"მარაზმია, რაც ხდება აქ" - თინა ბოკუჩავას და ზაზა გაბუნიას დაპირისპირება პარლამენტში

"მარაზმია, რაც ხდება აქ" - თინა ბოკუჩავას და ზაზა გაბუნიას დაპირისპირება პარლამენტში

ხის გადატანა და პოლიციელის მკვლელობა აბსოლუტურად არავითარ კავშირში არ არის ერთმანეთთან, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას განცხადების საპასუხოდ განაცხადა. ზაზა გაბუნიამ ბოკუჩავას განცხადებას ამაზრზენი ტყუილი უწოდა.

„ამაზრზენი ტყულია ის რაც ქალბატონი ბოკუჩავას მხრიდან ცოტა ხნის წინ იქნა ნათქვამი ამ დარბაზში. პოლიციელის მკვლელობის დანაშაული, თინა ბოკუჩავამ, „ნაციონალური მოძრაობის“ სტილში, ფაბრიკაციის და დეზინფორმაციის გზით, უსინდისო ტყუილის გამოყენებით დაუკავშირა ხის გადატანის პროცესს, რაც არის უსინდისო ტყუილი. ბრალდება არის დაუსაბუთებელი. ხის გადატანა და პოლიციელის მკვლელობა აბსოლუტურად არავითარ კავშირში არ არის ერთმანეთთან და ამ დანაშაულში ბრალდებული კონკრეტული პირი დაკავებულია. ეს არის ის უსინდისო ტყუილი, რომლის საშუალებითაც ქალბატონი ბოკუჩავა ცდილობდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

ბოკუჩავამ სიცრუეში თავად ზაზა გაბუნია დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მას კრიტიკული კითხვების დასასმელად ორ კომიტეტს შორის სიარული უწევს.

„მიწევს ორ კომიტეტს შორის სიარული, იმისთვის რომ შევძლო სათანადო კითხვების დასმა. ძალიან სამწუხაროა თუ თქვენ არ თვლით მნიშვნელოვნად, რომ ოპოზიციის ხმა ისმოდეს, თუნდაც ასეთი მცირე წარმომადგენლობით, თქვენს სხდომებზე. იმიტომ რომ არავინ არსად არ იპარება, ჩვენ გვინდა წარმოვადგინოთ იმ ხალხის ხმა, რომელიც არ ემხრობა თქვენს პოლიტიკას და რომელიც ოპოზიციურად არის განწყობილი თქვენ მიმართ“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

დეპუტატმა მარაზმი უწოდა იმ მოვლენებს, რაც პარლამენტში ვითარდება და აღნიშნა, რომ ორკვირიან მთავრობას საკანონმდებლო ორგანო ფორსირებულად ამტკიცებს.

„რაც შეეხება იმ ბრალდებებს, რომელიც ბატონმა ზაზამ, სრულიად ურცხვად გააკეთა, როდესაც მე დატოვებული მქონდა დარბაზი და შესაბამისად, არ მექნებოდა იმის შესაძლებლობა, რომ მისთვის გამეცა პასუხი და იმ შეურაცხყოფას, რომელიც გაისმა ამ დარბაზში, ეს არის ზუსტად სირცხვილი და სიცრუე. ბატონო ზაზა ასეთი სიცრუით თქვენ ხართ „ქართული ოცნების“ სახე, იმ მარაზმისა რაც ხდება აქ, რომ ორკვირიან მთავრობას გვამტკიცებინებთ სრულიად ფორსირებულ რეჟიმში, სადაც ელემენტარულად კითხვების დასმის საშუალებას არ გვაძლევთ და ხორხოცებთ. ძალიან ვწუხვარ, რომ ამ უმრავლესობაში ერთი დეპუტატიც კი არ გამოიძებნა, რომელიც დაიცავს ამ პარლამენტის და თქვენს პირად ღირსებას, როგორც დეპუტატების. მონობა არ არის პარლამენტარის დავალება და ამოსავალი წერტილი. ჩემი ფიზიკური აქ არ ყოფნა არ გიშველით იმაში, რომ თქვენ ტყუილები ილაპარაკოთ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ქობულეთში, სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსი მოკლეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებთ, პოლიციის უფროსი ხის გადატანის პროცესს აკვირდებოდა. თავად მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ დანის გამოყენებას პოლიციელის შეშინების მიზნით ცდილობდა და შემთხვევის დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მისივე განცხადებით, პოლიციელ ბუტა ანთაძესთან წლების განმავლობაში უთანხმოება ჰქონდა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები