ავტორი:

რომელი სამინისტროები გაუქმდება და რას მოუტანს ქვეყანას მორიგი რესტრუქტურიზაცია?

რომელი სამინისტროები გაუქმდება და რას მოუტანს ქვეყანას მორიგი რესტრუქტურიზაცია?

მომავალი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების განხორციელებას 2-3 კვირაში დაიწყებს. მანამდე კი პარლამენტი მთავრობას ძველი შემადგენლობით დაამტკიცებს და პარალელურად, იმუშავებს საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომლებიც სამინისტროების რაოდენობის შემცირებას შეეხება.

სტრუქტურული ცვლილებების შედეგად სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება. ცვლილების თანახმად სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის სამინისტროების გაერთიანება იგეგმება. ასევე, შესაძლოა ერთ უწყებად ჩამოყალიბდეს ეკონომიკის, ფინანსთა და ინფასტრუქტურის სამინისტროებიც. ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ეწევა შერიგებისა და თანასწორობის სამინისტროს.

მამუკა ბახტაძის თქმით, მცირე მთავრობის კონცეფცია არ გულისხმობს მხოლოდ სამინისტროების რაოდენობის შემცირებას და რომ, მომავალში ეს საშუალებას მისცემს მთავრობას, მიმართოს საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხა - 100-120 მილიონი ლარი სხვა მნიშვნელოვან სოციალურ პროგრამებზე.

სამინისტროების რაოდენობის შემცირებას პოლიტიკური თვალსაზრით პოზიტიურად აფასებენ პოლიტოლოგები. თუმცა, რას მოგვცემს ეს ცვლილება ეკონომიკური კუთხით, ამაზე პროგნოზის გაკეთება უჭირთ.

"ძალიან ბევრი სამინისტრო გვაქვს და კარგს იზამენ თუ გააერთიანებენ. მაგალითად, შერიგების სამინისტრო, რომელსაც ყალბი პოლიტიკური დატვირთვა აქვს. შერიგება სამინისტროების დონეზე არ ხდება. შერიგება უნდა მოხდეს ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით, და არა სამინისტროს არსებობით. არჩილ ტატუნაშვილის ტრაგედიამ გამოავლინა შერიგების სამინისტროს უუნარობა და ნულოვანი მარგი ქმედების კოეფიციენტი. გამოირკვა, რომ შერიგების სამინისტროს არა თუ ოფიციალური შერიგება, არაოფიციალური კონტაქტებიც კი არ აქვს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებასთან.

ინფასტრუქტურისა და სასჯელაღსრულების სამინისტროების გაუქმებაც თავისუფლად შეიძლება. თავის დროზე ძალიან გულუხვად მრავლდებოდა ბიუროკრატიული უწყებები. ვფიქრობ, სასჯელაღსრულებას პირველ რიგში გაუქმებენ, მითუმეტეს გადაწყვეტილი აქვთ კახი კახიშვილის დანიშვნა გენერალურ პროკურორად. ასეთი სამინისტრო მთელ მსოფლიოში არ არის, ან 1-2 ქვეყანაშია. ჩვენნაირი ქვეყნისთვის 10-11 სამინისტრო მაქსიმუმი იქნება" - უთხრა AMBEBI.GE-ს ცინცაძემ.

მისი თქმით, ცვლილება თანამშრომლების შემცირებას აუცილებლად გამოიწვევს, სხვა ეკონომიკურ სარგებელს კი, არ ელოდება.

"ეკონომიკურად ეს ოპტიმიზაცია პირველ რიგში მოგვცემს იმას, რაც ზედაპირზე ჩანს ფინანსურ ეკონომიას, მაგრამ შემდეგ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რა პრინციპით მოხდება შერჩევა, ვის გაუშვებენ სახლში და ვის არა. უმუშევრების არმიას ნებისმიერ შემთხვევაში შეურთდება სამინისტროებიდან გაშვებული თანამშრმლების რიცხვიც, თუმცა ეს იქნება მასიურად თუ არა, ვერ გეტყვით“ - აღნიშნა ცინცაძემ.

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის თქმით, მმართველობითი კრიზისის აღმოფხვრა მცირერიცხოვანი მმართველობითი სისტემის ფორმირებით არის შესაძლებელი, რომელიც 2-ეტაპიანი უნდა იყოს.

„ზოგადად სამინისტროების რესტუქტურიზაცია მისასალმებელია, ბიოროკრატიული აპარატის სიდიდე და რაოდენობა ხშირ შემთხვევაში ეფექტურობის უკუპროპორციულია. ჩვენთან ჯერ კიდევ არის დარჩენილი ძალიან ბევრი ხელოვნურად შექმნილი სამინისტრო, ამიტომ ამ პროცესის ჩაშვება მისასალმებელია.

ეს რეფორმა არის ორეტაპიანი. პირველი - სამინისტროების შემცირება, რომელიც მართვას გაამარტივებს. გარდა ამისა, თვითონ სამინისტროების შიგნით არის სერიოზული ოპტიმიზაცია ჩასატარებელი. უნდა მუშაობდეს არა ცოტა ან ბევრი ადამიანი, არამედ ზუსტად იმდენი რამდენიც საჭიროა. მეორე ეტაპი - ცოტა რთული იქნება შიდა რეორგანიზაცია, ამიტომ ჩვენ გვჭირდება ისეთი სამთავრობო გუნდი, რომელსაც ექნება ზუსტი ხედვა.

ინფრასტრუქტურა და სასჯელაღსრულება არის არატრადიციული სამინისტროები. ამიტომ, მათი შერწყმა შესაბამის უწყებებთან სწორია. ჩვენ გვაქვს ასევე არატრადიციული სამინისტრო - შერიგების სამინისტრო და მისი ფუნქციების გადანაწილება არ იქნებოდა ცუდი და არაფერს დავკარგავდით. სამინისტროების რაოდენობასთან დაკავშირებით არის საერთაშორისო სტანდარტი ევროპაში საშუალოდ 10-12 სამინისტროა“ - გვითხრა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება ეკონომიკურ მხარეს, პოლიტოლოგის თქმით, მთავარი ხელფასების შემცირება არ არის. ბევრად მნიშვნელოვან საქმეს ირიბი ეკონომია აკეთებს. ოღონდ იქნება თუ არა ეს ეფექტური ამ მთავრობის პირობებში, უჭირს ოპტიმიზმის შენარჩუნება.

„ეკონომიკა აქ ხელფასებით არ იზომება. ზოგს მიაჩნია, რომ ეს იქნება მთავარი ეკონომიკური შედეგი, რაც ასე არ არის. თუ სამინისტროს ეფექტურობა იზრდება, ირიბ ეკონომიას აკეთებს ბევრად მნიშვნლოვანს, ვიდრე პირდაპირ ეკონომიას. ჩვენი ამოცანა სახელფასო ფონდის შემცირება კი არ უნდა იყოს, არამედ ეფექტური სისტემა, რომელმაც ქვეყანას შეიძლება ასეულობით მილიონი ლარი მოუტანოს, როგორც ეკონომიკური, ასევე დამატებითი შემოსავლის თვალსაზრისით. 1 და 2 მილიონ სახელფასო ფონდზე ლაპარაკი არასწორია. მთავარია ირიბი ეკონომიკური ეფექტი და არა პირდაპირი.

ამ ქვეყანაში ხშირად გატარებულა რეფორმა, ქამრების შემოჭერაც გვინახავს, თუმცა, არცერთს დიდი ეფექტი არ ჰქონია. ვიმედოვნებ, ამჯერად ყველაფერი წესრიგში იქნება“ - უთხრა AMBEBI.GE-ს ხუხაშვილმა.

ცნობისთვის სამინისტროების რაოდენობის შემცირება უკვე მეორედ იგეგმება. თავდაპირველად აღნიშნული ცვლილება გიორგი კვირიკაშვილმა გასულ წელს განახორციელა, რა დროსაც 19 სამინისტრო 14-მდე შეამცირა. მაშინ ერთმანეთს შეერწყა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროები, გაუქმდა ენერგეტიკის და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტრო. ასევე მოხდა კულტურის და სპორტის სამინისტროების გაერთიანება.

თიკო ოსმანოვა

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები