გაიცანით - "შალვოვნა"!

 გაიცანით - "შალვოვნა"!

ექიმ ოთარ ტატიშვილის, ანუ ირაკლი ჩხეიძის (მთავარი პერსონაჟი პოპულარული ტელესერიალიდან "შუა ქალაქში") სიდედრი, ქალბატონი მაია ადეიშვილი-სვანიშვილი პროფესიით ექიმია.

30 წელიწადია სასწრაფო დახმარების სამსახურში მუშაობს. როდესაც ახლოს გაიცნობთ, მიხვდებით, რომ "ის შალვოვნა" რეალური "შალვოვნასგან" ძალიან განსხვავდება. "გამიმართლა, უფრო სწორად, ოცნება ამიხდა. ორი არაჩვეულებრივი ქალიშვილი და უსაყვარლესი სიძეები მყავს. ჩვენ ერთი დიდი, ტკბილი ოჯახი ვართ. სურვილი მაქვს, ყველამ ერთად დიდ სახლში ვიცხოვროთ", - გაგვიმხილა ქალბატონმა მაიამ.

- ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე. სკოლის დამთავრების შემდეგ დედაქალაქში გადმოვედი საცხოვრებლად და სამედიცინო ინსტიტუტში ჩავაბარე. მე და ჩემი მომავალი მეუღლე ზაზა სვანიშვილი თანაკურსელები ვიყავით. ერთმანეთი ძალიან შეგვიყვარდა და სტუდენტობისას დავქორწინდით. სამწუხაროდ, 1991 წელს ზაზა 35 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.

ზაზა პროფესიით ნეიროქირურგი იყო. მალე 20 წელი გახდება, რაც მის გარეშე ვცხოვრობ. იმხანად ჩემი უფროსი გოგონა თიკა 14 წლის იყო, უმცროსი ნინიკო კი - 5 წლის. მას შემდეგ დედამთილთან ერთად ვცხოვრობ. მამამთილი კი 3 წლის წინ გარდაიცვალა. ერთიანი ძალისხმევით გავზარდეთ ჩემი გოგონები. დღეს თიკაც და ნინოც სტომატოლოგები არიან. მუშაობენ კარგ კლინიკებში და მიხარია, რომ საყვარელ საქმეს ემსახურებიან.

- გყავთ არაჩვეულებრივი სიძეები...

- ასეა. ოთარიც და დათოც (დელიბაშვილი) არაჩვეულებრივი პიროვნებები არიან. ოთარი ჩემი პირველი სიძეა. საერთოდ, შვილებთან ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა მქონდა და არასდროს არაფერს მიმალავდნენ. თუმცა როდესაც თიკამ ოთარი გამაცნო, არ ვიცოდი, ერთმანეთი თუ უყვარდათ.

- როგორ გაგაცნოთ თიკამ ოთარი?

- შინ მოიყვანა, როგორც ჩემი პაციენტი. მომეწონა, კარგი მოსაუბრე და სასიამოვნო პიროვნება ჩანდა.

- რა აწუხებდა ოთარს?

- (იცინის) ცოტა მოწყენილი იყო. მიზეზი ჰქონდა - ოთარს პირველი ოჯახი დაენგრა, მაგრამ იმ ქორწინებიდან ორი არაჩვეულებრივი ვაჟი ჰყავს. როდესაც ოთარი გავიცანი, ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. იმხანად ის 25 წლის იყო,. თიკა კი - 20 წლის.

- როგორ უმკურნალეთ თქვენს მოწყენილ მომავალ სასიძოს?

- გოგონები მეგობრის დაბადების დღეზე მიდიოდნენ და ვურჩიე, თან წაეყვანათ, მოწყენილია და ცოტა გაამხიარულეთ-მეთქი.

- როდესაც გაიგეთ მათი სიყვარულის ამბავი, როგორი რეაქცია გქონდათ?

- ისეთი, როგორიც ნებისმიერ მშობელს ექნებოდა. შევეწინააღმდეგე, თუმცა მალე, მხარი დავუჭირე მათ სიყვარულს. 

- ოთარისა და თიკას ქალიშვილი ვის ჰგავს?

- ნანი 12 წლისაა. ფიზიკურად ორივეს ჰგავს, ხასიათით - ოთარს.

- მეორე სიძეც ექიმი გყავთ...

- დიახ, დათო დელიბაშვილი წარმატებული, ნიჭიერი და დიიიიდი ადამიანია. ცარიელი სული და გულია. დათო და ოთარი, ვიდრე ქვისლები გახდებოდნენ, მანამდეც მეგობრობდნენ. დათო თბილი ადამიანია. თითქოს გულში გიზის, უსიტყვოდ ხვდება, ვის რა სჭირდება.

- როგორი "შალვოვნა" ხართ?

- სიძეებთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ორივეს ძალიან უყვარს ჩემთან სტუმრობა. ყოველთვის ვცდილობ,  რაიმე გემრიელი დავახვედრო. ისინიც მიქებენ ნახელავს. თუმცა, ალბათ, ამჩნევთ, ოთარმა როგორ დაიკლო წონაში. დათო კი მარხულობს და ამჯერად მათმა უჭმელობამ ჩემი კულინარიული ფანტაზიები ჩაახშო (იცინის).

- ოთარი ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია. თქვენც ხომ არ შეგაყვარათ სპორტის ეს სახეობა?

- ოთარი მართლაც ფეხბურთის მოტრფიალეა, დათო კი, ვინც კარგად თამაშობს, იმას გულშემატკივრობს. ახლახან ოთარი "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" იყო მიწვეული საფეხბურთო მიმოხილვაში. ყურადღებით მოვუსმინე ამ გადაცემას და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საოცარი მეხსიერება აქვს.

იმხელა ინფორმაციას ფლობს ფეხბურთის შესახებ, აღფრთოვანება ვერ დავმალე და დავურეკე. ოთარს 35-ე საფეხბურთო სკოლა აქვს დამთავრებული. მისი კლასელები იყვნენ  ლევან კობიაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი და სხვა ფეხბურთელები,  ამიტომაც გიჟდება ფეხბურთზე.  სხვათა შორის, ოთარის რეცენზენტი ვარ. ყოველთვის აინტერესებს ჩემი აზრი ყველაფერზე.

- მამათქვენს რა ჰქვია?

- ოთარი (იცინის). რეალურად "შალვოვნა" კი არა, "ოთაროვნა" ვარ. შვილიშვილს ვეხუმრები, ორივე "ოთაროვნები" ვართ-მეთქი.

- ირაკლი ჩხეიძეს "შალვოვნა" დიდად არ ეხატება გულზე..

- ოთარს "ოთაროვნა", ანუ მე, გულზე ნამდვილად ვეხატები. ირაკლის კი იმიტომ არ ეხატება "შალვოვნა" გულზე, რომ მის საოჯახო საქმეებში ზედმეტად ყოფს ცხვირს. ასეთი სიდედრი ნამდვილად არავის მოეწონება. ოთარმა ბოლო რამდენიმე სერიაში ისე კარგად ითამაშა, აღფრთოვანება ვერ დავმალე, დავურეკე და ვუთხარი, ნამდვილი ლოურენს ოლივიე ხარ-მეთქი. ასეა, ქათინაურებს არ ვაკლებ.

- "შალვოვნამ" შვილს მზითვში მაცივარი გაატანა...

- მე შვილისთვის მაცივარი არ მიჩუქებია. ჩემს სიძეებს თუ რამეს ვაჩუქებ, ძალიან წუხდებიან. ორივე ხათრიანი ბიჭია. იმიტომ არიან ასეთი კარგები, რომ კარგ ოჯახებში არიან გაზრდილები. ორივე მხრიდან არაჩვეულებრივი მძახლები მყავს.

- როდესაც შეიტყობენ, რომ ოთარ ტატიშვილის სიდედრი ხართ, რას ამბობენ?

- მიღიმიან. გული არ უთმენთ და მეკითხებიან, თქვენ "შალვოვნა" არ ხართო?

- ოთარს თქვენზე თუ აქვს რაიმე სადღეგრძელო მოფიქრებული?

- განსაკუთრებული არაფერი. ისე, ორივე სიძე არაჩვეულებრივი თამადაა. ერთ რამედ ღირს მათთან ერთად მოლხენა. სუფრას შემოქმედებითად, საინტერესოდ, ინტელექტუალურად უძღვებიან. მგონია, სპექტაკლში ვთამაშობ. არადა, სმის მოყვარულები არ არიან. მხოლოდ კარგ ღვინოს სვამენ, თავიანთ დაწურულს.

- სერიალის სხვა მონაწილეებს თუ იცნობთ?

- მხოლოდ მაიკო დობორჯგინიძეს, რომელიც ჩემი უმცროსი შვილის ნათლიაა. სერიალის წყალობით ძალიან დამეგობრდნენ ოთარი, გოგა ბარბაქაძე და ბაჩო ქაჯაია. სხვათა შორის, ბაჩოს სიმამრი გია გურგენიძე ჩემი თანამშრომელი იყო, სერიალის სხვა წევრებს ახლოს არ ვიცნობ, თუმცა შორიდან ბევრი რამ ვიცი მათ შესახებ. ძალიან მინდა, ერთხელ, ოჯახურ გარემოში შევკრიბო ყველა და მათთან ერთად მოვილხინო.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"