ახალი ინტერნეტ-დომენი .XXX, რომელიც სპეციალურად პორნოსაიტებისთვისაა განკუთვნილი, მსოფლიო ქსელში მომავალი წლიდან გამოჩნდება. ამის შესახებ ინტერნეტ-მისამართების გამანაწილებელმა ორგანიზაციამ ICANN ბრიუსელში გამართულ კონფერენციაზე გამოაცხადა.
ინტერნეტის მონოტორინგით დაკავებული ორგანიზაციები მიესალმებიან ამ გადაწყვეტილებას და აცხადებენ, რომ ახალი დომენი ქსელის მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, თავიდანვე გაერკვნენ საიტის შინაარსში და გადაწყვიტონ, გახსნან თუ არა ის.
"ეს კარგი საშუალებაა მათთვის, ვინც ინტერესდება პორნოსაიტებით და მათთვისაც, ვისაც ასეთი საიტებისგან თავი შორს უჭირავს", - განაცხადა კომპანია ICM-ის პრეზიდენტმა სტუარტ ლოულიმ.
ეს საკითხი რამდენიმე წლის წინაც განიხილებოდა, თუმცა მაშინ აშშ-ის კონსერვატიული პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების პროტესტის გამო გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
სხვადასხვა დათვლებით, ახალი დომენის მისაღებად 110 ათასზე მეტი პორნოსაიტი უკვე დარეგისტრირდა.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.