დემნა გვასალიამ მსოფლიოს საქართველოს ისტორია "ასწავლა" - "თვალი გავუსწორე შიშს და ტკივილს"

დემნა გვასალიამ მსოფლიოს საქართველოს ისტორია "ასწავლა" - "თვალი გავუსწორე შიშს და ტკივილს"

Vetements-ის ახალი კოლექციით დემნა გვასალიამ მსოფლიო კიდევ ერთხელ აალაპარაკა, ამჯერად კი ყურადღების ცეტრში საქართველოს უახლესი ისტორია მოექცა. Vogue წერს, რომ კოლექციით დიზაინერმა, რომლის ბავშვობა სამოქალაქო ომმა დაანგრია, საკუთარი თავი აჩვენა.

„კოლექცია მივუძღვენი საქართველოს, ქვეყანას, სადაც მე და ჩემი ძმა, გურამი 90-იან წლებში ვიზრდებოდით. ვეცადე, ჩვენებისას თვალი გამესწორებინა შიშისთვის და ტკივილისთვის,“ - ამბობს დემნა გვასალია.

Vogue წერს, რომ გვასალია ორი წლის მანძილზე ფსიქოთერაპევტთან დადიოდა, რომ კოლექციის შესაქმნელად მზად ყოფილიყო და საბოლოოდ მიხვდა, რომ უკვე შეეძლო, წარსული კიდევ ერთხელ გაეხსენებინა.

ჩვენება პარიზში შედგა, ხიდის ქვეშ, სადაც ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან ემიგრირებული ხალხი კარვებში ცხოვრობს. დემნამ შოუსთვის დადგა დიდი თეთრი მაგიდა, საქორწინო სუფრა.

„დღეს ყველა ომზე და ლტოლვილებზე ლაპარაკობს და მე ვიცი, ეს რას ნიშნავს. უცნაურია, მაგრამ ეს ამბები ჩემი ცხოვრების შესახებაცაა,“ - ამბობს დემნა.

პირველ მოდელს, რომელიც პოდიუმზე გამოჩნდა, ეცვა მაისური ტატუებიანი პრინტით. სოციალურ მედიაში მაშინვე უამრავმა მომხმარებლმა დაწერა, რომ ტატუებიანი მაისურები 90-იან წლებში მარჯიელასა და გოტიეს კოლექციებშიც იყო. თუმცა, Vogue წერს, რომ გვასალიას კოლექციაში მაისურს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ტატუების კომბინაციაში არის ნიშნებიც, რომელსაც კრიმინალები, „კანონიერი ქურდები“ საქართველოს ციხეებში იკეთებდნენ.

ამასთან, რუსული ოკუპაციის შესახებ ინფორმაციის მეტად გავრცელებისთვის გვასალიამ კიდევ ერთ გზას მიაგნო - Vetements-ის სამოსზე დატანილი კოდის დასკანერების შემდეგ მობილური აპლიკაციის მომხმარებლები გადამისამართდებიან ვიკიპედიის გვერდზე „აფხაზეთში ქართველების ეთნიკური წმენდა“.

დემნამ კოლექციაში არა მხოლოდ წარსული ასახა - ის ეხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებსაც. მათ შორის არის კლუბ „ბასიანზე“ განხორციელებული სპეცოპერაციაც, გამოჩნდა ქურთუკი წარწერით We Dance Together, We Fight Together („ერთად ვცეკვავთ, ერთად ვიბრძვით“), რომელიც „ბასიანის“ მოვლენების დროს საპროტესტო აქციების ერთ-ერთ სლოგანად იქცა.

ამასთან, კოლექციაში არის მაისურები წარწერით „უფალო შეგვიწყალენ“.

„ცოტა ხნის წინ საქართველოში კლუბები დახურეს. ამასთან დაკავშირებული პროტესტების წინააღმდეგ კი სამღვდელოების ნაწილი გამოვიდა,“ - ამბობს გვასალია.

დიზაინერმა კოლექციის წარსადგენად ქართველი მოდელებიც მიიწვია. დემნა ამბობს, რომ მათ მიმართ ემპათიას გრძნობს.

„ისინი არ იღიმიან,“ - აღნიშნა გვასალიამ.

ნახეთ ვიდეო : ქართველთა გენოციდი, სოხუმი, ბებო გენაცვალოს... - დემნა გვასალიას ახალმა კოლექციამ ქართული საზოგადოება აღაფრთოვანა

"შუათანამ მითხრა, ჯერ პატარა ჩაიყვანეო", - ვინ არის მეხანძრე-მაშველი, რომელმაც ცეცხლმოკიდებული ბინიდან 3 მცირეწლოვანი გამოიყვანა

"ვიფიქრე, აფხაზეთის დაბრუნება უფრო ადვილი იქნება, ვიდრე მასთან კონტაქტი-მეთქი" - მოდელისა და მფრინავის სიყვარულის ამბავი და ხელის თხოვნა ცხრაჯვარზე

"თეონას ახლაც არ სურს ჩემი სახელის გაგონება, "ბიოლოგიურ მასალას" მეძახის" - თეონა კონტრიძის ქალიშვილი მამამ 12 წლის შემდეგ ნახა