რომელი სამინისტროები გაუქმდა სტრუქტურული ცვლილებების შედეგად - პრემიერის ბრიფინგი

რომელი სამინისტროები გაუქმდა სტრუქტურული ცვლილებების შედეგად - პრემიერის ბრიფინგი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სტრუქტურული ცვლილებები წარადგინა. როგორც ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სტრუქტურული ცვლილებების შედეგად დარჩება 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

მამუკა ბახტაძის მიერ დაანონსებული სტრუქტურული ცვლილებები ასეთია:

  • კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეერწყმება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
  • სასჯელაღსრულების სამინისტრო შეერწყმება იუსტიციის სამინისტროს
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება და მისი უწყებები გადანაწილდება სამ სხვადასხვა უწყებაზე: დევნილთათვის განსახლების მიმართულება გადავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მიგრაციის კომპონენტს შსს შეითავსებს, ხოლო სოციალური პოლიტიკა შეუერთდება ჯანდაცვის სამინისტროს.
  • გარდა ამისა, რელიგიის სააგენტო შეუერთდება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს
  • ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი გადავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში

მამუკა ბახტაძის თქმით, სტრუქტურული ოპტიმიზაციის კვალდაკვალ შემცირდება სამთავრობო ხარჯები.

„დარწმუნებული ვარ, ამ ცვლილებებით ჩვენ დასაბამს მივცემთ მცირე მთავრობის კონცეფციის განხორციელებას, რადგან სწორედ ასეთი მთავრობის ყოლა შედის დღეს ჩვენი ხალხის ინტერესებში. რასაკვირველია, სტრუქტურული ოპტიმიზაციის კვალდაკვალ შემცირდება სამთავრობო ხარჯები და ის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ეტაპობრივად ჩამოვა 3,9 პროცენტზე. ჩვენთვის სწორედ ეს ნიშნული - 3,9 პროცენტი იქნება ის მაქსიმუმი ზედა ჭერი, რითიც უნდა ვიხელმძღვანელოთ. ბიუროკრატიაზე დაზოგილი ხარჯები კი სხვადასხვა ინიციატივების სახით სახელმწიფო ბიუჯეტის წყაროს ანუ ისევ ჩვენს საზოგადოებას მოხმარდება.

ამ სტრუქტურული რეფორმის განსახორციელებლად მთავრობა დღესვე მიმართავს საქართველოს პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით.

ესაა ჩვენი ხედვა და ეს ხედვა თანხვედრაშია ჩვენი საზოგადოების დაკვეთასთან, რომ ქვეყანას სჭირდება მცირე ბიუროკრატია. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ვხარჯოთ იმაზე მეტი მმართველობაზე, ვიდრე დღეს არის საჭირო ჩვენი ქვეყნისთვის, იმ გამოწვევებისთვის, რაც დღეს არსებობს ჩვენი ეკონომიკის წინაშე.

დარწმუნებული ვარ, რომ მცირე მთავრობის კონცეფციის დანერგვის შემდეგ ჩვენ მივიღებთ სრულიად ახალ მოცემულობას, სადაც სამთავრობო უწყებები ორიენტირებული იქნებიან კონკრეტულ შედეგებზე და ამას თითოეული მოქალაქე იგრძნობს,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

იხილეთ ვიდეო: 10 მინისტრი და 1 სახელმწიფო მინისტრი - პრემიერმა სტრუქტურული რეფორმა გაასაჯაროვა

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები