პრემიერი ჭუბერის სტიქიას ტყის უსისტემო ჭრას უკავშირებს - გაგრძელდება თუ არა ჰესების მშენებლობა მესტიაში

პრემიერი ჭუბერის სტიქიას ტყის უსისტემო ჭრას უკავშირებს - გაგრძელდება თუ არა ჰესების მშენებლობა მესტიაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ჭუბერის ხეობაში საკვების, წყლისა და მედიკამენტებით მოსახლეობის უზრუნველსაყოფად სრული მობილიზებაა.

ამის შესახებ პრემიერმა ჭუბერის ხეობაში განაცხადა, სადაც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო.

“საგანგებო შტაბი მუშაობს 24-საათიან რეჟიმში, ნალექის უხვად მოსვლამ გამოიწვია მდინარის ადიდება. 6 ხიდი არის წაღებული, ტექნიკა არის მობილიზებული და ახლა ველოდებით, რომ წლის დონემ დაიწიოს, რათა დავიწყოთ გზის აღდგენის სამუშაოები. რაც მთავარია ხეობაში უკვე გაკეთებულია ყველანაირი მობილიზაცია საკვების, სასმელი წლის და მედიკამენტების შემოტანასთან დაკავშირებით. ამასთან ერთად, ჩვენ უკვე გამოვიყვანეთ რამდენიმე ადამიანი, რომელიც მოწყვეტილი იყო გარესამყაროს. ამ თვალსაზრისით რისკები აღარ არის, მაგრამ ბუნებრივია, ჩვენი სპეციალისტები აგრძელებენ 24 საათიან მონიტორინგს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის შეფასებით, ჭუბერში შექმნილ ვითარებას ხელი ტყის უსისტემო ჭრამაც მნიშვნელოვნად შეუწყო.

„პირველადი შეფასებით, რა თქმა უნდა, სტიქია ჭარბმა ნალექმა გამოიწვია, მაგრამ აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ტყის უსისტემო ჭრამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი და ვინც ამით იყო დაკავებული, ამ ხალხსაც აუცილებლად მივხედავთ.

ტყის უსისტემო ჩეხვა არ შეიძლება. ესაა ჩემი პასუხი. მაგრამ ეს კონკრეტული შემთხვევა, როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან და ამის ყველა ნიშანი არსებობს, გამოიწვია უხვი ნალექსის მოსვლამ. ამისგან დაზღვეული არავინ არ არის. ამ შემთხვევაში ჩვენი პასუხი უნდა იყოს, რომ გვქონდეს გამართული სწრაფი რეაგირების და ადრეული შეტყობინების სისტემები, რომლებიც საქართველოში გვაქვს ორი და უნდა გაკეთდეს ყველგან“, - განაცხადა ბახტაძემ.

რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად შეიძლება მესტიაში ჰესის მშენებლობის საკითხი გადაიხედოს, პრემიერმა აღნიშნა: „დასკვნა როდესაც დაიდება, თუ რას უკავშირდება მომხდარი, ამისდა მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას“.

ბახტაძის თქმით, მომავალი წლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით სწრაფი შეტყობინების სისტემების დამონტაჟების მასტაბური პროექტი იწყება.

“ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში ყველგან გვქონდეს სწრაფი შეტყობინების სისტემები. ამჟამად მხოლოდ ორ ადგილას გვაქვს, მომავალი წლიდან კი ვიწყებთ მასშტაბურ ღონისძიებას, რომ ყველგან გვქონდეს აღნიშნული სისტემები დამონტაჟებული, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ პრევენციაზე უფრო ეფექტურად იმუშაოს მთავრობამ. მაგრამ აქვე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ პირველადი შეფასებით ჭარბმა ნალექმა გამოიწვია ეს ყველაფერი, მაგრამ აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ტყის უსისტემო ჭრამ მნიშვნელოვნად შეუწყო ამ ყველაფერს ხელი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, ვერტმფრენი 24 საათიან რეჟიმში აკონტროლებს სიტუაციას და წყლის დონის მატების შემთხვევაში, დამატებითი ზომები იქნება მიღებული.

“წყლის დონე არ არის დაწეული, აქედან გამომდინარე, საგანგებო შტაბში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ის სახლები, რომლებსაც ემუქრება საფრთხე, ბუნებრივია, არის დაცლილი. მოსახლეობას ვეხმარებით, რომ თავიანთი ნივთები გამოიტანონ სახლებიდან, მაგრამ გზის კაპიტალურ შეკეთებას იქამდე ვერ დავიწყებთ, ვიდრე წყლის დონე არ დაიწევს. ახლა ვცდილობთ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ, რომ მდინარემ არ მოახდინოს გზის კიდევ უფრო მეტად გამორეცხვა. ევაკუაცია ჩვენ უკვე გავაკეთეთ იმ ადგილებში, ვისაც საფრთხე ემუქრებოდა, რამდენიმე ტურისტს გამოვიყვანთ კიდევ უახლოესი საათების განმავლობაში, სხვა ადამიანებს საფრთხე არ ემუქრებათ. ვერტმფრენი მორიგეობს, ვაკონტროლებთ ყველაფერს 24 საათიან რეჟიმში, რომ წყლის დონის მომატების შემთხვევაში მივიღოთ დამატებითი ზომები, ამ ეტაპზე ეს რისკები არ არსებობს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოფელ ჭუბერში იმყოფება.

პრემიერ-მინისტრი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიმდინარე სამუშაოებსა და არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა. სტიქიის ზონაში პრემიერ-მინისტრთან ერთად ჩავიდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სოფელ ჭუბერში, მდინარე ნენსკრას ადიდების შედეგად მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში პირველივე წუთებიდან ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და სამსახური. ადგილზე იმყოფება საგანგენო სიტუაციების სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის სამმართველოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე აკონტროლებენ ვითარებას და დახმარებას უწევენ მოსახლეობას, რომელსაც საავტომობილო გზების დატბორვის გამო გადაადგილება უჭირს. მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალისტების ჯგუფები.

სოფელ ჭუბერში იმყოფებიან მხარის რწმუნებული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

მობილიზებულია დამატებითი სამაშველო ჯგუფები და ტექნიკა უახლოესი ლოკაციებიდან.

საჭიროების შემთხვევაში, განხორციელდება ჭუბერის მკვიდრი მოსახლეობის ევაკუაცია.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები