თამთა ჯანჯღავას ადვოკატი - ირაკლი ნოზაძესთან კონფლიქტის მოტივი ვალი იყო

თამთა ჯანჯღავას ადვოკატი - ირაკლი ნოზაძესთან კონფლიქტის მოტივი ვალი იყო

მომღერალ ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის, თამთა ჯანჯღავას ადვოკატის მტკიცებით, საქმეში ბევრი ბუნდოვანებაა, რომელიც ერთი შეხედვითაც ჩანს.

როგორც ადვოკატმა ავთანდილ ბუაძემ აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი ოფიციალურად განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, რასაც ჯანჯღავა არ ეთანხმება. მისივე თქმით, ბრალდებული ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, კონფლიქტის მოტივი ვალი გახდა.

"რაც ამ ეტაპზე შევძელი თვალი გადამევლო, მოტივი საქმეში ბუნდოვანია. საქმე საკმაოდ მოცულობითია და ბევრი შეუსაბამობაა, რაც ერთი თვალის გადავლებით შეიმჩნევა. დაცვის მხარის მიერ ყველაფერი გაკეთდება, რომ თამთა ჯანჯღავა განზრახ მკვლელობის მცდელობაში გამართლდეს. ის არ აღიარებს ბრალს ამ ფორმულირებით და დუმილის უფლებას იყენებს. როგორც ამჟამად ვიცით, კონფლიქტის მიზეზი არის ვალი. რისი ვალია და რა წარმოშობის ვალია, ამას შემდეგ დავადგენთ", - განაცხადა ბუაძემ.

კითხვაზე: გამორიცხავს თუ არა ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ვალს, ადვოკატი ამბობს, რომ "არაფრის გამორიცხვა აქ არ შეიძლება". ავთანდილ ბუაძის თქმით, ამ ეტაპზე გამოძიების მთავარი მტკიცებულება ის კადრებია, რომელიც მიმდებარე სათვალთვალო კამერებითაა გადაღებული.

"დანაშაულის იარაღი ნაპოვნი არაა და გამოძიებას არ აქვს ამოღებული. მთავარი მტკიცებულება არის ვიდეოკადრები, რომელზეც არის გარკვეული დეტალები, თუმცა კარგად არ ჩანს", - განაცხადა ავთანდილ ბუაძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ