ავტორი:

საქართველო NATO-ს ისტორიული სამიტის მოლოდინში - მივიღებთ თუ არა "მაპს"?

საქართველო NATO-ს ისტორიული სამიტის მოლოდინში - მივიღებთ თუ არა "მაპს"?

ბრიუსელი 11-12 ივლისს NATO-ს სამიტს მასპინძლობს. სამიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის - რადგან პირველად, საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობების ისტორიაში, უმაღლეს დონეზე გაიმართება შეხვედრა სახელმწიფოს მეთაურთა მონაწილეობით, სადაც საუბარი იქნება საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, თავდაცვისუნარიანობაზე და ამ კონტექსტში ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებაზე.

სამიტზე დასასწრებად, საქართველოს პრეზიდენტის მეთაურობით ქართული დელეგაცია ბრიუსელში გაემგზავრა.

"ოცნების" ხელისუფლება ნატო-ს სამიტზე დიდ იმედებს ამყარებს. დამაიმედებელი განცხადებები კეთდება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანაც, თუმცა პოლიტოლოგების აზრით, ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის სამოქმედო გეგმას არც წელს მივიღებთ, თუმცა ის, რომ საქართველოსთან დაკავშირებით პოზიტიური განცხადებები გაკეთდება, ამაზე არ დაობენ.

"ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას. მადლობელი ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველო ნატო-ს უწევს საერთაშორისო მისიებში და ოპერაციებში. საქართველოს ნამდვილად კარგი პროგრესი აქვს. რაც შეეხება საქართველოს გაწევრიანებას ალიანსში, კონკრეტულ თარიღს ვერ დავასახელებ, მაგრამ ის ფაქტი, რომ მონტენეგრო ნატო-ს წევრი გახდა, ხოლო მაკედონიასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს ვიწყებთ, იმაზე მეტყველებს, რომ ნატო-ს კარები ღიაა.

ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას ნატო-ში გაწევრიანების გზაზე. ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები დაადასტურებენ კვლავ 2008 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება”, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე "ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ.

ქართული მხარე სამიტზე რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებზე და სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერის შესახებ ისაუბრებს. ის, რომ ნატო-ს სამიტზე საქართველოსთან დაკავშირებით პოზიტიური განცხადებები გაკეთდება, ამაზე პოლიტოლოგებიც არ დაობენ. მაპი-ს მიღებასთან დაკავშირებით კი სკეპტიკურად არიან განწყობილები.

თსუ-ს პროფესორის, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" (GIP) მკვლევარის მარიამ გრიგალაშვილის თქმით, რუსეთს საქართველოსთან დაკავშირებით აგრესიული პოლიტიკა არ შეუცვლია, ამიტომ მისი აზრით, ნატო-ს წევრი სახელმწიფოები ამ აგრესიის შესაჩერებლად მაპ-ს არ გამოიყენებენ.

„ბუქარესტის სამიტიდან 10 წელი გავიდა. ეს იყო ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამიტი, სადაც ჩაიწერა, რომ საქართველო ერთ დღეს გახდებოდა ნატო-ს წევრი. ამ ხნის განმავლობაში ქვეყანამ ძალიან გრძელი და რეფორმებით დატვირთული გზა გაიარა, რომ ის სტანდარტები დაეკმაყოფილებინა, რომელიც საბოლოოდ ნატო-ს წევრობამდე მიგვიყვანს.

თვითონ ალიანსის წევრი ქვეყნები თავის ანგარიშებში ყოველთვის ხაზს უსვამდნენ საქართველოს წინსვლას. რაც შეეხება მოლოდინებს, ძნელია ივარაუდო, რა ტექსტი ჩაიწერება სამიტის საბოლოო დოკუმენტში. ნატო-ს წევრი სახელმწიფოები აანალიზებენ იმას, რომ მათ მოუწევთ დაპირების შესრულება, მეორე მხრივ ქვეყანა, რომელსაც დაპირება მისცეს, პროგრესირებს. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ მოსახლეობის 65% მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში ინტერგაციას. აქედან გამომდინარე, ნატო-ს წევრმა სახელმწიფოებმა კიდევ ერთხელ უნდა გაიმეორონ, რომ საქართველო მზადაა შემდეგი ნაბიჯებისთვის.

ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები საკმაოდ ოპტიმისტურ მოლოდინებს ტოვებს და ვიცით რომ შემდეგი ნაბიჯი, რაც ნატო-მ საქართველოს უნდა შესთავაზოს, ეს არის მაპი. თუმცა, გეოპოლიტიკური ვითარება არ შეცვლილა - რუსეთი საქართველოსთან დაკავშირებით აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას, ამიტომ ეჭვი მაქვს, ამ აგრესიის შესაჩერებლად ჩრდილო ატლანტიკურმა ალიანსმა მაპი მოგვცეს.

პოზიტიური განცხადებები კი რაც შეიძლება გაკეთდეს - კიდევ ერთხელ უნდა დაფიქსირდეს, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველომ ამ წლების განმავლობაში გადადგა პროგრესიული ნაბიჯები და წევრმა სახელმწიფოებმა გამონახონ მაპის გარდა თანამშრომლობის სხვა ინსტრუმენტი" - განაცხადა AMBEBI.GE-სთან საუბარში გრიგალაშვილმა.

ნატო-ს სამიტისგან მაპ-ს არც ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ელის, თუმცა ფიქრობს, რომ ამ სამიტის შემდეგ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდასთან დაკავშირებით პარტნიორი სახელმწიფოები კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ.

"სამიტზე მაპი-ს მონიჭებაზე არამგონია საუბარი იყოს და არც იმის მოლოდინი მაქვს, რომ გაკეთდება ჩანაწერი, რომელიც საქართველოს გაწევრიანებას მაპი-ს გარეშე უზრუნველყოფს. თუმცა შეიძლება რაიმე სახის ჩანაწერი გაკეთდეს, რომელიც ამაზე მიანიშნებს. რაც შეეხება დანარჩენს, საქართვლო შეიძლება მოხსენიებული იყოს შავი ზღვის ნატო-ს უსაფრთხოების კონტექსტში, ასევე იქნება საუბარი ჰიბრიდულ საფრთხეებზე და მასში საქართველოს ჩართვაზე.

ერთი სიტყვით პოზიტიური და კონკრეტული განცხადებები გაკეთდება საქართველოს თავდაცვის უნარიანობის გაზრდასთან დაკავშირებით. მაპზე კი დარწმუნებული ვარ საუბარი არ იქნება" - უთხრა AMBEBI.GE-ს გოგოლაშვილმა.

შს მინისტრი ბოლო დღეებში გაწეული შრომისთვის პოლიციელებს მადლობას უხდის

პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებული საკითხი დაამტკიცა

"კვერცხი გადააყლაპეთ, არ ისმის ხმა" - ხმაური პარლამენტის ხხდომათა დარბაზში