სმიტების მკვლელობა - ტრაგიკული მოვლენების ქრონოლოგია და ვერსიები

სმიტების მკვლელობა - ტრაგიკული მოვლენების ქრონოლოგია და ვერსიები

ამერიკელი ოჯახის სასტიკმა მკვლელობამ მთელი საქართველო შეძრა. 43 წლის რაიან და 42 წლის ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან კაილებთან ერთად, მარნეულიდან ხადას ხეობაში დასასვენებლად გაემგზავრნენ...

4 ივლისს, ოჯახმა კარავი სოფელ წკერეს სიახლოვეს გაშალა და სოფლის ჩანჩქერის სანახავად გეგმავდნენ წასვლას. ამ დღეს მათთან კავშირი გაწყდა...

მოდით, ქრონოლოგიურად მივყვეთ, როგორ განვითარდა ტრაგიკული მოვლენები, რა ვერსიები აქვს გამოძიებას, ადგილობრივებს და მკვლელობაში ბრალდებულის მხარეს...

6 ივლისი

"112"-ში შევიდა შეტყობინება საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ორი პირის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების ინიციატორის თქმით, დაკარგულები დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში იმყოფებოდნენ და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა. სოფელში 15 მაშველი გაემგზავრა.

ამავე დღეს, წკერეში დაკარგულების მანქანა და პირადი ნივთები აღმოაჩინეს, ავტომანქანიდან დაახლოებით 3 კილომეტრში კი, ალავერდის ჩანჩქერში ლორა სმიტის ცხედარი იპოვეს.

7 ივლისი

სამძებრო სამუშაოები განახლდა. მაშველებმა მდინარეში, ჩანჩქერიდან 800 მეტრის დაშორებით რაიან სმიტის ცხედარს მიაკვლიეს.

შსს საქმეზე პირველ განცხადებას აკეთებს. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სს კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. შსს-ის პირველი განცხადების მიხედვით, "პირველადი დათვალიერებით, არც ერთ გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება".

ჯერ კიდევ ვერ ხერხდება მცირეწლოვანი ბავშვის პოვნა.

8 ივლისი

"კვირის პალიტრისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ ეს უბედური შემთხვევა არ იყო და სამართალდამცველებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 19 წლის მწყემსი დააკავეს. მან სამართალდამცველებს 4 წლის ბიჭის ცხედრისა და მკვლელობის იარაღის სამალავზეც მიუთითა.

9 ივლისი

შსს-ს ოფიციალური განცხადება საქმეზე - დაკავებულია 1998 წელს დაბადებული მალხაზ კობაური, რომელმაც ჩადენილი დანაშაული აღიარა. ნაპოვნია 4 წლის ბავშვის ცხედარი, რომლის ადგილსამყოფელი 19 წლის მწყემსმა თავად აჩვენა სამართალდამცველებს.

პროკურატურის ვერსია:

"4 ივლისს მალხაზ კობაური ხადას ხეობაში შეხვდა სმიტებს, რომლებმაც მას სთხოვეს, ჩანჩქერამდე მისვლაში დახმარებოდა. კობაური დათანხმდა და გაჰყვა მათ ერთ-ერთი ჩანჩქერის სანახავად.

ვინაიდან დიდი გზა იყო გასავლელი, შეისვენეს და ცოლ-ქმარმა კობაური სადილზე მიიწვია. როდესაც ადგილზე მივიდნენ, რაიან სმიტმა მწყემსს შენიშვნა მისცა ცეცხლსასროლი იარაღის (ორლულიანი თოფის) დაუდევრად პყრობის გამო და მიუთითა, ვინაიდან იქ პატარა ბავშვი იყო, მას მორიდებოდა. ამაზე განაწყენებულმა კობაურმა თოფს დამცველი მოხსნა და რაიან მაიკლ სმიტს დამიზნებით ესროლა ზურგის არეში. საბოლოოდ, განზრახვა სისრულეში მოიყვანა მაშინ, როცა მას მეორე ტყვია სახის არეში ესროლა, რის შედეგადაც მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

დანაშაულის დამალვის მიზნით, კობაურმა გადაწყვიტა გარდაცვლილის ცოლისა და ბავშვის მოკვლაც - იარაღში ჩაალაგა ვაზნები და მათ დაუმიზნა. თუმცა, ლორა სმიტი გაიქცა და ამ დროს კობაურმა ბავშვს ესროლა. კობაური, იმაში დარწმუნებული, რომ ბავშვი გარდაიცვალა, ქალის მიმართულებით წავიდა, რა დროსაც ქალი ჩანჩქერში გადავარდა. ამის შემდეგ, კობაურმა ბავშვის ცხედარი შემთხვევის ადგილის მიმდებარედ არსებულ თოვლის ზვავის ქვეშ, ბუნებრივად წარმოშობილ მცირე ზომის ქვაბულში მათ კუთვნილ ნივთებთან ერთად გადამალა და შემთხვევის ადგილი დატოვა".

სოფლის მაცხოვრებლების ვერსია:

"უთქვამს თოფი ვესროლეო, იძულებული გამხადაო... ცოლი გადავურჩინე, სურათებს რომ იღებდნენო, კლდიდან ვარდებოდა და მივეშველე ქალსო, კაცმა კი დამარტყაო. ვითომ თავს იმართლებს, იძულებული გამხადაო. რომ კითხეს ბავშვმა რა დაგიშავაო, ტიროდა და მა რას ვიზამდი, იმასაც ვესროლეო - აღიარა დანაშაული. ამბობს, რომ მარტოკა იყო..."

"ჯერ კაცი ჰყავს მოკლული, ქალზე იძალადა და მერე ბავშვიც მოკლა. როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, მოკლულ კაცს სახეში აქვს ნასროლი, თვალებიც არ აქვს... ბავშვის ზურგჩანთაც გახვრეტილია, რომელიც მოკლულს ზურგზე ეკეთა. მერე ცხენის ძუაზე მოუბამს ეს კაცი და ისე გამოუთრევია“ - ყვებიან ადგილობრივები "იმედთან" საუბარში.

ბრალდებულის ოჯახის ვერსია:

კობაურის დედა, მარიამ მარტიაშვილი: "დარწმუნებული ვარ, მაგას ჩემი შვილი არ ჩაიდენდა. ვთხოვ შინაგან საქმეთა სამინისტროს, გამოიკვლიონ წესიერად და გამაგებინონ რა ხდება. დარწმუნებული ვარ, ეგ ჩემი შვილის გაკეთებული არ არის. 7 ივლისს დამირეკა დილით, ვესაუბრე, მოვიკითხე როგორ ხარ-მეთქი, მითხრა მე ძალიან კარგად ვარ, მაგრამ დიდი უბედურება მოხდა, ტურისტები დახოცესო... აჭიკჭიკეს, როგორც უნდოდათ ისე და მერე აუყვანეს ადვოკატი. ჩემი შვილი არის შანტაჟის ქვეშ. ვიღაც უდგას უკან, არ ვიცი სხვა არაფერი. თქვა, აშანტაჟებდნენ და ოჯახის ამოხოცვით ემუქრებოდნენ.

ამონარიდები მალხაზ კობაურის ჩვენებიდან:

"ბავშვის მამამ მითხრა, რომ თოფი ცუდად მქონდა მიშვერილი და უმჯობესი იყო, მოშორებით გადამედო. ამ შენიშვნაზე ძალიან გავღიზიანდი და ხმამაღლა მივმართე, რომ ის ვერ მასწავლიდა თოფის მხარზე გადაკიდებას და მოხმარებას. ამაზე ტანსრული მამაკაცი წამოდგა თავად გაღიზიანებულ მდგომარეობაში. ამის დანახვაზე მეც ავდექი და ავიღე თოფი. მან მარჯვენა მკლავში მომკიდა ხელი, მე მყისიერად გავუსხლტი ხელიდან და გავედი რამდენიმე მეტრით უკან, მოვიმარჯვე ჩემს ხელთ არსებული თოფი, სადაც მედო ორი ცალი ტყვია, დავმუხტე სასროლად, სასხლეტს გამოვკარი ხელი და ვესროლე მამაკაცს, რომელიც უკვე გარბოდა.

გასროლის შედეგად, როგორც მახსოვს, ტყვია გავარტყი ზურგის არეში და მან ხმამაღლა დაიწყო ყვირილი. მის ყვირილზე ძალიან შემეშინდა და რამდენიმე წამში ისევ ვესროლე. როგორც მახსოვს, მოხვდა თავის არეში. ის მყისიერად დაეცა სახით მიწაზე და უკვე აღარ ამოუღია ხმა.

ამის შემდეგ, ჯიბიდან ამოვიღე კიდევ ერთი ტყვია და ჩავდე თოფში. ქალმა ამის დანახვაზე ჩანჩქერისკენ ჩაირბინა. ასევე, დავინახე იქვე მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც იდგა და ტიროდა... მე მას მივუახლოვდი რამდენიმე ნაბიჯით და ვესროლე ერთი ტყვია, რომელიც მოხვდა თავის არეში და დავარდა უგონო მდგომარეობაში. ჩემ მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდეგ, გასროლილი სამივე მასრა ავკრიფე და გადავყარე მდინარეში. ამის შემდეგ ბავშვის გვამს მოვკიდე ფეხში ხელი და გავათრიე თოვლის გაყინული მასის გვერდით, სადაც შევეცადე, დამემალა გვამი, რათა გამვლელებს ადვილად არ შეენიშნათ..."

11 ივლისი

სმიტების მკვლელობაში ბრალდებული სასამართლო პროცესზე ბრალს არ აღიარებს.

"ისინი მე არ დამიხოცავს. ორი უცხოელი მამაკაცი იყო და იმათ დახოცეს. მე დამემუქრნენ, რომ ოჯახს ამომიწყვეტდნენ"

- თქვა კობაურმა მცხეთის სასამართლოში მიმდინარე პროცესის დროს. პროცესის დასასრულს მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა - მალხაზ კობაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ცნობილი ხდება, რომ ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიებაში საქართველოს დახმარებას FBI გაუწევს. ამერიკელები ტექნიკურ ექსპერტიზაში მიიღებენ მონაწილეობას, რაც მკვლელობის ადგილზე ნაპოვნი ფოტოაპარატისა და ტელეფონის ექსპერტიზას გულისხმობს.

12 ივლისი

მარნეულში სმიტების ოჯახის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. სმიტების საცხოვრებელ სახლთან მათი აზერბაიჯანელი მეგობრები და ნაცნობები, მეზობლები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათ ამერიკელი ოჯახის სახლთან ყვავილები, სათამაშოები და სანთლები მიიტანეს.

სმიტების ოჯახის ახლო მეგობარმა სამოქალაქო სამძიმარზე შეკრებილებს რაიანის მშობლების წერილიც წაუკითხა:

"მარნეული რაიანის, ლორას და კაილების ნამდვილი სახლი იყო. ამ ზამთარს რაიანმა, ლორამ და კაილებმა სამი თვე ამერიკაში, მეგობრებთან ერთად გაატარეს, მაგრამ მათ უნდოდათ, რომ მარნეულში აზერბაიჯანელ და ქართველ მეგობრებთან დაბრუნებულიყვნენ. მათ მარნეულში საცხოვრებლად სახლი ააშენეს და უნდოდათ კაილები, როგორც აზერბაიჯენელი, მარნეულში ისე აღეზარდათ.

ჩვენც, თქვენსავით რაიანის, ლორასა და კაილების დაკარგვის გამო ვწუხვართ. ჩვენ მოგვენატრება მათი სიყვარული. ახლა ისინი სამოთხეში ალბათ იესოს შეხვდნენ. მე და ბაირონი მომდევნო თვეს მარნეულში, თქვენთან შეხვედრას ვაპირებთ. ყველას ოჯახს სიყვარულს ვუსურვებთ - რაიანის ამაყი მშობლები და საყვარელი კაილების ბებია-ბაბუა - ლინი და ბაირონი"

12 ივლისი

მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი დავით გირგვლიანი ამბობს, რომ კობაურმა უამბო, როგორ გახდა სმიტების ოჯახის მკვლელობის მოწმე და აღწერა ადამიანები, ვინც მკვლელობის დროს შემთხვევის ადგილზე იყვნენ:

"ბრალდებული მისთვის ბრალად წარდგენილ ქმედებას არ აღიარებს. მან მომიყვა სინამდვილეში თუ რა მოხდა და რას შეესწრო. მისი საუბარი იყო ლოგიკური და სწორი, ასევე ერთმანეთთან კავშირში მყოფი. მის მიერ გაკეთებულ განცხადებას "უცხოელებთან" დაკავშირებით არაერთი ინტერპრეტაცია მოჰყვა, თითქოს უცხოები თქვა და არა უცხოელებიო. ეს ადამიანები სავარაუდოდ, უცხოებიც იყვნენ და უცხოელებიც. ერთი მეორეს არ გამორიცხავს. ანუ როგორც ბრალდებულმა განაცხადა, ეს ადამიანები იყვნენ დაახლოებით ორი მეტრის, შავგვრემნები. აქცენტით საუბრობდნენ ქართულად. მალხაზ კობაურმა მითხრა, რომ აქცენტით მიამსგავსა უფრო ჩრდილოკავკასიელებს, აღნიშნა, რომ უფრო ლეკებს ჰგავდნენო. მან ასევე თქვა რომ ეს ადამიანები ოსებს არ ჰგავდნენო.

კობაური ამბობს, რომ თვითონ იყო შემსწრე იმისა, თუ როგორ მოკლა ამ ორმა ადამიანმა სმიტების ოჯახი და შესაბამისად დაემუქრნენ მას, რომ მოკლავდნენ მასაც და მის ოჯახსაც იმ შემთხვევაში, თუ იგი ხმას ამოიღებდა.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა განაცხადა, რომ ეს ორი უცნობი პიროვნება იქ მივიდა შავი ფერის ავტომობილით. მარკა, მოდელი და სახელმწიფო ნომერი ვერ გაარჩია, რადგან ძალიან შორიდან დაინახა. თუმცა, დაინახა, რომ ეს ავტომობილი დაახლოებით 3-4 მეტრის დაშორებით გაჩერდა სმიტების ავტომობილთან, იქიდან გადმოვიდა ორი უცნობი პიროვნება. ეს ორი პიროვნება მალე მათ გზაზე წამოეწია. ასევე, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა განაცხადა, რომ ოჯახის უფროსი სავარაუდოდ, ამ ადამიანებს იცნობდა, რადგან მათი დანახვისთანავე ეს ადამიანი აღელდა, ნაბიჯს აუჩქარა, თითქოს შეეშინდა.

...ნამდვილად ვერ გამოვრიცხავთ იმის დაშვებასაც კი, რომ მათ სპეციალურად დაეტოვებინათ ეს ბიჭი ცოცხალი, რათა თვითონ გამხდარიყო ბრალდების მსხვერპლი" - განაცხადა დავით გირგვლიანმა.

13 ივლისი

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება ხადას ხეობაში მოკლული ლორა სმიტის გაუპატიურების ვერსიაზეც მუშაობს. უწყების განმარტებით, გამოძიება ექსპერტიზის დასკვნის მოლოდინშია.

სმიტების მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 4 სექტემბერს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაიმართება.

ავტორები: ტექსტი - ნარიტა ჩხაიძე; ილუსტრაცია - გელა ბერიანიძე; ვიქტორ წიკლაური; ლევან ტაბატაძე

"სჯობს, ყველა დაცხრეს - ძიება, რომელიც დაიწყო, არ შეცვლის გარეჯის საკითხს" - მეუფე იაკობი

"თრომბოემბოლიის დროს გადარჩენის პატარა შანსი არსებობს, თუ ის ვითარდება რეანიმაციაში" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე კორონავირუსით გარდაცვლილ 41 წლის ქალზე

მეტროსადგურებთან პირბადეების ტარებასა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით მოქმედი წესების დაცვას პატრული გააკონტროლებს