"ჩემი ნათესავი არ არის, მე ვარ მისი შვილის ნათლია" - თეა წულუკიანი შალვა თადუმაძის შესახებ

"ჩემი ნათესავი არ არის, მე ვარ მისი შვილის ნათლია" - თეა წულუკიანი შალვა თადუმაძის შესახებ

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ადასტურებს, რომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე შერჩეული ერთ-ერთი კანდიდატის, შალვა თადუმაძის შვილის ნათლიაა. ამის შესახებ წულუკიანმა ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„ჩემი ნათესავი თადუმაძე არ არის, მე ვარ მისი შვილის ნათლია. ის გავიცანი პოლიტიკურ ბრძოლაში 2012 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილის გარშემო ვიყავით იურისტების ჯგუფი შეკრებილი. ამ ჯგუფში იყო არჩილ კბილაშვილი, შალვა თადუმაძე, ალექსანდრე ბარამიძე, ზაქრო ქუცნაშვილი და მე, თქვენი მონა-მორჩილი. ეს იყო საკმაოდ შთამბეჭდავი ჯგუფი იურისტების და ასე შედგა ჩემი ნაცნობობა ბატონ შალვასთან“, - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, საპროკურორო საბჭოსთვის წარდგენილი სამივე კანდიდატი ღირსეულია, თუმცა, პასუხობენ თუ არა ისინი საპროკურორო საბჭოს მოლოდინებს, ამას საზოგადოება საბჭოს სხდომის კვალდაკვალ ნახავს.

„როგორც იცით, იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა სამი კანდიდატურა შეარჩია და შესთავაზა საპროკურორო საბჭოს. ჩვენ ამ კვირაში ჩავატარებთ საპროკურორო საბჭოს სხდომას და გავესაუბრებით კანდიდატებს. ეს პროცედურა მეორედ ტარდება იმიტომ, რომ მანამდე არ ყოფილა გატარებული ის რეფორმა, რომელმაც საპროკურორო საბჭო შემოიტანა ჩვენს ქვეყანაში. 2015 წლიდან გვაქვს შესაძლებლობა, რომ გამჭვირვალედ შევარჩიოთ პროკურორის კანდიდატურა, რომელიც უნდა დაამტკიცოს მთავრობამ და შემდეგ აირჩიოს პარლამენტმა. ეს არის კომპლექსური, ხანგრძლივი, გამჭვირვალე პროცედურა. ჩემი აზრით, სამივე კანდიდატი არის ღირსებული, მაგრამ პასუხობენ თუ არა ისინი საპროკურორო საბჭოს მოლოდინებს, სადაც პროკურორები, მოსამართლეები, დეპუტატები, ადვოკატთა ასოციაციისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები არიან, ამას ვნახავთ საბჭოს სხდომის კვალდაკვალ.

მე ყველა კანდიდატთან მაქვს კითხვები ზოგთან - ასეთი, ზოგთან - ისეთი. თუმცა, საბჭოს სხდომაზე კითხვების დასმისგან, ვფიქრობ, თავს მაქსიმალურად შევიკავებ. ერთ-ერთი კანდიდატისადმი მაქვს ძალიან დიდი კითხვა, ამ კითხვასაც არ დავსვამ და შეიძლება კენჭისყრაშიც არ მივიღო მონაწილეობა იმისთვის, რომ საზოგადოებამ დაინახოს საბჭოს რა სურს“, - განაცხადა წულუკიანმა და დასძინა, რომ საპროკურორო საბჭოს სხდომის აუდიოჩანაწერები საბჭოს ვებ-გვერდზე განთავსდება.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები