ავტორი:

ჟურნალისტი, რომელიც წლებია ოთხ ძაღლთან ერთად ცხოვრობს: "ეს არის ჩვეულებრივი ოჯახი, ერთი განსხვავებით - ისინი ვერ ლაპარაკობენ სიტყვებით..."

ჟურნალისტი, რომელიც წლებია ოთხ ძაღლთან ერთად ცხოვრობს: "ეს არის ჩვეულებრივი ოჯახი, ერთი განსხვავებით - ისინი ვერ ლაპარაკობენ სიტყვებით..."

ცხოველების ასეთი სიყვარული, როგორც ჩვენს რესპონდენტს შეუძლია, ალბათ იშვიათია - ჟურნალისტი თიო ბეგოიძე, რომელიც საიტ zooclub.ge-ს რედაქტორია, შინ ოთხ ოთხფეხა მეგობართან ერთად წლებია ცხოვრობს და მათ ოჯახის სრულფასოვან წევრებად მიიჩნევს.

"ჩვენ ერთად ვცხოვრობთ! ისინი ჩვენი საზოგადოების და ცხოვრების სრულუფლებიანი წევრები და ნაწილები არიან. მათში ის ერთგულება და სიყვარულის უნარია უსაზღვრო და წრფელი, რაც ადამიანებში თითქოს მისუსტებული და მიმალულია. სწორედ ამის გამო ბევრი ადამიანი ცხოველებთან მეტად გახსნილია. ადამიანები თავის შინაურ ცხოველებს ესაუბრებიან კიდეც. საღამოობით სამსახურიდან რომ ვბრუნდები, ჩემი ოთხივე ძაღლი ისეთი სიხარულით მხვდება, რომ თუკი რამე უარყოფითი მოხდა იმ დღეს, მომენტალურად მავიწყდება. ეს ძალიან დიდი პოზიტივია და სიცოცხლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი, დადებითი მხარე. ცხოველები და ადამიანები ამ სამყაროში ერთმანეთს ეხმარებიან, აძლიერებენ და ავსებენ" - გვეუბნება თიო.

- მოგვიყევით თქვენი სახლის მობინადრე ძაღლებზე. როგორ მოხვდნენ ისინი თქვენთან?

- უკვე 6 წელია, შინ 4 ძაღლი მყავს და ისინი ჩემი ოჯახის წევრები არიან. ყველაზე დიდი ასაკის ბასაა, რომელიც ერთ-ერთი თავშესაფრიდან დემოდეკოზით დაავადებული ავიყვანე. ბასა მაშინ 3-4 წლის იქნებოდა, ახლა ის ჩვენი ოჯახის უხუცესი წევრია. მეორე, ხატულიკა ეზოში დარბოდა ლეკვობისას და ჯერ მისი გაჩუქება ვცადე, მაგრამ არ გაჩუქდა და ჩემთან დარჩა. ტოტონიკაც თავშესაფრიდან არის აყვანილი. სულ ციცქნა ლეკვი იყო და სოკოთი დაავადებულს ბეწვი თითქმის აღარ ქონდა. ექიმმა თქვა, რომ ეს თანდაყოლილია და როგორც კი კვება მოაკლდება, მაშინვე სოკო ისევ იჩენს თავსო. ჰოდა, ვერ გავიმეტე ტოტონიკა - ისიც დავიტოვე. დადულინა ჩემს ეზოში ფეხნატკენი გამოჩნდა. ის კლინიკაში წავიყვანე, ფეხზე ოპერაცია და სტერილიზაცია გავუკეთე და გაჩუქება ვცადე. დადუ არ გაჩუქდა და ჩემთან დარჩა - უკვე 5 წელია მე და ჩემი 4 ცუგა ერთად ვცხოვრობთ.

- რა ჯიშის ძაღლია თითოეული, რით კვებავთ და როგორ უვლით მათ?

- ბასა ტანით პატარაა, თუმცა ყურები აქვს დაჭრილი. როგორც ჩანს, მის პირველ პატრონს ნაგაზი ეგონა და ყურები დააჭრა, მაგრამ როდესაც ბასამ ტანი აღარ აიყარა, ქუჩაში გამოაგდო. ხატულიკა ნაგაზის მეტისია და ხასიათითაც ძალიან გავს. ტოტონიკას პოინტერი ურევია, დადუს კი "გონჩის" - ორივეს მაძებრის მონაცემები აქვთ როგორც ვიზუალურად, ისე - ხასიათში. ჯამში, ოთხივე ერთმანეთს მშვენივრად ეწყობა. მათ ძირითადად მშრალი საკვებით ვკვებავ, პარალელურად გაზაფხულზე და შემოდგომაზე ვიტამინებს ვაძლევ, ასევე ხილს, რომელიც მათთვის დასაშვებია.

ჩემი ყველა ძაღლი დაჩიპულია და აცრილი, შესაბამისად ჯანმრთელი. 3 თვეში ერთხელ ყველას ჭიის წამალს ვაძლევ და თვეში ერთხელ ყველას ვამუშავებ რწყილებზე. ყოველ დილით და საღამოს ვასეირნებ ორ-ორს ჩემი სახლის მიმდებარედ მინდორში, სადაც ისინი დარბიან და ძალიან კარგად ერთობიან. როცა მცალია შუადღითაც ჩამყავს - მათთვის სირბილი აუცილებელია მით უმეტეს, როცა კორპუსში ვცხოვრობთ და არა კერძო სახლში. დიდი სურვილი მაქვს, მალე კერძო სახლში გადავიდე - ეს ჩემთვის და ჩემი ბინადრებისთვის იდეალური ვარიანტი იქნება.

- ერთმანეთთან როგორ ურთიერთობენ?

- ერთმანეთთან და ჩემთანაც შეწყობილები არიან. ეს არის ჩვეულებრივი ოჯახი, სადაც არის საკუთარი და ერთიანი ცხოვრება, არის განსხვავება ხასიათებში, არის ეჭვი, ჯიბრი, სიყვარული, დათმობა, ერთგულება, დახმარება, დამშვიდება, გაბრაზება… ერთია განსხვავება - ისინი ვერ ლაპარაკობენ სიტყვებით ვერ გადმოსცემენ ემოციას - სამაგიეროდ, თვალებით, ქცევით და ყეფით ყველაფერს გვაგებინებენ. რთული არაფერია. პირიქით - მე მათ გარემოცვაში თავს მშვენივრად ვგრძნობ, ასე ვთქვათ - ეს არის ჩემი კომფორტის ზონა.

ტოტონიკას ჩემთან სძინავს. ძალიან განებივრებულია, მაგრამ უსაყვარლესი ხასიათის ცუგაა. მივაჩვიე ასე და ახლა სხვა გზა არ მაქვს და ამას იფერებს. თუმცა, სიყვარული და ყურადღება ყველაზე თანაბრად უნდა განაწილდეს - ისინი ხომ სულ თვალებში შემოგვცქერიან და ჩვენს განწყობა-დამოკიდებულებას ზუსტად კითხულობენ. მხოლოდ ერთ შემთხვევაში ვუწევ ხმას სახლში - თუ რომელიმე ღამე წამოიყეფებს.

- კორპუსის ბინაში ისინი პრობლემებს არ ქმნიან? მეზობლები არ გიჩივიან?

- სახლი - ჩემი ციხესიმაგრეა, ჩემი პირადი სივრცე და ამ სივრცის დარღვევის უფლება არავის აქვს - ეს ჩემმა მეზობლებმაც იციან და ამ მომენტს შეგნებით ეკიდებიან. ჩემი ძაღლები დღისით ყეფენ, რა თქმა უნდა, სამაგიეროდ, ღამით ხმას არ იღებენ. არიან მოვლილები, აცრილები, ჩიპირებულები, ვასეირნებ ყველანაირი წესის მიხედვით - ამიტომ სამართლებრივად ყველაფერი მაქვს გამართული და რომც მოესურვოს ვინმეს ჩემი ცუგების "შევიწროება", უბრალოდ მიზეზს ვერ იპოვის. საბედნიეროდ, იმ ხალხის, რომლებიც დიდად არ სწყალობენ ცხოველებს, "მე ასე მინდა"-ზე არ ხდება ცხოველების და ადამიანების ბედის გადაწყვეტა, აქვე არსებობს მეზობლების თმენის ვალდებულება და ეს ძალიან კარგია. ამიტომ აუცილებელია, რომ ცხოველების პატრონებმა ვიცოდეთ კანონით ჩვენი უფლებები, რითაც დავიცავთ ცხოველებს და საკუთარი კომფორტის ზონას ისე, რომ არც სხვის უფლებებს დავარღვევთ.

- როგორც ძაღლების დიდი მოყვარული და დამცველი, ვიცი, რომ სხვა ძაღლებზეც გაქვთ პატრონობა აღებული.

- დიახ, ჩემს უბანში მყავს რამდენიმე მიკედლებული ძაღლი. მიკედლების ინსტიტუტი წლებია, რაც არსებობს თბილისში. მე, როგორც მიმკედლებელი, ყურადღებას ვაქცევ ქუჩაში მცხოვრებ საჭდიან (სტერილიზებულ/კასტრირებულ) ცხოველს. მიმკედლებლის ვალდებულებაა, რასაც ისედაც აკეთებს თავის უბანში ცხოველების მოყვარული ადამიანი, ანუ ძაღლებს აჭმევს, ასმევს, თუ ავადაა მკურნალობს. მიმკედლებლის მოვალეობაში კიდევ ერთი რამ არის - წელიწადში ერთხელ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში დარეკოს და უფასოდ ააცრევინოს ცოფზე ოფიციალურად მიკედლებული ძაღლები. კარგი იქნება, თუ მოსახლეობა მიიკედლებს თავის უბანში ქუჩაში მცხოვრებ ძაღლებს - ასე მათ უბანში ძაღლები უფრო მეტად მოვლილები, მოწესრიგებულები ეყოლებათ, ძაღლები აღარ გამრავლდებიან ქუჩაში და სხვა ძაღლებისგან დაიცავენ უბანს.

- ამ ყველაფერზე თქვენი საიტი - zooclub.ge ხშირად გვაწვდის ინფორმაციას.

- საიტის შექმნის მიზეზიდან დაწყებული, მისი პრინციპი, მიზანი, სურვილი, საქმიანობა ერთადერთია - საზოგადოებას ცხოველების შესახებ მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ. დავეხმაროთ ადამიანებს ცხოველების მოვლაში, კვების შერჩევაში, გავაცნოთ საქართველოში, თუ საზღვარგარეთ მიმდინარე სიახლეები, ასევე კანონები. საიტი არის დიდი ბაზა, სადაც შეიძლება ადამიანებმა მათთვის სასურველ საკითხზე შესაბამისი პასუხი ამოიკითხონ.

საიტი 2014 წლიდან არსებობს და მას უკვე ძალიან ბევრი მკითხველი ყავს. მას ასევე დაემატა მაღაზიის განყოფილება, სადაც მკითხველს შერჩეულ საკვებს მაშინვე მიუტანენ ადგილზე ჩვენი თანამშრომლები - და ეს ძალიან ხელსაყრელია. მაღაზიის პროდუქციაში უკვე არა მხოლოდ საკვები შედის, არამედ ვიტამინები და ცხოველის მოვლის სხვა პროდუქტები თუ აქსესუარები. საიტზე ასევე არის დაკარგული, გასაჩუქებელი და ნაპოვნი ცხოველების განყოფილება, რომელსაც მალე შესაჯვარებელი და გასაყიდი ცხოველების განყოფილება დაემატება. ასევე არის განყოფილება "ზოორუკა", სადაც საქართველოში არსებული ის ობიექტებია შეტანილი, რომლებიც ცხოველებს ემსახურება.

თვეზე მეტია, რაც მუშაობა ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში დავიწყე. იქ მოგეხსენებათ, უამრავი ცუგა და ფისოა. სახლში როცა მოვდივარ, ჩემები ყოველთვის მყნოსავენ, სავარაუდოდ ასე იგებენ, დღის განმავლობაში მქონდა თუ არა შეხება სხვა ცხოველთან. ბოლო დროს მათი ინტერესი უფრო გამძაფრდა. თითქოს მართლაც უამრავ სხვადასხვა ძაღლის სუნს გრძნობენ და ისე სასაცილოდ მიყურებენ, თითქოს მეუბნებიან: „შენ რა, სამსახურში სხვა ძაღლები გაიჩინე?“ - ეს მართლაც ძალიან სასაცილოა.

- რა რჩევების მიცემა შეგიძლიათ ადამიანებისთვის, ვისაც ცხოველები არ უყვართ?

- ასეთ ადამიანებს ვთხოვდი, რომ მიუხედავად იმისა, უყვართ თუ არა ცხოველი, ის სულიერია და როდესაც უჭირს, გვერდს ნუ აუვლიან, არამედ აუცილებლად დაეხმარონ, მიაწოდონ ერთი ლუკმა საჭმელი, ერთი ყლუპი წყალი - შეიძლება სწორედ მათმა დახმარებამ გადაარჩინოს სიცოცხლე. ისევე მოექცნენ ცხოველებს, იმ სიყვარულით და გულისხმიერებით, როგორც უნდათ, რომ თავად მათ მოექცნენ სხვა ადამიანები! ჩვენ ხომ ერთად ვცხოვრობთ! ამიტომ ჩვენ აუცილებლად უნდა დავეხმაროთ, მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს. ეს არის ნამდვილი ადამიანობა!

ხან მიფიქრია, რომ თითო ოჯახმა თუ ერთი ცუგა, ან ფისო აიყვანა სახლში, ქუჩაში ბევრად ნაკლები განსაცდელში მყოფი არსება იქნებოდა, თავად კი შეუცვლელ ოჯახის წევრს შეიძენდნენ და კიდევ ერთს ვიტყოდი, რომ არ მესმის მათი, ვინც თავის ცხოველს ტოვებს, აბარებს თავშესაფარში, ან უშვებს ქუჩაში. ამას დაკვირვება მალაპარაკებს. ხშირად ხდება, რომ ქუჩაში ჯიშიანი ცხოველები, ან მოვლილი პატრონიანი მეტისები იმიტომ ჩნდებიან, რომ ისინი პატრონებმა მიატოვეს. არ მესმის გყავდეს, უვლიდე, ეფერებოდე, აჭმევდე და უცებ მიატოვო... მიტოვებას ცხოველი ადამიანზე მეტად განიცდის. ამიტომ ისინი ენითაღუწრელი ტკივილით განიცდიან პატრონის ღალატს. არასოდეს მივატოვოთ ერთმანეთი!

"ჯორჯიან მანგანეზი" მაღაროელებსა და მუშა-მოსამსახურეებს ანაზღაურებას 250 ლარით უზრდის - რა წერია კომპანიის განცხადებაში

"ბოლო 2 კვირაა, კლინიკაში თავისუფალი საწოლი არ გაგვაჩნია" - ლევან რატიანი

მაღაროელების აქცია ჭიათურაში - გაფიცულები ხელფასის 50%-ით გაზრდას მოითხოვენ