იგეგმება თუ არა სამინისტროებიდან ადამიანების გაშვება - ზვიად ძიძიგურის კომენტარი

იგეგმება თუ არა სამინისტროებიდან ადამიანების გაშვება - ზვიად ძიძიგურის კომენტარი

სამინისტროებიდან ადამიანების გაშვება არ იგეგმება, ვინაიდან არ იგეგმება ფუნქციების შემცირება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზვიად ძიძიგურის განმარტებით, რეორგანიზაციის მხრივ საუბარია იმაზე, რომ ფუნქციები, რომელიც სამინისტროებს გააჩნიათ, სწრაფად უნდა განხორციელდეს, ვინაიდან მოქალაქეებმა სრულყოფილი სერვისი მიიღონ. აქედან გამომდინარე, მისი თქმით, რეორგანიზაციის გამო ადამიანური რესურსის შემცირება დაგეგმილი არ არის.

„ყველა სამინისტრის თავის ფუნქცია გააჩნია. პირობითად ვამბობ, არის 14 სამინისტრო და არის 30 მსხვილი ფუნქცია, რომელსაც ეს სამინისტროები ასრულებენ. 11 სამინისტროს შემთხვევაში ეს 30 ფუნქცია კვლავ რჩება. ეს ფუნქციები არსად არ მიდის და ყველას თავისი მომსახურება სჭირდება. ასე რომ, სამინისტროებიდან ადამიანების გაშვება არ იგეგმება, ვინაიდან არ იგეგმება ფუნქციების შემცირება. ეს ფუნქციები უნდა განხორციელდეს. საუბარია იმაზე, რომ ფუნქციები განხორციელდეს უფრო სწრაფად და მთავრობა გახდეს უფრო მობილური, ვიდრე იყო", - განაცხადა ძიძიგურმა.

რაც შეეხება 120 მილიონის დაზოგვას, რომელზეც პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ისაუბრა, ზვიად ძიძიგურის განმარტებით, თანხების დაზოგვა არა რეორგანიზაციის შედეგად, არამედ ეკონომიკური ზრდის მეშვეობით მოხდება.

„120 მილიონის გამოთავისუფლება მოხდება ეკონომიკური ზრდიდან. გეტყვით, რომ ყოველწლიურად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა საკმაოდ სოლიდურად იზრდება თანხებში გამოხატული თვალსაზრისით. ეკონომიკური ზრდიდან შემოსული შემოსავლები, რაზეც პრემიერმა ისაუბრა, მიმართული იქნება სოციალური მიმართულებით, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ სოციალურად მეტად უზრუნველყოფილნი“, - განაცხადა ძიძიგურმა.

რაც შეეხება იმას, რომელი სამინისტროების შერწყმა მოხდება, ზვიად ძიძიგურის განმარტებით, ამაზე ვერაფერს იტყვის, ვინაიდან მიმდინარე კონსულტაციები ჯერ დასრულებული არ არის.

"ეს კონსულტაციები სავარაუდოდ, დასრულდება ორ-სამ დღეში. შემდეგ უკვე პარლამენტს თავის რეგულაციები აქვს. თუკი პარლამენტში ხუთშაბათს, დღის მეორე ნახევარში შემოვა რეორგანიზაციის შესახებ ახალი კანონის პროექტი, ეს არ იქნება ერთი კანონი და ეს შეეხება ბევრ კანონს, პრაქტიკულად კანონთა პაკეტი იქნება. ასეთ შემთხვევაში პარლამენტის ბიუროს ექნება შესაძლებლობა, რომ ორშაბათს უკვე კომიტეტებზე გადაანაწილოს და დაიწყოს განხილვა. ვფიქრობ, ამ საკითხის ხუთშაბათისთვის პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტში შემოსვლა მოხდება", - განაცხადა ძიძიგურმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები