ავტორი:

ვინ შეცვლის გიორგი კვირიკაშვილს და ვინ მიდის მთავრობიდან "სახლში"

ვინ შეცვლის გიორგი კვირიკაშვილს და ვინ მიდის მთავრობიდან "სახლში"

ვინ შეცვლის აწ უკვე ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, ოფიციალურად, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. მას შემდეგ რაც, კვირიკაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება 13 ივნისის საღამოს გააკეთა, ავტომატურად უფლებამოსილება შეუწყდა ყველა მინისტრს და მოვალეობის შემსრულებლად ითვლებიან.

კულუარებში მის შემცვლელად აქტიურად განიხილავენ რამდენიმე კანდიდატურას, უკვე მინისტრის მოვალეობის შემსრულებლებს - მაია ცქიტიშვილს, მამუკა ბახტაძეს და გიორგი გახარიას. ყველაზე მაღალ ფსონებს კი, ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელზე დებენ, მათ შორის პოლიტოლოგებიც და ამასთან დაკავშირებით საკუთარი არგუმენტებიც აქვთ.

კულუარული ინფორმაციით, ახალ მინისტრთა კაბინეტში მუშაობას აღარ გააგრძელებენ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი (რომლის გადადგომის მოთხოვნით ბოლო პერიოდში აქციაც გაიმართა), ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე.

ჯანელიძემ ამასთან დაკავშირებით მინიშნება უკვე გააკეთა კიდეც: "მე ჩემი გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, მაგრამ გუნდთან მექნება კონსულტაციები და ამის შემდეგ ვისაუბროთ", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა იმ კითხვის საპასუხოდ, აპირებს თუ არა თანამდებობის დატოვებას.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ წულუკიანს დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი შეცვლის, რასაც პარლამენტის ვიცე-სპიკერი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ასე გამოეხმაურა: "რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას ჩემთან დაკავშირებულ ცვლილებებზე, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მე ჩემს როლს და ადგილს პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის გაძლიერებაში ვხედავ", - დაწერა ჩუგოშვილმა.

პრემიერობის სავარაუდო კანდიდატები

36 წლის მამუკა ბახტაძე ფინანსთა მინისტრად გასული წლის ნოემბერში დაინიშნა. ის 1982 წელს თბილისში დაიბადა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები; ფლობს მ.ვ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს. 2010 წელს, INSEAD-ის ბიზნეს სკოლაში მიენიჭა MBA-ს კვალიფიკაცია. 2013 წლამდე მუშაობდა საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციაში, გენერალური დირექტორის თანამდებობაზე.

2017 წლის ნოემბერში, მისი ფინანსთა მინისტრის პოსტზე წარდგენისას, კვირიკაშვილმა ასე ისაუბრა ბახტაძეზე:

"მას აქვს ძალიან კარგი განათლება და გამოცდილება. აჩვენა კონკრეტული შედეგები "საქართველოს რკინიგზის" მართვის პირობებში. სწორედ ამ პერიოდში მოხდა "საქართველოს რკინიგზის" ინტეგრაცია აბრეშუმის გზის დერეფანში. დაიწყო ყურის ქვეყნებსა და შავი ზღვის დამაკავშირებელი ახალი სატრანზიტო დერეფნის შექმნაზე ძალიან აქტიური მუშაობა, მოხდა თანამედროვე მართვის სისტემების დანერგვა და ახალი თანამედროვე მოძრავი შემადგენლობის შემოყვანა. მამუკა ბახტაძე ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორია, მან ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მოიპოვა ინსეადის ცნობილ სკოლაში საფრანგეთში", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მაია ცქიტიშვილი მინისტრთა კაბინეტს 2018 წლის მარტში შეუერთდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე, მან ზურაბ ალავიძე შეცვალა. მინისტრის პოსტის დაკავებამდე, ცქიტიშვილი 2012 წლიდან მთავრობის კანცელარიის უფროსი იყო.

"ჩემთვის არ არის მარტივი ამ გადაწყვეტილების მიღება, რადგან ვფიქრობ, რთული იქნება ისეთი ადამიანის მოძებნა, რომელიც ასეთივე წარმატებით გაუძღვება იმ მოცულობის საქმეს, რომელსაც მთავრობის ადმინსიტრაციაში მაია ძალიან წარმატებით უძღვებოდა. მაგრამ რეგიონული განვითარების და ინფრაქტრუქტურის მინისტრის თანამადებობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მე მიწევს ამ გადაწყვეტილების მიღება. დარწმუნებული ვარ, მაია იქნებება ძალიან კარგი მინისტრი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მაია ცქიტიშვილის წარდგენისას. აღსანიშნავია რომ, ცქიტიშვილი 2005 წლიდან, შვიდი წლის განმავლობა მუშაობდა "ქართუ ჯგუფში" მაღალ თანამდებობებზე.

რაც შეეხება გიორგი გახარიას პროფესიულ გამოცდილებას, 2004-2008 წლებში ის იყო SFK Group-ის გენერალური დირექტორი. 2006 წლიდან 2009 წლამდე გახარია მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ბიოტექნოლოგიის მოწვეული ლექტორი გახლდათ. 2008 - 2013 წლებში იყო Lufthansa Service Holding AG. LSG, Frankfurt am Main, Germany GR & ბიზნესის განვითარების დირექტორი აღმოსავლეთ ევროპაში, დსთ-ს ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციაში. 2013 წლიდან 2016 წლებში საქართველოს ბიზნესომბუდსმენი, 2014 - 2016 წლებში ეკონომიკური საბჭოს მდივანი, შემდეგ კი ეკონომიკისა და შს მინისტრი.

პოლიტოლოგებს პრემიერ-მინისტრის გადადგომა არ გაკვირვებიათ, თუმცა სოსო ცინცაძეს დარჩა შთაბეჭდილება, რომ კვირიკაშვილიც მისი წინამორბედი ღარიბაშვილივით ივანიშვილზე ნაწყენია. სად გააგრძელებს აწ უკვე ყოფილი პრემიერი მოღვაწეობას, ამასთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება უჭირს.

"თუ ივანიშვილი ანგარიშს გაუწევს საერთაშორისო განწყობას, გენდერულ სიმპათია-ანთიპათიას, მაშინ უფრო ქალბატონს ვფიქრობ. მაგრამ თუ გაუწევს ანგარიშს, ვინ უფრო მეტ სიმტკიცეს გამოავლენს, მაშინ გახარიას. გახარიამ დაამტკიცა, რომ მას შეუძლია კრიზისული სიტუაციიდან ნაკლები დანაკარგებით გამოსვლა. რაც შეეხება ბახტაძეს მას ჯერ თავი არაფრით გამოურჩევია, გარდა იმისა, რომ თავის დროზე რკინიგზის შეფი იყო და ძალიან სერიოზული პრობლემები ჰქონდა. ბოლოს კი ერთი, ცოტა სკანდალური განცხადება გააკეთა, რომელიც ზოგისთვის მისაღები იყო და ზოგისთვის არა.

სამშაბათს, ისტორიულ შეხვედრაზე სწორედ ის იყო ვინც თამამად გააკრიტიკა ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრი. ეს უბრალოდ არ ხდება. როდესაც ჯერ კიდევ სავარძელში ზის თანამდებობის პირი, რაღაც დამატებითი მონაცემები უნდა გვქონდეს მის მომავალზე, რომ ასე გაბედული იყოს. ასე რომ, ამ მომენტების გათავლისწინებით დასკვნა საზოგადოებამ გამოიტანოს.

ცქიტიშვილს აქებენ როგორც კვალიფიცრებულ მენეჯერს, თუმცა საზოგადოება ნორმალურად არცერთ მათგანს არ იცნობს“ - უთხრა AMBEBI.GE-ს ცინცაძემ.

მისივე შეფასებით შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, ამიტომ ამ ცვლილებებისგან რაიმე პოზიტივს არ ელოდება. "მთელი ეშხი იმაშია, თუ რა შეიცვლება ამით?! თუ ვინმე ფიქრობს, რომ ახალი პრემიერი უცებ, რამდენიმე თვეში შეძლებს უმძიმესი ეკონომიკური ვითარების გარდატეხვას, ეს უბრალოდ უადგილო ფანტაზიაა.

რაც შეეხება კვირიკაშვილის მომავალს, ალბათ დაასაქმებენ, თუმცა არა მგონია ნარამანიასავით ფინანსურად დააწინაურონ, იქ სხვა რამეა საჭირო. ლოგიკური გათვლებით „ოცნებამ“ არა მგონია ეს ადამიანი პრეზიდენტობის კანდიდატად წარმოადგინოს“ - გვითხრა ცინცაძემ.

მისგან განსხავებით, პოლიტოლოგი ვალერიან გორგილაძე სამთავრობო ცვლილებებს პოზიტიურად უყურებს. კვირიკაშვილის შემცვლელად კი „ფსონებს“ მამუკა ბახტაძეზე დებს.

„დიდი ალბათობით კვირიკაშვილს ბახტაძე შეცვლის, იმიტომ, რომ „იუნესეფის“ კლევამ ძალიან უცნაური ვითარება დაადგინა - 5%-იანი ეკონომიკური ზრდაა, თუმცა ამასთანავე მატულობს სიღარიბის კოეფიციენტი. ეს გამოწვეულია იმ მახინჯი სისტემით, რომელიც ჩამოყალიბებულია საბანკო სექტორში. ჭარბვალიანობაა ქვეყანაში და ამ ვითარების შეცვლა ვის შეუძლია, თუ არა მამუკა ბახტაძეს?! დღეს პრიორიტეტი უნდა იყოს სწორი ეკონომიკური ვითარების წარმართვა და არა მაგალითად მართლწესრიგის დამყარება. სწორი რეფორმებია საჭირო და მკაცრი რეგულაციების გარეშე ეს შეუძლებელია.

ჩემი აზრით, კვირიკაშვილთან ერთად ალბათ, წავლენ მისი გუნდის წევრებიც, თითქმის დარწმუნებული ვარ ქუმსიშვილი, ჯანელიძე და გიორგაძე. რაც შეეხება ზოგადად მოლოდინს, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ქვეყანაში არის ეკონომიკური განვითარება, რომლის მუხრუჭად იქცა საბანკო სისტემა. ეს პრობლემა მოსაგვარებელი და დასაბალანსებელია, ამიტომ ამ ცვლილებას საკმაოდ პოზიტიურად ვუყურებ", - აღნიშნა ვალერიან გორგილაძემ.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, უმრავლესობა დღევანდელი სხდომის შემდეგ პრემიერობის კანდიდატად ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, მამუკა ბახტაძეს დაასახელებს. უმრავლესობის სხდომა დღეს, 17:00 საათზეა დანიშნული.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები