო ნებისმიერი გუნდის ხელმძღვანელს", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობაში გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას იწონებენ და ამბობენ, რომ "კვირიკაშვილმა პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება მიიღო".

"გუშინ გუნდში ის სიტუაცია განვიხილეთ, რომელიც სტატისტიკურად გაერო-ს კვლევამ აჩვენა. ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს. ძალიან ბევრი ადამიანი ვერ ამოვიდა სიღარიბიდან. ოკუპირებული ტერიტორიების შემდეგ, ეს არის ჩვენი ქვეყნის პირველი გამოწვევა. აქედან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრმა ძალიან პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის გადადგომის ძირითადი მიზეზი ეკონომიკური საკითხებია და არა რუსთაველის გამზირზე ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენები.

"მოვლენებთან, რომელიც ტრაგიკული ფაქტის გამოყენებით "ნაციონალურმა მოძრაობამ" აწარმოა, პრემიერ-მინისტრის გადადგომას არ აქვს კავშირი. საუბარი იყო ბოლო პერიოდში ეკონომიკურ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის რეალურ გზებზე. სწორი პოლიტიკა იყო პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის პერიოდში, მაგრამ ახალი ენერგია არასდროს არის ცუდი. გუნდს ყოველთვის სჭირდება განახლება, ახალი სისხლი და ადეკვატური პასუხი იმ გამოწვევებზე, რომელიც ბოლო პერიოდში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა", - აღნიშნა მდინარაძემ.

პრემიერის გადადგომა მოულოდნელი აღმოჩნდა გია ვოლსკისთვის.

"პირადად მე ამ ეტაპზე სამთავრობო ცვლილებებს ნამდვილად არ ველოდი - ველოდი მთავრობის მოხსენებას, ანგარიშს გასატარებელ რეფორმებთან დაკავშირებით" - ამბობს ვოლსკი.

მისი თქმით, გუშინ გამართულ შეხვედრაზე საკმაოდ ბევრ პოზიტივთან ერთად, იყო კრიტიკაც, თუმცა “დღევანდელ სწრაფ გადაწყვეტილებას“ არ ელოდა. ვოლსკის ინფორმაციით, პრემიერი-მინისტრობის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები უახლოეს დღეებში გაიმართება.

"გუშინ სამთავრობო ცვლილებების საკითხი არ განხილულა. პრემიერ-მინისტრმა გადაწყვეტილება პირადი შეხედულებით მიიღო. გუშინ იყო განხილვა როგორც პოზიტივების, ასევე ნეგატივების თაობაზე, რაზეც საკმაოდ ღიად ვილაპარაკეთ. ვთქვით, რომ არის ბევრი პოზიტივი, მაგრამ არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ჩამორჩენები", - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები