სპორტის გულშემატკივრებს, რომლებსაც სურთ ოლიმპიადა 2012-ის ბილეთები პლასტიკური ბარათებით შეიძინონ, ამის გაკეთება მხოლოდ Visa-ს გადახდის სისტემის ბარათებით შეეძლებათ. ასეთია პირობა სპონსორული შეთანხმებისა, რომელიც კომპანია Visa-სა და ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორთა შორის გაფორმდა.
ამასთან, მხოლოდ Visa-ს მფლობელებს შეეძლებათ ოლიმპიური სოფლის მაღაზიებში ვაჭრობა, ან ბანკომატებიდან თანხის ხელზე აღება.
უსამართლო კონკურენციასთან ბრძოლის ბრიტანული კომიტეტი უკვე დაინტერესდა ამ შეთანხმებით და მასში ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობასთან შეუსაბამო მუხლებს ეძებს.
ლონდონის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლის თქმით, აღნიშნული შეთანხმება სავსებით ნორმალურია: "Visa ლონდონის თამაშების ოფიციალური გადახდის სისტემაა, ზუსტად ისე, როგორც ეს 2008 წელს პეკინში და წელს ვანკუვერში იყო. Visa უკვე 24 წელია, რაც ჩვენი მთავარი პარტნიორია და ამ შემთხვევაში ახალი არაფერია".
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.