"უსუფაშვილს საჯარო პოლიტიკა კარგად არ გამოსდის, მარგველაშვილის გეგმები კი მისთვისვე ბუნდოვანია" - ექსპერტები პოლიტიკოსების შესაძლო გაერთიანების შესახებ

"უსუფაშვილს საჯარო პოლიტიკა კარგად არ გამოსდის, მარგველაშვილის გეგმები კი მისთვისვე ბუნდოვანია" - ექსპერტები პოლიტიკოსების შესაძლო გაერთიანების შესახებ

როცა საჯარო წერილით მიმართვა ხდება, ეს თავისთავად გულისხმობს, რომ მარგველაშვილ-უსუფაშვილს შორის კომუნიკაციაში არის პრობლემა, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განუცხადა.

ხუხაშვილი გამოეხმაურა “შენების“ მოძრაობის ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებას, რომელმაც გიორგი მარგველაშვილს ღია წერილით მიმართა და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გაერთიანება შესთავაზა.

“როგორც წესი, ასეთი ალიანსები კულისებში მოლაპარაკებებით დგება და შემდეგ ცხადდება ამის შესახებ. ვფიქრობ, უსუფაშვილმა ამ მიმართვით დაადასტურა, რომ პრეზიდენტთან კომუნიკაციაში არსებობს პრობლემა, ამიტომ საჯაროდ გადაწყვიტა მიმართვა. მეორე მომენტია, რომ თვითონ საკმაოდ სკეპტიკურად უყურებს ამ ალიანსს, თუმცა შესაძლოა ისტორიული განვითარების კვალდაკვალ მას უნდა დოკუმენტური ალიბი შეიქმნას იმისა, რომ იცოდა სწორი გეგმა, მაგრამ სხვების მიზეზით ეს გეგმა არ განხორციელდა. მე ვფიქრობ, ამ წერილის დაწერის ორი ძირითადი მოტივი სწორედ ესენია. რაც შეეხება იმას, რომ თეორიულად ასეთი ალიანსი შეიძლება შედგეს, მე ამ ალიანსში სინერგიას ვერ ვხედავ. არ ვფიქრობ, რომ ამ ალიანსს არ შეუძლია ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი შექმნას ქვეყანაში, მითუმეტეს, რომ იქ საუბარია ასეულობით ინტელექტუალის შემოკრებაზე. ეს საკმაოდ პრობლემატური პროცესია. ასეთი განაცხადი ბევრს გაუკეთებია ქვეყანაში, მაგრამ შესრულებით ვერავის შეუსრულებია“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ყველაფრის მიუხედავად, დავით უსუფაშვილის პოლიტიკური მოსაზრებები პატივსაცემია.

“მე პატივს ვცემ და მიმაჩნია, რომ დავით უსუფაშვილი არის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწე ამ ქვეყანაში და ნამდვილად საჭიროა, რომ სახელმწიფოს ემსახურებოდეს, მაგრამ საჯარო პოლიტიკა მაინცდამაინც კარგად არ გამოსდის. არის კიდევ ერთი მომენტი, მე ვფიქრობ, ზედმეტად დრამატიზებული აქვს მას ეს პროცესი. გასაგებია, რომ ქვეყანაში არის მმართველობითი პროცესის სერიოზული კრიზისი, მაგრამ ქვეყანა რომ ინგრევა და ეს პროცესი შეუქცევადია - ამ მოსაზრებას ვერ გავიზიარებ. მე ვფიქრობ, ჯერ კიდევ შესაძლებელია გამოსწორდეს სიტუაცია ქვეყანაში. რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილს, მისი გეგმები ბუნდოვანია. რაც ყველაზე მთავარია, ბუნდოვანია არა მხოლოდ ჩემთვის და თქვენთვის, არამედ თავადაც არ აქვს გამოკვეთილი გეგმა საკუთარ პოლიტიკურ მომავალზე. როდესაც ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში არ არსებობს გეგმა და არც მობილიზებული რესურსები, მის შანსებსაც საკმაოდ სკეპტიკურად შევხედავდი“, - აღნიშნა ექსპერტმა.

ექსპერტ რამაზ საყვარელიძის შეფასებით კი, საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის შემთხვევაში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისთვის მომგებიანი იქნება, რომ არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფში არ იყოს გაერთიანებული.

“მე მგონია, რომ უსუფაშვილმა იჩქარა. გიორგი მარგველაშვილმა შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნებში წარადგინოს თავისი კანდიდატურა, თუმცა მისთვის მომგებიანი მომენტი იქნება, რომ არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფში არ იყოს გაერთიანებული, ისევე როგორც თავის დროზე ელისაშვილმა თქვა უარი პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერაზე მერის არჩევნების დროს. ჩემი აზრით, უსუფაშვილის მხრიდან საჯაროდ შეთავაზება ცოტა უტაქტო იყო, რადგან გამოდის, რომ ფაქტის წინაშე აყენებს მარგველაშვილს, რომელსაც შესანიშნავად იცნობს და შეეძლო ეს საკითხი ჩვეულებრივი მოლაპარაკებით მოეგვარებინა.

ეჭვი არ მეპარება ამ წერილის ავტორის გულწრფელობაში, თუმცა ამ კონკრეტულ პოლიტიკურ სიტუაციაში, როცა წინ საპრეზიდენტი არჩევნებია, ჩემთვის გაუგებარია ამ წერილის ფუნქცია, მიზანი და შედეგიანობა. ვინაიდან წერილით მიმართა მარგველაშვილს, ალბათ, უსუფაშვილი ფიქრობს, რომ მისთვის ეს გაერთიანება მომგებიანი იქნება. მაგრამ ზოგადად, ალიანსები დგება მას შემდეგ, რაც პარტია მიიღებს მხარდაჭერას და მერე პარტიები იწყებენ იმაზე მსჯელობას, გაერთიანდნენ თუ არა. მინიმალური მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური გუნდების წინასწარ გაერთიანება და გაცხადება იმისა, რომ მოდით, გავერთიანდეთ და ქვეყანა გადავარჩინოთო, სერიოზულ შთაბეჭდილებას არ ტოვებს“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

“შენების“ მოძრაობის ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტ მარგველაშვილს ღია წერილით მიმართა. უსუფაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავარი პოლიტიკური ამოცანაა, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემძლე გუნდის ფორმირება.

“ამისთვის საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გამოვიყენოთ. ამიტომ, თუ გიორგი მარგველაშვილი თანახმაა, საპარლამენტო არჩევნების მომგები გუნდის ფორმირებაში მიიღოს მონაწილეობა, მე მზად ვარ, ან მე ვიყო პრეზიდენტობის კანდიდატი ან ის იყოს კანდიდატი ან სხვა კანდიდატი მოვძებნოთ. საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემძლე გუნდის ამოცანებს უნდა დაექვემდებაროს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენი გადაწყვეტილებები“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ დავით უსუფაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები