ახალი საბავშვო ტარიფი "იანდექს ტაქსისგან" - რას სთავაზობს კომპანია ბავშვიან ოჯახებს

ახალი საბავშვო ტარიფი "იანდექს ტაქსისგან" - რას სთავაზობს კომპანია ბავშვიან ოჯახებს

რამდენიმე დღის წინ კომპანია „Yandex.Taxi“-მა თბილისელ მომხმარებლებს შესთავაზა ახალი ტარიფი „საბავშვო“, რომელიც განსაკუთრებულ ინტერესს გამოიწვევს მათ შორის, ვისაც ხშირად უწევს მცირეწლოვან შვილებთან ერთად მგზავრობა.

დაწვრილებით ახალი ტარიფის შესახებ და კომპანიის სხვა გეგმებზე ჩვენ საქართველოში „Yandex.Taxi“-ის რეგიონალურ დირექტორს თეიმურაზ ხმელიძეს ვესაუბრეთ.

27 ივნისს ჩვენ გავუშვით ახალი ტარიფი, სახელწოდებით - „საბავშვო“. ამ ტარიფით გამოძახების შემთხვევაში კლიენტთან მივა Toyota Prius-ის მარკის ავტომობილი, რომელიც აღჭურვილი იქნება საბავშვო სკამით. აღნიშნული საბავშვო სკამი (Moni Armor და Moni Ares) წარმოებულია ევროპელი მწარმოებლის მიერ და შეესაბამება ევროპული უსაფრთხოების სტანდარტს (ECE-R44/04), მათ შორის გავლილი აქვს სიმულირებული ავარიის ტესტები. ასევე ჩვენ გადავამზადეთ იმ მანქანების მძღოლები, რომლებიც აღჭურვილია საბავშვო სკამებით.

- არსებობს თუ არა ქართულ ბაზარზე ასეთი ტარიფის ანალოგები?

- ამ ეტაპზე საქართველოში ასეთი სერვისის ანალოგები არ არსებობს, ეს უნიკალური შეთავაზებაა ქართველი მომხმარებლებისთვის.

- ალბათ, კლიენტებს მოეწონებათ ასეთი სიახლე, ვინაიდან ბავშვების უსაფრთხოება ყველა მშობლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ჩვენ სტანდარტებისა და კანონის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე ვსაუბრობთ. თქვენი კომპანიის მიერ კლიენტებს შორის გამოკითხვა ხომ არ ჩატარებულა, რამდენად მოთხოვნადი იქნება ეს ტარიფი?

- პრინციპში, ჩვენ ამ იდეამდე მომხმარებლების თხოვნის გამო მივედით, ვინაიდან ბევრი მომხმარებელი, როდესაც თვითონ არ სცალიათ, შვილებს სკოლაში ან საბავშვო ბაღში ტაქსით აგზავნის. ზოგიერთი მომხმარებელი ითხოვდა, რომ შეგვეთავაზებინა მათთვის ასეთი სერვისი, რათა გაზრდილიყო ბავშვის უსაფრთხოება. სამწუხაროდ, ბავშვის შემთხვევაში ფატალური შედეგი შეიძლება დადგეს უმნიშვნელო ავარიის დროსაც, ვინაიდან ბავშვის კუნთოვანი სისტემა და ძვლები არ არის იმ დონეზე გამაგრებული, რომ მან თავი შეიკავოს შეჯახების დროს. საქსტატის სტატისტიკის მიხედვით, შარშან, 2017 წელს, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად საქართველოში 23 ბავშვი გარდაიცვალა. საბავშვო სკამი ავარიების შემთხვევაში ბავშვის სიკვდილიანობას 3-4-ჯერ ამცირებს.

- საქართველოში ჩატარებული გამოკითხვების შედეგების მიხედვით, სპეციალური სკამებით ბავშვები გამოკითხული მძღოლების მხოლოდ 6%-ს გადაჰყავს. ხომ არ აპირებთ სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად საბავშვო სკამის გამოყენების პოპულარიზაციის მიზნით საინფორმაციო კამპანიის გამართვას?

- მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, შესაბამისი სამაგრი მოწყობილობების გარეშე 3 წლამდე ბავშვის გადაყვანა აკრძალულია. თუმცა, ეს კანონი არც თუ ისე ხშირად სრულდება. იმედია, ამ ტარიფის შემოღებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით ამ პროცესში საკუთარ წვლილს ჩვენც შევიტანთ.

- გადავიდეთ კომპანიის სხვა საქმიანობაზე. ხომ არ გეგმავს „Yandex.Taxi“ თბილისის, ბათუმისა და რუსთავის გარდა სხვა ქალაქებში შესვლას?

- უახლოეს მომავალში ჩვენ რამდენიმე ქალაქში შესვლას ვაპირებთ, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული ქალაქები არ შეგვირჩევია. გარდა ამისა, იგეგმება კორპორაციული სერვისის გაშვებას, რის შემდეგაც ჩვენ შევძლებთ მოვემსახუროთ არა მხოლოდ საცალო მომხმარებელს, არამედ იურიდიულ პირებსაც.

- კიდევ რა სიახლეებია კომპანიის საქმიანობაში?

- რამდენიმე თვის წინ ჩვენ ჩავრთეთ პლასტიკური ბარათების საშუალებით გადახდის სერვისი, რომელიც დიდი წარმატებით სარგებლობს. ჯერჯერობით ამ ეტაპზე სხვა სიახლეებზე მუშაობა არ მიმდინარეობს. უფრო მასშტაბური ცვლილებები და სიახლეები, შემდეგ წელს განხორციელდება.

- რომ გავიხსენოთ ის ინციდენტი, რომელიც „Yandex“-ის რუკებთან დაკავშირებით მოხდა, როდესაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელი სახელმწიფოების სახით იყო ნაჩვენები. თუ შეგიძლიათ მკითხველს ამ ინციდენტზე მოუყვეთ და გვითხრათ, როგორ მოგვარდა საკითხი?

- ეს ცოტა კომპლექსური საკითხია. საქმე ისაა, რომ „Yandex.Taxi“ არის საერთაშორისო კომპანია, რომლის სათაო ოფისი ჰოლანდიაში, ქალაქ ამსტერდამში, მდებარეობს. „Yandex.Taxi“ მუშაობს 11 ქვეყანაში, მათ შორის ევროპის ქვეყნებში (ესტონეთი, ლატვია, სერბეთი..) Yandex.Taxi-ს, როგორც საერთაშორისო კომპანიას, საკუთარი პოლიტიკური პოზიცია არ გაგვაჩნია. ნებისმიერ ქვეყანაში იგი იცავს და პატივს სცემს იმ ქვეყნის კანონმდებლობას და ოფიციალურ პოლიტიკურ პოზიციას, სადაც მუშაობს.

ახლა ჩვენ რომ შევიდეთ „Yandex.Taxi“-ის აპლიკაციაში და გავხსნათ რუკა, დავინახავთ, რომ კონფლიქტური რეგიონები არის საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში. ანალოგიური შედეგი გვექნება, თუ ვნახავთ საქართველოს რუკას მაგალითად, უკრაინიდან ან ესტონეთიდან. ვინაიდან რუსეთის ფედერაცია ამ რეგიონებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მიიჩნევს, რუსი მომხმარებელი ხედავს რუკას ისე, როგორც ამას მისი ქვეყანა აღიარებს. რაც შეეხება ინციდენტს, ვიღაც გადავიდა რუსი მომხმარებლისთვის განკუთვნილ რუკაზე და მას დახვდა ისეთი რუკა, როგორიც რუსეთის ოფიციალურ პოლიტიკას შეესაბამება.

როგორც უკვე ავღნიშნე, „Yandex.Taxi“, როგორც საერთაშორისო კომპანია, არცერთ მხარეს არ ემხრობა და საკუთარი პოლიტიკური პოზიცია არ აქვს, ყველა ქვეყანაში მუშაობს იმ კანონმდებლობის და იმ პოზიციის შესაბამისად, რა პოზიციაც აქვს კონკრეტულ ქვეყანას.

- რას იტყვით ქართულ ბაზარზე მუშაობის შესახებ. რა უპირატესობები და ნაკლოვანებები არსებობს ბიზნესის კუთხით იმ ქვეყნებთან შედარებით, სადაც ასევე მუშაობს „Yandex.Taxi“?

- ყველა ქვეყანა, სადაც „Yandex.Taxi“ მუშაობს, ერთმანეთისგან განსხვავდება მთელი რიგ საკითხებში, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, ტაქსის გამოყენების კულტურა, მომხმარებლის მენტალიტეტის და ა.შ. ამიტომ ჩვენი კომპანია ცდილობს ყველგან ადაპტაცია მოახდინოს. საქართველოს „Yandex.Taxi“ განსაკუთრებული სირთულეების წინაშე არ დამდგარა. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ მისაღები ფასი და სერვისის მიწოდების მოკლე დრო.

- რაში გამოიხატება „Yandex.Taxi“-ს უპირატესობა ბაზარზე მოქმედ სხვა კომპანიებთან შედარებით?

- საერთოდ, ტაქსის ბაზარი საქართველოში არის ძალიან კონკურენტული. აქ მუშაობს რამდენიმე ათეული კომპანია, როგორც საცალო, ასევე კორპორაციულ სექტორში. ამას ემატება ქუჩის ტაქსი, რომელიც რეალურად ყველაზე დიდი მოთამაშეა და ყველაზე დიდი საბაზრო წილი უკავია.

რაც შეეხება ჩვენს უპირატესობას, ეს არის მომხმარებლისთვის მისაღები ფასი. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში ჩვენ დავხვეწეთ მომსახურება და მაქსიმალურად შევამცირეთ მანქანის მიწოდების დრო. თუ ადრე მანქანის მისვლას სჭირდებოდა საშუალოდ 6 წუთი, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეს მაჩვენებელი ორჯერ შემცირდა და 3 წუთი შეადგინა.

მესამე ფაქტორია პლასტიკური ბარათით გადახდა, რომელიც ძალიან ბევრი კლიენტისთვის მოსახერხებელია - მათ აღარ უწევთ ხურდის მოძიება, შემდეგ ხურდის ლოდინი. მომხმარებელი მიდის დანიშნულების პუნქტამდე და ტაქსიდან, როგორც საკუთარი მანქანიდან, ისე გადადის და არ უწევს დანარჩენზე ფიქრი.

ესაუბრა ედუარდ სააკიანი

(R)

როგორ მოვამზადოთ ბავშვი სკოლისთვის 35 ლარად? – სიახლეები, რომელიც „ბიბლუსში“ გელოდებათ

Yandex გახდა Yandex Go

“თეგეტა მოტორსში” მომხმარებელს გადახდილი თანხის 30% უკან დაუბრუნდება