გერმანიის ეროვნული გუნდის ყოფილი ცენტრალური მცველი კარლ ჰაინც ფორსტერი, რომელმაც 1980 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო 1982 და 1986 წლებში მუნდიალებზე ვიცე-ჩემპიონი გახდა, სამხრეთ აფრიკაში ბუნდესნაკრების უკანა ხაზის თამაში უკმაყოფილოა.
ნაკრებში 81 მატჩის ჩამტარებელმა და 2 გოლის გამტანმა ფიორსტერმა, ჯგუფში განასთან ჩატარებული ბოლო მატჩის შემდეგ, გერმანელთა შეცდომებზე მიუთითა:
“განას წინააღმდეგ მატჩში, ჩემს თანამემამულეებს უფრო გაუჭირდათ, ვიდრე ველოდი. მხოლოდ 1:0 მოვიგეთ და აფრიკელებს გოლის გატანის რამდენიმე შანსი მივეცით. კარგია, რომ განას შეტევის დამამთავრებელ პრობლემები ჰქონდა. თუმცა, ასეთ მეტოქესთანაც შესამჩნევი იყო, რომ ნაკრების დაცვაში ყველაფერი წესრიგში არაა”.
- რატომ “კანკალებდა” ისეთი გამოცდილი მცველი როგორიც პერ მერტესაკერია?
- გაუგებარია, რადგან მის “ზურგზე” არაერთმა დიდმა ტურნირმა გადაიარა. ჩვეულებისამებრ, მერტესაკერი მშვიდად და გააზრებულად მოქმედებს. თუმცა, განასთან შეხვედრის ზოგიერთ ეპიზოდში, ის ნერვიულობდა და ცდებოდა. ჩვენი გუნდის დაცვის საკვანძო ფეხბურთელს აშკარად ცუდი დღე ჰქონდა.
- მთელი მატჩის განმავლობაში “ფერმკრთალი” იყო მესუტ იოზილი. თუმცა, ერთადერთი გოლი სწორედ მან გაიტანა. ამ მოთამაშის შესახებ რას ფიქრობთ?
- საუკეთესო თამაში ვერც მან აჩვენა. ნერვიულობდა, მოულოდნელად ბურთის მიღებისას ცდებოდა, არაზუსტ პასებს იძლეოდა. თუმცა, შეგვიძლია ვაპატიოთ, რადგან მაინც გოლი გაიტანა. საუკეთესო შვაინშტაიგერი იყო –მან ძალიან ბევრი ირბინა, ფაქტობრივად ყველა ორთაბრძოლა მოიგო და კარგ გადაცემებსაც აკეთებდა.
- თვალშისაცემი იყო, რომ გერმანიას მწვავე ფორვარდი არ ჰყოფნიდა...
- მართალია, კაკაუ ბევს გადაადგილდებოდა, მაგრამ საკმარისად ეფექტური არ იყო. შესაძლოა, იოახიმ ლიოვი კიდევ დაფიქრდება –ალბათ, მსოფლიოს ჩემპიონატზე კურანი უნდა წამეყვანაო. ჩემი აზრით, კევინი გუნდისთვის სასარგებლო იქნებოდა.
- როგორ ფიქრობთ, ბუნდესნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კურანი შემადგენლობაში რატომ არ შეიყვანა?
- ლიოვს ამის ახსნა მხოლოდ თავად შეუძლია. მან თქვა, რომ ასეთი ნაბიჯი ტაქტიკური მოსაზრებით გადადგა. თუმცა, კონკრეტულად რას გულისხმობდა ძალიან ძნელი გასაგებია. მე ხომ ვნახე კლოზე და გომესი “ბაიერნში” როგორ თამაშობდნენ. გომესი არც ნაკრებში გამოირჩევა რამით. ამის ფონზე, მწვრთნელმა სამხრეთ აფრიკაში კურანი არ წაიყვანა, რომელმაც ბუნდესლიგაში ალბათ, კარიერაში საუკეთესო სეზონი ჩაატარა. გაუგებარია..
- რას ელით მომავალი საფეხბურთო კლასიკისგან -1/8-ფინალში გერმანიისა და ინგლისის დაპირისპირებისგან?
- ფაბიო კაპელოს გუნდი ჯერჯერობით არადამაჯერებლად გამოიყურება. ამიტომ, მჯერა, რომ შემდეგ ეტაპზე ჩვენ გავალთ. თუმცა, წარმატების მისაღწევად გერმანიის ნაკრებმა დაცვაში უფრო ძლიერად უნდა ითამაშოს.
- განასთან მატჩის მიწურულს გერმანიის ნაკრებს გოლი რომ გაეშვა, ინგლისთან შეხვედრას აცდებოდა. არ გეჩვენებათ, რომ ბუნდესნაკრებისთვის 1/8-ფინალში აშშ-სთან დაპირისპირება უფრო იოლი იქნებოდა?
- ხშირ შემთხვევაში უფრო ჭკვიანები ვართ, როდესაც წარსულზე ვსაუბრობთ. ახლა ვიტყვი, რომ უკეთესი იქნებოდა განასთან ფრე გვეთამაშა და შემდეგ ამერიკელებს შევხვედროდით. თუმცამ მახსოვს, რომ 2002 წელს მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალში ამერიკელები დიდწილად იღბალის ხარჯზე დავამარცხეთ. თუმცა, ამჟამად ინგლისის ნაკრბს უფრო მაღლა ვაყენებ, ვიდრე ამერიკას.
- მარადონა უდიდესი ფეხბურთელი იყო, მაგრამ როგორც მწვრთნელს, მის შესაძლებლობებს ბევრი რბილად რომ ვთქვათ სკეპტიკურად უყურებს. სამართლიანი იქნება, რომ ის როგორც მწვრთნელი მსოფლიო ჩემპიონი გახდეს?
- მის გუნდში ბევრი გამოცდილი მოთამაშეა, რომლებმაც თავად იციან რა უნდა გააკეთონ. მარადონას მხოლოდ ის რჩება, რომ შესაფერისი შემადგენლობა შეარჩიოს და მოედანზე ფეხბურთელები სწორედ განალაგოს. რა თქმა უნდა, სხვა მწვრთნელებთან შედარებით, ამ შემთხვევაში მას დიდი უპირატესობა აქვს. ახალგაზრდა გერმანული გუნდი, გამოცდილი ასეთი გამოცდილი ნამდვილად არაა. თუმცა, არ შეიძლება არ აღინიშნოს –არგენტინის ნაკრებში საუცხოო ატმოსფეროა. როგორ კოცნის მარადონა ფეხბურთელებს მატჩამდე და მის შემდეგ! ვაღიარებ, მსგავსი რამ მანამდე არ მინახავს.
- თუ გერმანია ინგლისის ბარიერს დაძლევს, დიდი შანსია, რომ არგენტინას შეხვდეს...
- ინგლისთან 1/8-ფინალში თამაში საკმაოდ რთულია, ხოლო ამჟამინდელ არგენტინასთან დაპირისპირება – კიდევ უფრო მძიმე. მე ადრეც განვაცხადე –ახალგაზრდა გერმანიის ნაკრებისთვის 1/2-ფინალში გასვლა დიდი წარმატება იქნება. თუმცა, ვიმეორებ, რომ ამჯერად საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა ძალიან გაგვიჭირდება.