იწვევს თუ არა C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები ღვიძლის სიმსივნეს? - ინფექციონისტი პაციენტებს ამშვიდებს

იწვევს თუ არა C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები ღვიძლის სიმსივნეს? - ინფექციონისტი პაციენტებს ამშვიდებს

თურქეთის ერთ-ერთი კლინიკის დირექტორის ქართველი მრჩევლის მალინა ბერიკაშვილის ინტერვიუმ, რომელიც პორტალ fortuna.ge-ზე გამოქვეყნდა, საზოგადოება შეაშინა და აღაშფოთა. ბერიკაშვილი ინტერვიუში ამბობს, რომ "ქართველი ერი კატასტროფის წინაშე დგას, რადგან ძალიან დიდი სისწრაფით მატულობს სიმსივნური დაავადებების შემთხვევები". იგი ამის არაერთ მიზეზს ასახელებს და მათ შორის ერთ-ერთ ფაქტორად C ჰეპატიტის მკურნალობის უფასო პროგრამას.

"კიდევ ერთ პრობლემაზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას. ეს არის C ჰეპატიტის პროგრამა, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. ვინც ამ პროგრამით მკურნალობს, წელიწადნახევრის, ორი წლის თავზე ჩვენთან სიმსივნის დიაგნოზით ჩამოდიან. ორგანოების გადანერგვით ვინც გადარჩა, გადარჩა, სხვები გარდაიცვალნენ, ზოგს ოპერაციამ ვერ უშველა… მანამდე ამ ადამიანებს არ ჰქონიათ სიმსივნე და ამ მკურნალობის შემდეგ განუვითარდათ. ყოველ შემთხვევაში, ანალიზები ასე აჩვენებს და კვლევა იყო არასწორი? არ ვიცი, პროგრამის წამლები იწვევს პროვოცირებას?! ამ პროგრამის წამლებს თურქეთშიც სვამენ და სიმსივნის დიაგნოზით შემდგომ არავინ მოდის ჩვენთან" - ამბობს ბერიკაშვილი fortuna.ge-სთან საუბრისას.

აღნიშნულ ინტერვიუს სოციალურ ქსელში პანიკა მოყვა, თუმცა ინფექციონისტები პაციენტებს ამშვიდებენ და ამბობენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.

ინფექციონისტი, ჰეპატოლოგი ჯაბა ზარქუა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვრცელ სტატუსს წერს:

"გამომდინარე იქიდან რომ პაციენტები ძალიან აღელდნენ (სამართლიანადაც), საჭიროდ ვთვლი მტკიცებულებებზე დაფუძნებულ განმარტებას ამ თემის შესახებ: "იწვევს თუ არა C ვირუსის მკურნალობა ახალი თაობის მედიკამენტებით ღვიძლის სიმსივნეს?"

სანამ ამ ვრცელ პოსტს წაიკითხავთ, რომ არ ინერვიულოთ მოკლედვე გეტყვით: "არა!". ახლა განვაგრძობ მათთვის, ვისაც არგუმენტები აინტერესებს:

შევთანხმდეთ იმაზე, რომ ქალბატონმა მალინამ, ერთ-ერთი თურქული კლინიკის კოორდინატორმა რომ ქართველი პაციენტების რაოდენობის მატება დააფიქსირა და ეს დაუკავშირა C ვირუსის მასობრივ მკურნალობას, არის ძალიან უხეში მანიპულაცია! ასეთი დასკვნები ასე ჰაი-ჰარალოზე არ კეთდება. ასე, რომ ეს საკითხი ბევრ დებატს არ საჭიროებს. ზუსტად იგივენაირად შეეძლო დაეკავშირებინა პაციენტების რაოდენობის მატება ქუჩის აქციებთან, კვირიკაშვილის გადადგომასთან, ფეხბურთის ჩემპიონატთან და ა.შ. ზუსტად, არ ვაბუქებ, უბრალოდ გაჩვენებთ რამდენად არაა საკმარისი მისი პირადი დაკვირვება ამ ორი ფაქტის დასაკავშირებლად.

ეს კითხვა მართლა გაჩნდა სამეცნიერო წრეებში და ყველაფერი დაიწყო 2016 წლის მიწურულს (თუ სწორად მახსოვს), ბარსელონას ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, რომლებიც თითქოს აფიქსირებდნენ HCC რისკის შესაძლო მატებას.

ამას მოჰყვა ძალიან ცხელი დებატები. ჩატარდა უამრავი კვლევა და გამოქვეყნდა უამრავი სტატია. კონგრესებზე ერთ-ერთი წამყვანი თემა იყო სწორედ ეს. საბოლოოდ კი, ზღვა მასალამ არათუ გააქარწყლა ამ ჯგუფის მიერ გამოთქმული ეჭვები, არამედ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაც ისედაც მოსალოდნელი იყო - არათუ იწვევს, არამედ დაბლა სწევს კიბოს განვითარების რისკს წარმატებული მკურნალობა! დღეს ეს საკითხი აღარ არის ჩვენს სფეროში ასეთი ცხელი თემა, რადგან ძალიან მყარი მონაცემები დაგროვდა უკვე და საკითხი ამოიწურა, შეიძლება უკვე მყარად ითქვას.

მშვიდად იყავით პაციენტებო, ნუ აყვებით ჰაი-ჰარალოზე გასროლილ მოსაზრებებს. ქალბატონი მალინას კი არა, დიდი მეცნიერების პირადი დაკვირვებები არ ნიშნავს დღეს ბევრს არაფერს. სხვანაირად მუშაობს დღეს მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინა" - წერს ინფექციონისტი ჯაბა ზარქუა და კომენტარებში ურთავს ინფორმაციას, რომ მაგალითად, ღვიძლის დაავადებების შემსწავლელი ამერიკული ასოციაციის მიერ 62 ათას პაციენტზე ჩატარებული რეტროსპექტული დაკვირვებით გამოავლინეს, რომ წარმატებული მკურნალობა (ძველი და ახალი თაობის პრეპარატებითაც, ყველაფერი გააანალიზეს) 71%-ით ამცირებს ღვიძლის სიმსივნის განვითარების რისკს.

კიდევ ერთ მაგალითად ინფექციონისტს მოჰყავს სტატია მასაჩუსეტის პროფესორის კომენტარებით, რომელიც სწორედ აღნიშნულ საკითხს ეხება. სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული მედიკამენტები ჰეპატოცელულარული კარცინომას (ღვიძლის კიბოს ყველაზე ხშირი ფორმა) განვითარებას არ იწვევს. ამის შესახებ, ფართომასშტაბიანი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, მასაჩუსეტსის კლინიკის ჰეპატოლოგიისა და ღვიძლის სიმსივნის განყოფილების დირექტორმა, პროფესორმა რეიმონდ ჩანგმა განაცხადა.

„ჰეპატოცელულარული კარცინომა არ არის პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული მედიკამენტებით თერაპიის შედეგი. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს, უბრალოდ, დამთხვევაა. პაციენტებს, რომლებსაც კარცინომა (ავთვისებიანი სიმსივნის ნაირსახეობა) განუვითარდათ, უკვე ჰქონდათ სიმსივნის წინაპირობა და პრეპარატებით მკურნალობა დროში დაემთხვა“ - აღნიშნავს ჩანგი.

ამერიკელი ექიმის თქმით, მასაჩუსეტსის კლინიკისა და სხვა რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული მედიკამენტები ჰეპატოცელულარული კარცინომას რისკს არ ზრდის.

ნანუკა ჟორჟოლიანი შრი-ლანკაზე შვილებთან ერთად ისვენებს - ნახეთ ფოტოები

"მინდა მთელი საქართველო იცნობდეს ამ ორ ადამიანს" - 2 წლის ანიტა ფაცაციას მკურნალობის ხარჯებს ინდოელი ბიზნესმენი დაფარავს

მაკა ასათიანი ბებია ხდება - ნახეთ, როგორ გამოიყურება დიზაინერის ორსული რძალი