თორნიკე შენგელია ერთ-ერთი იმ პერსპექტიულ კალათბურთელთაგანია, რომელზედაც ქართველი გულშემატკივრები დიდ იმედს ამყარებენ. ცნობილი ქართველი კალათბურთელის, კახაბერ შენგელიას ვაჟი, თორნიკე შენგელია, 16 წლისაც არ იყო, როცა “ვალენსიამ” (ესპანეთი) აიყვანა.
მალე თორნიკე, “ვალენსიას” ძირითადი შემადგენლობის წევრი გახდა. მართალია, ჯერჯერობით მოედანზე ყოფნა დიდხანს არ უწევს, მაგრამ ევროპის ერთ-ერთი პრესტიჟული პრიზის, “ევროპის თასის” მფლობელი გახდა, რომელიც 2009-2010 წლების საკალათბურთო სეზონში “ვალენსიამ” მოიპოვა.
თორნიკე შენგელიას წარმატება შეუმჩნეველი არ დარჩენიათ საქართველოს ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელებს და იგი ქვეყნის უპირველეს გუნდში მიიწვიეს. თორნიკე პარალელურად საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების წევრიცაა და გუნდთან ერთად, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის ემზადება, რომელსაც 14 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით, ავსტრიის ორი ქალაქი, გესინგი და ობერვარტი უმასპინძლებს.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს 2 აგვისტოს იწყებს, თორნიკეს შეუძლია 20-წლამდელების გარდა, ეროვნულ ნაკრებშიც იასპარეზოს.
- ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში ხართ მიწვეული, 20-წლამდელებში თამაში რატომ გადაწყვიტეთ? უფრო პრესტიჟული ეროვნულ ნაკრებში თამაში არაა?
- 20-წლამდელთა ნაკრებში თამაში იმას არ ნიშნავს, რომ ეროვნულში ასპარეზობაზე უარი ვთქვი. ყველაზე პრესტიჟული ეროვნულ ნაკრებში თამაშია და მისი წევრობის კანდიდატებიდან 12 კალათბურთელს შორის თუ მოვხვდი, იქაც ვითამაშებ. რა თქმა უნდა, თუ მათამაშეს.
- რას ჰქვია თუ გათამაშეს? 12 საუკეთესო კალათბურთელს შორის თუ მოხვდით, კიდეც უნდა გათამაშონ...
- წესით უნდა მათამაშონ, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ მათამაშებენ. შარშან ეროვნული ნაკრების საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე წრის 4 შეხვედრაში საერთოდ არ გავსულვარ მოედანზე. ჩემთვის, როგორც ახალგაზრდა კალათბურთელისთვის (19 წელი მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს უსრულდება-რედ.), სათამაშო კლასის ამაღლების მიზნით, საჭიროა რაც შეიძლება მეტ მატჩებში მონაწილეობის მიღება. ამიტომ გადავწყვიტე 20-წლამდელთა ნაკრებში თამაში, რათა მთლიანობაში ბევრი მატჩის ჩატარება მომიწიოს.
- შარშან რატომ არ გიწევდათ თამაში ეროვნულ ნაკრებში?
- უმჯობესია ეს კითხვა ნაკრების მთავარ მწვრთნელ იგორ კოკოშკოვს დაუსვათ.
- მე თქვენი აზრი მაინტერესებს...
- ალბათ იმიტომ, რომ ნაკრებში ყველაზე ახალგაზრდა და გამოუცდელი ვარ. არის მეორე ვარიანტიც: იმისთვის, რომ ნახევარფინალში ჩერნოგორიის ძლიერ ნაკრებს არ შევხვედროდით, საჭირო იყო თითოეულ შეხვედრაში ბოლომდე ბრძოლა, რაც შეიძლება დიდი ანგარიშით გამარჯვება და კონკურენტებზე უკეთესი ბურთების სხვაობის დაგროვება. ალბათ, ამიტომ ენდობოდა კოკოშკოვი ბოლომდე ნაკრების გამოცდილ კალათბურთელებს.
- ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობაზე ნაწყენი ხართ?
- კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ მე თამაში მინდა. იმიტომაც ვთამაშობ 20-წლამდელთა ნაკრებში, რათა ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობას დავანახო, რომ გუნდში სიმბოლურად ყოფნას კი არა, თამაშს ვიმსახურებ. მოყვარულ კალათბურთელად დარჩენას მე არ ვაპირებ – პროფესიონალი მინდა გავხდე.
- სამწუხაროდ, თქვენ არც “ვალენსიას” დიდ გუნდში გიწევთ მოედანზე დიდხანს ყოფნა...
- ესპანეთში ძირითადად “ება” ლიგაში მოასპარეზე “ვალენსია-ბასკეტის” წევრად ვითვლები, სადაც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ვარ და 30-35 წუთი მიწევს მოედანზე ყოფნა.
- შარშან თქვენ გუნდის გამოცვლასა და “მონტე გრანაროში” (იტალია) გადასვლას აპირებდით. კარიერა მაინც “ვალენსიაში” გააგრძელეთ. რატომ თქვით იტალიურ კლუბზე უარი?
- “მონტე გრანაროს” გარდა, სხვა გუნდებიც განიხილება, მაგრამ ყველაზე უკეთესი პირობები “ვალენსიამ” შემომთავაზა და გუნდთან ახალი კონტრაქტი გავაფორმე.
- “ვალენსიასთან” კონტრაქტის გაგრძელებას ისევ აპირებთ?
- მინიმუმ ერთი წელი “ვალენსიას” კუთვნილება ვარ. შემდეგ გადავხედავ და კარიერას იმ კლუბში გავაგრძელებ, რომელიც სხვებზე უკეთეს პირობებს შემომთავაზებს.
- “ვალენსიაში” თქვენს გარდა კიდევ ერთი ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი, გიორგი შარაბიძე (207 სმ) თამაშობს, რომელსაც სეზონის დასრულების შემდეგ კონტრაქტი დაუმთავრდა. ხომ არ იცით შარაბიძე კარიერას სად გააგრძელებს?
- გიორგის ორიოდე დღის წინ დავურეკე და ახალი კლუბის შესახებ არაფერი უთქვამს.
- ამბობთ, რომ ძლიერ პროფესიონალად უნდა ჩამოვყალიბდეო. “ვალენსიას” შემდეგ რომელ გუნდში თამაშს ისურვებდი?
- ძალიან მომწონს ნბა-ში მოასპარეზე “ოკლაჰომა სიტი”, რომელიც ძირითადად ახალგაზრდა კალათბურთელებით არის დაკომპლექტებული. ვისურვებდი, რომ კარიერა ამ კლუბში გავაგრძელო.
- ევროპული კლუბებიდან რომელს გამოარჩევდით?
- ევროპაში ყველაზე ძლიერი ლიგა ესპანელებს აქვთ, სადაც ვთამაშობ კიდეც. კლუბებიდან ჩემს გემოვნებაში არავინ ჯდება.
- კალათბურთელებიდან ვის ანიჭებთ უპირატესობას?
- ძალიან მომწონს კევინ დურანტი (“ოკლაჰომა”-რედ).
- დავუბრუნდეთ ქართულ კალათბურთს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე მოასპარეზე საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების შესახებ როგორ აფასებთ?
- მინიმუმ მომდევნო ეტაპის საგზური უნდა მოვიპოვოთ, სადაც ჯგუფის 4 წევრიდან 3 გუნდი გადის. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.
- ეროვნული ნაკრების მეტოქეებზე რას გვეტყვით?
- ჩვენი ჯგუფი იმდენად თანაბარი ძალის გუნდებით არის დაკომპლექტებული, რომ თითოეულ მათგანს შეუძლია ევროპის ჩემპიონატის ფინალური საგზურის მოპოვება.
- მამათქვენი, კახა შენგელია, ერთ-ერთი იმ სპორტსმენთაგანია, რომელიც საქართველოში პოპულარობით სარგებლობს. კალათბურთით თქვენი დაინტერესება მამათქვენის პოპულარობამ განაპირობა თუ სპორტის ამ სახეობისადმი თქვენმა სიყვარულმა?
- ორივემ ერთად, როგორც მამაჩემის პოპულარობამ, ისე კალათბურთისადმი ჩემმა სიყვარულმა.
- მამათქვენი, ჯერჯერობით, თქვენზე ორი სანტიმეტრით მაღალია (208 სმ), რომელიც ცენტრში თამაშობდა. თქვენ რომელ ნომერს თამაშობთ?
- სადაც მწვრთნელი დამაყენებს, ყველგან შემიძლია ვითამაშო.
- კალათბურთის გარდა სპორტის რომელ სახეობას გამოარჩევდით?
- არაუშავს ამერიკულ ფეხბურთს. ჩემი ყველაზე საყვარელი სპორტი მაინც კალათბურთია.
- ევროპულ ფეხბურთზე რას გვეტყვით, რომელშიც ამჟამად მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს და თითქმის ყველა ამ ტურნირის შესახებ საუბრობს?
- მე მათ რიცხვს არ განვეკუთვნები და ძირითადად კალათბურთით ვარ დაკავებული. თუ დრო დამრჩა, ინგლისის ნაკრებსა და “ჩელსის” ვქომაგობ.
- რამდენ უცხო ენას ფლობთ?
- ქართულთან ერთად ვსაუბრობ ინგლისურ და ესპანურ ენებზე. რაც შეეხება რუსულს, მესმის, მაგრამ, საუბარი მიჭირს.
- კალათბურთის გარდა სხვა პროფესიის დაუფლებას ხომ არ აპირებთ?
- ვაპირებ უმაღლესში ჩაბარებას, მაგრამ პროფესია ჯერ არ შემირჩევია.