ინგლისის “ბლექბერნის” მთავარი მწვრთნელი სემ ელერდაისი ზურაბ ხიზანიშვილს “ევუდ პარკის” დატოვებისკენ მოუწოდებს. მისი აზრით, მოთამაშის კარიერისთვის საფეხბურთო მოტივებმა ნებისმიერი ფინანსური პრობლემები უნდა გადაწონოს.
“წასვლა მისთვისაა უკეთესია და არა ჩვენთვის. ბოლო ორი წელიწადის განმავლობაში ის ამ კლუბში ძალიან ცოტას თამაშობდა და ვფიქრობ, თუ რომელიმე გუნდი მის აყვანას მოინდომებს, ხელს არ შევუშლით. ჩვენ არ გვინდა, რომ იგი კიდევ ერთხელ გავანათხოვროთ. გვსურს, რომ საკუთარი მომავალი თვითონ შექმნას. მას ჯერ კიდევ რამდენიმე კარგი წელიწადი დარჩა ფეხბურთის სათამაშოდ. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ სხვა კლუბში მან შეიძლება იმდენი ხელფასი ვერ მიიღოს, რაც “ბლექბერნ როვერსში” აქვს” – განუცხადა ელერდაისმა lancashiretelegraph-ს.
ელერდაისის სიტყვები უცნაურია იმის შემდეგ, რაც ხიზანიშვილის “რედინგში” ტრანსფერი სწორედ “ბლექბერნის” მხრიდან ფეხბურთელის სატრანსფერო ფასის არდაკლებამ ჩაშალა. როგორც ცნობილია, ჩემპიონლიგის კლუბ “რედინგს”, სადაც ხიზანიშვილმა გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით გაატარა, საქართველოს ნაკრების მცველის სანაცვლოდ “ბლექბერნმა” მილიონი ევრო მოთხოვა, რაზეც უარი მიიღო.