მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი სახე იქნება - რომელ მინისტრებს ჩაანაცვლებენ მოადგილეები

მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი სახე იქნება - რომელ მინისტრებს ჩაანაცვლებენ მოადგილეები

დღეს პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. რეგლამენტის თანახმად, დღეს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მინისტრობის 14 კანდიდატის პროგრამას მოუსმენენ: საპარლამენტო კომიტეტები, ფრაქციები, საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა. დღის ბოლოს კი ბიუროს სხდომა გაიმართება, რომელზეც ხვალინდელი რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგზე იმსჯელებენ.

მთავრობის შემადგენლობა ნდობის მისაღებად პარლამენტს ოფიციალურად გუშინ წარედგინა. მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობაში მინისტრობის სამი ახალი კანდიდატია.

კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე წარდგენილია დავით ზალკალიანი, ფინანსთა მინისტრად - ნიკოლოზ გაგუა, ხოლო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე – გიორგი ჩერქეზიშვილი. ზალკალიანი, ჩერქეზიშვილი და გაგუა შესაბამის უწყებებში აქამდე მინისტრის მოადგილეების პოსტებს იკავებდნენ. დანარჩენი ყველა უწყების ხელმძღვანელად წარდგენილია ძველი მინისტრი.

დავით ზალკალიანის თქმით, მიხეილ ჯანელიძე მინისტრის თანამდებობიდან პირადი გადაწყვეტილებით წავიდა.

"მე მხოლოდ შემიძლია ვთქვა, რომ მასთან ორწელიწად-ნახევარი ვიმუშავე და გვქონდა ხელშესახები შედეგები საგარეო პოლიტიკური მიმართულებით. მინდა მას წარმატება ვუსურვო შემდგომ საქმიანობაში“, - განუცხადა ჟურნალისტებს ზალკალიანმა.

ამასთან, კითხვაზე, დარჩება თუ არა ის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ხანგრძლივი ვადით, ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ეს პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტი საკითხია. მისივე თქმით, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი და პრიორიტეტი არის ქართველი ხალხის არჩევანი, ის გამყარებულია კონსტიტუციით და პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციით და ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება.

გუშინ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ სტრუქტურული ცვლილებების შედეგად სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება. მისი თქმით, ეს რეფორმა, რომელიც სამთავრობო პროგრამის ნაწილია, საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს.

„უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს ახალ მთავრობას და მის პროგრამას. ჩვენს მიერ დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებში, სამინისტროების რაოდენობა დღეს არსებული 14-დან 11-მდე შემცირდება“, - განაცხადა ბახტაძემ და დასძინა, რომ ცვლილებები 6 სამინისტროს შეეხება. ცვლილების თანახმად სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის სამინისტროების გაერთიანება იგეგმება. ასევე, შესაძლოა ერთ უწყებად ჩამოყალიბდეს ეკონომიკის, ფინანსთა და ინფასტრუქტურის სამინისტროებიც. ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ეწევა შერიგებისა და თანასწორობის სამინისტროს.

20 ივნისს გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს. ხოლო, უახლოეს სამ კვირაში პარლამენტს წარედგინება სტრუქტურულად და პერსონალურად შეცვლილი მთავრობის შემადგენლობა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები