ლუსიო: “ჩვენთვის, პორტუგალიის დაცვის “შენგრევა” პრობლემა არ იქნება”

ლუსიო: “ჩვენთვის, პორტუგალიის დაცვის “შენგრევა” პრობლემა არ იქნება”

მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყების წინ, G ჯგუფი, სადაც ბრაზილია და პორტუგალია მოხვდნენ, “სიკვდილისად” მონათლეს. ტურნირის მსვლელობისას ორივე ნაკრებმა აჩვენა, რომ მათთვის მუნდიალის ფავორიტობის სტატუსი, ტყუილუბრალოდ არ მიუნიჭებიათ.

ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, სწორედ აღნიშნულ გუნდებს მოუწევთ გარკვევა, რომელი გავა 1\8-ფინალში პირველი ადგილიდან. მომავალი შეხვედრა არა მხოლოდ ჯგუფურ ეტაპზე, არამედ ტურნირზეც ერთ-ერთ ცენტრალურად არის მიჩნეული და ბუნებრივია, მის მიმართ ყურადღება ძალიან დიდია. თამაშამდე, “პენტაკამპეონების”  კაპიტანმა ლუსიომ, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. 

- პორტუგალიელებს, მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯერ გოლი არ გაუშვიათ...

- ტაქტიკურ მეცადინეობებზე ამის შესახებ უკვე ვისაუბრეთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენთვის პორტუგალიის დაცვის “შენგრევა” პრობლემა არ იქნება. მთავარია, დაცვიდან  შეტევაში სწრაფად გადავიდეთ, რაზეც ბოლო თამაშებში ბევრს ვმუშაობთ.

- კრიშტიანუ რონალდუს შეჩერებას როგორ აპირებთ?

- ის, უდავოდ უდიდესი მოთამაშეა. თუმცა, პორტუგალიელებს შეტევაში სახიფათო შემსრულებლები კრიშტიანუს გარეშეც ჰყოფნით. პირველყოვლისა, იმაზე უნდა ვიფიქროთ, ისინი მთელი ძალებით როგორ შემოგვიტევენ და არა ინდივიდუალურად.

- ბევრი სპეციალისტი, ამ მსოფლიოს ჩემპიონატს ლათინოამერიკულად მიიჩნევს. თქვენი აზრით, ბრაზილიის, როგორც სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთ წარმომადგენლის პროგრესი, რაში გამოიხატება?

- მართალი ხართ, სამხრეთ ამერიკის წარმომადგენლები ჯერჯერობით მართლაც საუცხოოდ გამოდიან. ჩვენი კოზირები ყველასთვის ცნობილია – მოკლე სწრაფი პასი, უზადო ტექნიკა და დაცვიდან შეტევაში სწრაფი გადასვლა.

- მუნდიალზე აფრიკული ნაკრებების “ჩავარდნას”, როგორ შეაფასებთ?

- მათ ისე ითამაშეს, როგორც შეუძლიათ. ამიტომ, არაა საჭირო საუბარი, რომ აფრიკელები “ჩავარდნენ”. მათგან, ჯერჯერობით, ყველაზე კარგი შთაბეჭდილება განელებმა დატოვეს. თუმცა არამგონია, ისინი ტურნირის მსვლელობისას უფრო შორს წავიდნენ. 

- თვლით, რომ კაკა, წითელი ბარათის მიღებისას, კოტდივუარელი ფეხბურთელების პროვოკაციის მსხვერპლი გახდა?

-კაკას დიდი ხანია ვიცნობ და კარგად ვიცი რამდენად ძლიერად უყვარს ფეხბურთი. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ მას, კოტდივუარის ნაკრების ფეხბურთელისთვის ხელი განზრახ არ მოუქნევია. მითუმეტეს, მოედანზე სხვადასხვა ეროვნების ფეხბურთელები სპეციალურ შეურაცმხყოფელ სიტყვებს იყენებენ, რომელიც ნებისმიერი ადამიანისთვის გასაგებია. ამიტომ, ჩემი აზრით, კაკა პროვოკაციაზე “წამოაგეს”.  

- მაშინ, როგორც კაპიტანმა, ის რატომ არ დაიცავით?

- ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ვერ მოვასწარი მსაჯისთვის ამეხსნა სინამდვილეში რა მოხდა. ძალიან საწყენია, რომ გადამწყვეტ შეხვედრაში თამაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის გარეშე მოგვიწევს.  

- პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში სამი ნატურალიზირებული ბრაზილიელი ითამაშებს. თანამემამულეების წინააღმდეგ ორთაბრძოლაში შესვლა, ხომ არ გაგიჭირდებათ?

- ჩემთვის სულერთია. საკუთარ სამუშაოს ვასრულებ, ჩვენს ნაკრებს მიმდინარე ტურნირზე უმაღლესი ამოცანები აქვს დასახულია. ამიტომ, მნიშვნელობა არ აქვს ვის დავამარცხებ და ფეხებში ვის “ჩავუხტები”. 

- რას ფიქრობთ ფიფას მიერ სათამაშო ფორმის ქვეშ ჩასაცმელ მაისურებზე რელიგიური წარწერების აკრძალვის თაობაზე?

- ამ გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. პირადად მე, როდესაც გამარჯვებისკენ მივისწრაფვი, ყოველთვის უფალს ვეყრდნობი. თუმცა, ფიფა სერიოზული ორგანიზაციაა, მის გადაწყვეტილებას გაგებით უნდა მოვეკიდოთ.

”მსოფლიო სპორტი”

საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე

რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო