“იტალიის ნაკრები სახლში წასვლას იმსახურებდა” - იტალიის ნაკრების გულშემატკივრებისთვის ამ საშინლად მოსასმენ სიტყვებს მათი მეტოქე გუნდის ქომაგი კი არა თვით “სკუადრა აძურას” თილისმად ქცეული ჯანლუიჯი ბუფონი ამბობს.
“ეს სწორიცაა, რომ შინ ვბრუნდებით - სლოვაკეთთან ავადმოსაგონარი მატჩის შემდეგ უთქვამს კარიერის მსვლელობაშივე ლეგენდად ქცეულ მეკარეს - სლოვაკეთი და ახალი ზელანდია, ის გუნდები არიან, რომლებიც პატივისცემას ნამდვილად იმსახურებენ, მაგრამ მეტს არაფერს. თუ ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი ნაკრები ასეთი გუნდების ძლევას ვერ ახერხებს, მაშინ ის სახლში წასვლის ღირსია.
” აი ასეთ კრიტიკულ აზრზე დგას ბუფონი, ვისაც ეს მუნდიალი ტრავმის გამო პრაქტიკულად სრულად გაუცდა. ალბათ დიდწილად მისი და ანდრეა პირლოს არყოფნის ბრალიც იყო იტალიის არცთუ დამაჯერებელი თამაში. მსოფლიოს აწ უკვე ყოფილმა ჩემპიონებმა ტიტულის დაცვა ჯგუფურ ეტაპზევე დაასრულეს, სადაც ორი ფრის გარდა ვერაფერი მოინადირეს.
რაც შეეხება ბუფონის ზურგის ტრავმას, უკვე გადაწყვეტილია, რომ ის მელევე გაიკეთებს ოპერაციას და ექიმთა ვარაუდით დაახლოებით სამ თვეში ისევ ჩადგება კარებში.