არიან თუ არა გარდაცვლილები "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში"? - უმცირესობისა და უმრავლესობის კომენტარები

არიან თუ არა გარდაცვლილები "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში"? - უმცირესობისა და უმრავლესობის კომენტარები

ეს სია გაფართოვდება, დაიხვეწება და მასში ყველა ჯალათი აუცილებლად მოხვდება, - ამის შესახებ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან“ დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მისი თქმით, სიაში შეყვანილ ყველა ადამიანს ბრალი ედება უმძიმეს დანაშაულებებში.

„სიაში არის 33 ადამიანი და ყველა მათგანს ბრალი ედება უმძიმეს დანაშაულებებში საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ეს არის სია, რომელიც აუცილებლად გაფართოვდება. სამართალდამცველი ორგანოები 24 საათი მუშაობენ ამ თემაზე. არა მარტო უშუალო შემსრულებლები, არამედ ამ სიაში მოხვდებიან ის ადამიანებიც, რომლებიც დამნაშავეებს ხელი დააფარეს. ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც ქართულმა სახელმწიფომ გადადგა ამ მიმართულებით. ეს სია გაფართოვდება, დაიხვეწება და მასში ყველა ჯალათი აუცილებლად მოხვდება“, - განაცხადა ბახტაძემ.

როგორც ვიცე-სპიკერმა, „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, მთავრობის მიერ შედგენილი “ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიაში შეყვანილი რამდენიმე ადამიანი გარდაცვლილია, რაც სიის მიმართ ხელისუფლების არასერიოზულ დამოკიდებულებაზე მეტყველებს.

იქნებ მასწავლოთ, როგორ უნდა ავუაროთ გვერდი იმ ფაქტს, რომ მთავრობის მიერ შედგენილ “ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიაში“ დიდი ხნის წინ გარდაცვლილი პირები აღმოჩნდნენ - იქნებ გამაგებინოთ, როგორ შეიძლება გარდაცვლილ ადამიანებზე რაიმე სახის სანქციები განხორციელდეს, - აღნიშნული განცხადებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წარმომადგენლებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა მიმართა.

ნადირაშვილის შეფასებით, უწყება, რომელიც სიის შედგენაზე იყო პასუხისმგებელი, პასუხისმგებლობას გულგრილად მიუდგა, ის პარლამენტში უნდა მივიდეს და ახსნას, რატომ არ მოხვდნენ სიაში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები და როგორ მოხვდნენ გარდაცვლილი პირები.

“ოთხოზირია-ტატუნაშვილის სიის“ იდეა თავიდანვე პრევენციული იყო. ეს იყო შესაძლებლობა იმისა, შეგვექმნა ეფექტური მექანიზმი ოკუპაციის ხაზის გასწვრივ რუსეთის და საოკუპაციო რეჟიმის თავხედური ქმედებების შესაჩერებლად - ისეთი ქმედებების შესაჩერებლად, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა. იმ ჩამონათვალით და იმ სახელებითა და გვარებით, რომლითაც სია მთავრობამ შემოგვთავაზა, პრევენციულობის არსი დაიკარგა. ხელისუფლების მიერ “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ რუსეთის ფედერაციის არც ერთი მოქალაქე შეყვანილი არ არის - კერძოდ, „ფე-ეს-ბეს“ ადგილზე არსებული “გრუს“ და ზოგადად, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები. მე არ ვსაუბრობ ამ სიაში რუსი პოლიტიკოსების შეყვანაზე. ეს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის ჩარჩოებს სცილდება. ვსაუბრობ სიაში რუსეთის იმ მოქალაქეების შეყვანაზე, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებენ და ხშირ შემთხვევაში, ან თვითონ არიან დანაშაულის ჩამდენი ან ხელს აფარებენ დანაშაულის ჩამდენ პირებს. სწორედ ამ ადამიანების შეყვანა იქნებოდა ეფექტური “ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიაში“, - განაცხადა ნადირაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

თუ დადასტურდება, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ მყოფი რამდენიმე ადამიანი ცოცხალი არ არის, ეს იქნება ძალიან დიდი მინუსი და არაკომპეტენტურობა სიის შემდგენლის, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ყველა ელოდება ამ სიის გამოქვეყნებას.

"მისი კრიტიკა შეიძლება და აუცილებელიცაა. კარგია რომ სია გამოქვეყნდა. სიაში არის აფხაზური და ოსური გვარები, მაგრამ არ მინახავს რუსული გვარები, თუმცა შესაძლოა, იყოს აფხაზი ან ოსი, რომელსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვს. თუ ამ სიაში არიან დაღუპულები, ძალიან ცუდი ნიშანი იქნება. თუ დადასტურდება, რომ სიაში მყოფი რამდენიმე ადამიანი ცოცხალი არ არის, ეს იქნება ძალიან დიდი მინუსი და არაკომპეტენტურობა სიის შემდგენელის", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, ეს სია არის პრევენციული და ყველა მიხვდება, რომ მათ არ გაუვათ ასეთი ამაზრზენი და უტიფარი მკვლელობები.

"მე ეჭვი მეპარება, რომ სიაში მყოფი ადამიანების უმრავლესობა მოხვდეს უცხოეთში, რადგან ეცოდინებათ, რომ მათზე ინტერპოლი ახორციელებს ძებნას. რუსეთში კი არ დააპატიმრებენ და ამაზე ორი აზრი არ არსებობს. თავის დროზე, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, როდესაც ათობით ადამიანი იღუპებოდა, ასეთი სია, რომ შექმნილიყო, ოთხოზორიაც, ბაშარულიც და ტატუნაშვილიც ცოცხალი იქნებოდა. ეს სია არის პრევენციული სია და ყველა მიხვდება, რომ მათ არ გაუვათ ასეთი ამაზრზენი და უტიფარი მკვლელობები. ამ სიის ძალა არის პრევენციაში", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი სიის შესაძლო მინუსებზეც საუბრობს.

"სიას მინუსიც აქვს. დავუშვათ სიის რომელიმე წევრი ინტერპოლმა დააკავა. თუ ვერ დავამტკიცეთ, რომ ეს ადამიანი არის მკვლელი და თუ გათავისუფლდა, მაშინ მიიღებს პირველ სერიოზულ დარტყმას ეს სია. ამ შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ სია არის ხელოვნურად შექმნილი და პოლიტიკურად ანგაჟირებული", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ასე უპასუხა: "ეს ის ოპოზიციაა, რომელიც 33 ადამიანისგან შემდგარ სიაში მხოლოდ ორს ხედავს და 31 ადამიანს ვერა - ეს აჩვენებს, თუ რაზე არიან ეს ადამიანები ორიენტირებული".

თალაკვაძის განმარტებით, საქართველოს მთავრობას სიაში შეყვანილი პირების გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოფიციალური ცნობები არ მიუღია.

„ჩვენი მხრიდან ცალმხრივად იმის ჩათვლა, რომ ეს ადამიანები გარდაცვლილები არიან, იურიდიულად სწორი არ არის," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რაც შეეხება აღნიშნულ სიას ზოგადად, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიას არავითარი კავშირი არ აქვს აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებ საზოგადოებასთან, ოჯახებთან და იმ ურთიერთობებთან, რომელიც ქართველებს აფხაზ და ოს ძმებთან აქვს.

"საკითხის ინტერპრეტაცია არასწორია და უსარგებლო მცდელობაა. ჩვენ სამშვიდობო ინიციატივებს გავაგრძელებთ. რაც შეეხება კრიმინალებსა და დანაშაულის ჩამდენ პირებს, ისინი მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებიან. სია დახურული არ არის, მასში, შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს - შესაძლოა, სხვა გვარებიც დაემატოს მას შემდეგ, რაც ტატუნაშვილის მკვლელობაში მონაწილე სხვა პირებს ბრალი წარედგინებათ. ჩვენთვის პრინციპული იყო როგორც ოთხოზორიას, ასევე ტატუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული, ბრალდებული და შესაძლო მონაწილე პირები ყოფილიყვნენ სიაში შეყვანილი და ასეცაა გაკეთებული. თუ აფხაზეთიდან ან ცხინვალიდან სერიოზულ მონაცემებს მივიღებთ, სიის ცვლილებას სერიოზულად განვიხილავთ“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

როგორც ცნობილია, მთავრობამ გუშინდელ სხდომაზე „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ დაამტკიცა, რომელშიც 33 პირისგან შედგება.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები