ავტორი:

არიან თუ არა ნამყოფი ჯარში ქართველი დეპუტატები - "ვიხვეწებოდი წაყვანას, თუმცა როგორც დედისერთა არ წამიყვანეს..."

არიან თუ არა ნამყოფი ჯარში ქართველი დეპუტატები - "ვიხვეწებოდი წაყვანას, თუმცა როგორც დედისერთა არ წამიყვანეს..."

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ მინისტრობის კანდიდატების წარდგენისას, ლევან იზორიას მიმართა და დეპუტატების სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის სურვილი გამოთქვა.

„დეპუტატებს გვაქვს სურვილი, რომ გარკვეული პერიოდი ჯარისკაცების ცხოვრებით ვიცხოვროთ, მათთან ერთად გავიაროთ წვრთნა და მომზადება და მივცეთ მაგალითი ჩვენს შვილებს, რომ შეიარაღებულ ძალებში სამსახური დიდი პატივია. ველით თქვენს თანხმობას ამასთან დაკავშირებით“, - მიმართა თალაკვაძემ თავდაცვის მინისტრს.

AMBEBI.GE დაინტერესდა, არიან თუ არა ქართველი დეპუტატები ჯარში ნამყოფი. როგორც ჩვენს მიერ ჩატარებულმა მცირე კვლევამ აჩვენა, „ქართული ოცნების“ დეპუტატების 90%-ს სავალდებულო სამხედრო სამსახური გავლილი არ აქვს. ხოლო კონკრეტულად ვის რა სამხედრო უნარ-ჩვევები აქვს შეძენილი, ამას თავად დეპუტატებისგან შეიტყობთ.

კახა ოქრიაშვილი, უმრავლესობის დეპუტატი:

უნივერსიტეტში სწავლის დროს 2-თვიანი სამხედრო კათედრა გავიარე ბათუმში და მივიღე სამედიცინო ლეიტენატის წოდება. სხვათა შორის, ძალიან მომწონდა ეს სწავლების პერიოდი. ახლა რეზერვისტებში დიდი სიამოვნებით ჩავეწერებოდი და წელიწადში ორი კვირით წავიდოდი.

ზაზა ხუციშვილი, უმრავლესობის დეპუტატი:

ჯარში ნამყოფი არ ვარ. პოლიტექნიკური ინსტიტუტი დავამთავრე, სადაც სამხედრო კათედრა გავიარე და 40-დღიან წვრთნებზე ვიყავი ახალქალაქში.

აკაკი ზოიძე, უმრავლესობის დეპუტატი:

ჯარში ნამყოფი არ ვარ. სამედიცინო უნივერსიტეტში ვსწავლობდი და მაშინ სტუდენტებს არ იწვევდნენ. მისი დამთავრების შემდეგ ჯარი აღარ იყო. მაშინ საბჭოთა კავშირის დრო იყო და ჯარი კი არა, ქვეყანაც აღარ იყო.

სიმონ ნოზაძე, მაჟორიტარი დეპუტატი:

სამხედრო კათედრაზე ვსწალობდი და შემდეგ 2-თვიანი შეკრება გავიარე, სადაც გვასწავლეს და მოგვამზადეს ლეიტენატებად. ასევე გავლილი მაქვს უშიშროების 6-თვიანი უმაღლესი კურსი. მიუხედავად იმისა, რომ ორთვიანი შეკრება ზაფხულში აზერბაიჯანში გავიარე და თაკარა მზის ქვეშ ვცხოვრობდით, მაინც კარგად მახსენდება. ბევრნი ვიყავით, თუმცა ძალიან მობილიზებული და შეკრულები ვიყავით. კვება არ ვარგოდა, მაგრამ მოტივირებულები ვიყავით ჩვენი საქმე გვესწავლა. ასე, რომ ცოტა ყველაფერი ვიცოდით. ტაქტიკური მომზადება, რა სტარეგიული ამოცანები დგას ჯარის წინაშე, ასევე ვისწავლეთ როგორ უნდა უზრუნველვყოთ ფრონტების და არმიების კავშირი.

ზაქარია ქუცნაშვილი, უმრავლესობის დეპუტატი:

როგორც თადარიგის ოფიცერი „ზბორებზე“ ვარ ნამყოფი. როცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობდი, მაშინ გვამზადებდნენ თადარიგის ოფიცრებად და გავდიოდით სპეციალურ სწავლებას სამხედროში. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო იყო და ვფიქრობ ყველა მამაკაცი ასე თვლის. საინტერესოა იმ უნარების და ჩვევების დაუფლება, რაც უნდა ჰქონდეს ყველა მეომარ მამაკაცს.

მამუკა მდინარაძე, უმრავლესობის დეპუტატი:

ჯარში არ ვარ ნამყოფი. სტუდენტობის დროს უნივერსიტეტში სამხედრო კათედრა იყო და ეს კათედრა გავიარე. ერთთვიანი სამხედრო მომზადებით ჩავაბარე გამოცდა და თადარიგის ოფიცრის წოდება მივიღე. როგორც მახსოვს, რამდენიმე დღის შემდეგ ეს ჩინი გაუქმდა და სხვა წოდება მიენიჭა. არ დაგიმალავთ, არ იყო ეს ის სამხედრო მომზადება, რაც საჭიროა. ნაკლები პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ მაშინ ამას. ასე რომ, არ იყო ის, რაც უნდა ყოფილიყო. ეს გართობის საშუალებად იყო ქცეული, თუმცა ელემენტარული რაღაც მაინც ვისწავლე.

თენგიზ გუნავა, საპარლამენტო უმცირესობა, "ნაციონალური მოძრაობა":

არ ვარ ჯარში ნამყოფი. ვიხვეწებოდი წაყვანას, თუმცა დედისერთების წაყვანას მაშინ კანონი კრძალავდა და შესაბამისად, მე როგორც დედისერთა, არ წამიყვანეს.

ირაკლი აბესაძე, საპარლამენტო უმცირესობა, "ნაციონალური მოძრაობა":

სავალდებულო სამხედრო სამსახური გავლილი არ მაქვს, თუმცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამხედრო კათედრა გავიარე. ეს იყო 2002-2003 წლები.

რომან კაკულია, უმრავლესობის დეპუტატი:

პოლიტექნიკური უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, მაშინ იყო ერთთვიანი სწავლებები, რომლითაც თადარიგის ოფიცრის წოდება მომენიჭა. აზერბაიჯანში გავიარე ეს კათედრა.

არჩილ თალაკვაძე, უმრავლესობის დეპუტატი:

სამხედრო სამსახურის ვალდებულება მოხდილი მაქვს კანონის თანახმად, სამხედრო სამედიცინო მიმართულებით. ასევე სპეცმომზადება მაქვს გავლილი და ვარ პოლიციის პოლკოვნიკი. ემსახურო შენი ქვეყნის შეიარაღებულ ჯარებს, არის დიდი პატივი.

გიორგი ხატიძე, უმრავლესობის დეპუტატი:

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი დავამთავრე. შესაბამისად, სასწავლო კურსის ფარგლებში დამთავრებული მაქვს სამხედრო კათედრა და გავლილი მაქვს სამხედრო შეკრება. ამ პერიოდში, როცა ვსწავლობდით შესაბამისი წოდება მაქვს მონიჭებული. შემდეგ 3 წლის განმავლობაში ვმუშაობდი უშიშროების სამსახურში, ამიტომ სამხედრო მიმართულება გავლილი მაქვს შესაბამისი სავალდებულო კომპონენტით.

ყოველთვის ვცდილობდი, რომ ის ვალდებულებები, რაც იყო სწავლასთან დაკავშირებით, წარმატებით შემესრულებინა. ასევე იყო სამხედრო კათედრასთან დაკავშირებით.

ირაკლი აბუსერიძე, უმრავლესობის დეპუტატი:

სამხედრო კათედრა და ერთთვიანი შეკრება მაქვს გავლილი. ყოველ წელს რაღაცეები იხვეწება და ჩემ დროს რაც იყო, წარმატებით გავლილი და შესაბამისი სამხედრო წოდებაც მიღებული მაქვს. ახლა ყველაფერი სხვანაირადაა, თუმცა იმ პერიოდში, რაც მომიწია, ის გავლილი მაქვს.

ანა დოლიძემ, ალეკო ელისაშვილმა და ლევან კობერიძემ ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს

ქალი, რომელმაც ყოფილ სტუდენტზე იქორწინა და დღეს ოფიციალურად მილიონერი დეპუტატია - ნატო ჩხეიძის უცნობი ცხოვრება

LIVE "ნიუსრუმიდან" - თინა ხიდაშელი, ნაზი ჯანეზაშვილი