ავტორი:

"მინდა მთელი საქართველო იცნობდეს ამ ორ ადამიანს" - 2 წლის ანიტა ფაცაციას მკურნალობის ხარჯებს ინდოელი ბიზნესმენი დაფარავს

"მინდა მთელი საქართველო იცნობდეს ამ ორ ადამიანს" - 2 წლის ანიტა ფაცაციას მკურნალობის ხარჯებს ინდოელი ბიზნესმენი დაფარავს

2 წლის ანიტა ფაცაცია, რომელიც ებრძვის უმძიმეს დაავადებას და მსოფლიოში ერთ-ერთი ურთულესი ოპერაცია - გულის გადანერგვა ესაჭიროება, ამჟამად ინდოეთის კლინიკაში იმყოფება.

ინფორმაციას პატარა გოგონას მდგომარეობის შესახებ ინდოეთიდან მისი მშობლები ავრცელებენ. ანიტას დედა მარიკო სადრაძე წერს, რომ ინდოელმა ბიზნესმენმა სურვილი გამოთქვა ქართველი გოგონას მკურნალობის ხარჯები დაფაროს.

"მოგესალმებით! შობას სასწაულები ხდებაო, ბევრმა დაწერეთ და სასწაული ამბავი უნდა გითხრათ. ცოტა შორიდან დავიწყებ: ინდოეთში ჩამოსულებს აეროპორტშივე დაგვხვდა საქართველოს ელჩი ინდოეთში, ბატონი არჩილ ძულიაშვილი. იმ წუთიდან ყოველთვის ვგრძნობდით მის თავდაუზოგავ დახმარებასა და მორალურ მხარდაჭერას.

ბატონი არჩილის ინდოელი მეგობრებიც ყოველდღიურად გვედგნენ გვერდში. მოდიოდნენ ანიტას სანახავად და გამოთქვამდნენ მზაობას მხარდასაჭერად. მათ შორის ერთ-ერთმა Dr.S. Jagathrakshakan-მა გამოხატა არა მხოლოდ მორალური, არამედ ფინანსური მხარდაჭერის სურვილიც. ის არის ცნობილი ბიზნესმენი, პოლიტიკოსი, ქველმოქმედი და უბრალოდ, ძალიან კარგი ადამიანი, რომელმაც გულთან ახლოს მიიტანა ანიტას ამბავი...

დღეს საღამოს გვესტუმრნენ Dr. S Jagathrakshakan-ის კომპანიის წარმომადგენლები, მოინახულეს ანიტა და დაგვპირდნენ, რომ მკურნალობის ხარჯების დაფარვაში დაგვეხმარებოდნენ. ეს იმდენად დიდი სასწაული იყო ჩვენთვის, რომ დაბნეულობისგან მადლობის თქმაც კი ძლივს მოვახერხეთ.

შეგახსენებთ, რომ ინდოელმა ექიმებმა გადაწყვიტეს თერაპიული კურსი სცადონ და თუ არ გაამართლებს, ამ შემთხვევაში დაგეგმონ ოპერაცია. ჩვენთვის ეს პატარა შანსი უფლის საჩუქარი იყო და მასზე თანხების უქონლობის გამო, უარის თქმა წარმოუდგენელი იქნებოდა. შეუძლებელია კლინიკამ წინასწარ გაგიკეთოს მკურნალობის კალკულაცია, რადგან არავინ იცის რამდენ ხანს გასტანს ის და რა კვლევები თუ წამლები დაგვჭირდება პროცესში. ჩვენ კი მხოლოდ ოპერაციის თანხა გვქონდა შეგროვებული.

ამის გამო საგონებელში ჩავვარდით, გვიჭირდა ხალხისთვის გვეთხოვა გაურკვეველი ოდენობის თანხების შეგროვება. თანაც ვიცით რამდენი გაიღეთ ჩვენ გამო. იმასაც კარგად ვაცნობიერებთ, რომ ჩვენ მსგავსად უამრავ მშობელს უჭირს...

ასეთი დიდი პრობლემიდან გამოსავალი კი, ბატონი არჩილის მონდომებისა და Dr. S Jagathrakshakan-ის კეთილშობილების შედეგად გამოვნახეთ. ახლა სიტუაცია ასეთია: თქვენი უდიდესი თანადგომის შედეგად, გვაქვს შეგროვებული ოპერაციის თანხა. უფლის წყალობით, თუკი თავიდან ავირიდებთ ქირურგიულ ჩარევას, ეს ფული მოხმარდება სხვა ბავშვებს, რომლებსაც იმ მომენტში ექნებათ ამის დიდი საჭიროება.

მანამდე კი საქვეყნოდ დიდ მადლობას ვუხდი ბატონ არჩილსა და Dr. S Jagathrakshakan-ს. მინდა მთელი საქართველო იცნობდეს ამ ორ ადამიანს, რომლებმაც სრულიად უანგაროდ გამოხატეს ჩვენი დახმარების სურვილი და გვჯერა ამ ბრძოლის ბოლომდე ჩვენ გვერდით იქნებიან. ბოლოს კი ერთად გავიმარჯვებთ.

თქვენ კი ჩვენო კეთილო ადამიანებო, რომლებიც მუდამ მზად ხართ ჩვენს დასახმარებლად, დიდ მადლობას მოგახსენებთ და გთხოვთ, რომ ლოცვებით დაგვიდგეთ გვერდში. როგორც კი პირველი ჩარიცხვა განხორციელდება, მაშინვე მოგახარებთ!" - წერს ანიტას დასახმარებლად შექმნილ "ფეისბუქის" ჯგუფში გოგონას დედა.

"23 თებერვალს, ჩემი შვილის გარდაცვალების დღეს, ამ ადგილას მივალ..." - რა ოცნება აისრულა მაია ასათიანმა და რატომ წავიდა კუნძულ ბალიზე მარტო

იუბილარი ბიძინა ივანიშვილი და რაგბის აღშფოთებული ქომაგები - რა ხდებოდა Facebook-ში მას შემდეგ, რაც Georgian Rugby-ის გვერდზე მილოცვა გამოქვეყნდა

"სამგზავრო ჩემოდნით ჩავედი მაღაზიაში..." - რა ფოტოს ავრცელებს უხანიდან ქართველი გოგონა, რომელიც ერთი თვეა კარანტინშია