"მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები თქვენი ტერიტორიიდან" - ნატოს გენერალური მდივანი

"მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები თქვენი ტერიტორიიდან" - ნატოს გენერალური მდივანი

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებას მხარს უჭერს და ირწმუნება, რომ მომავალში საქართველო ალიანსს შეუერთდება. ამის შესახებ გენმდივანმა ბრიუსელში, საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაცია ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

სტოლტენბერგმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს წვლილს ავღანეთსა და ნატოს რეაგირების ძალებში. „გასულ კვირას, ნატოს 29-ვე მოკავშირემ დაადასტურა, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. ეს შეესაბამება გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მივიღეთ“, - განაცხადა გენმდივანმა.

მანვე აღნიშნა, რომ ნატო განაგრძობს საქართველოს დახმარებას გაწევრიანების საკითხში და მიესალმება ქვეყანაში რეფორმების მხრივ პროგრესს. მისი თქმით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი მხარს უჭერს რეფორმებს თავდაცვის სფეროში.

„მე ასევე ველოდები მოკავშირეების ფართო მონაწილეობას ნატოსა და საქართველოს სწავლებაში მომავალ წელს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

გენერალურმა მდივანმა და საქართველოს პრემიერმინისტრმა განიხილეს შავ ზღვაში უსაფრთხოების საკითხი და რეგიონში რუსეთის სამხედრო პოტენციალის მნიშვნელოვანი ზრდა. „შავ ზღვას გააჩნია სტრატეგიული მნიშვნელობა და საქართველო და ნატო გაააქტიურებენ თანამშრომლობას ამ რაიონში“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ალიანსი განაგრძობს საქართველოს სასაზღვრო ჯარების სწავლებას, თანამშრომლობს საქართველოს სამხედრო საზღვაო ძალებთან და საქართველოს საზღვაო ოპერაციების ცენტრთან. გენმდივანმა აღნიშნა, რომ ნატო ერთიანია უსაფრთხოების მხარდაჭერის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები თქვენი ტერიტორიიდან“, - განუცხადა იენს სტოლტენბერგმა მამუკა ბახტაძეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა მასთან შეხვედრაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა დაადასტურა.

„ჩვენ მადლობელი ვართ მოკავშირეების მყარი პოზიციის, რომ რუსეთმა უნდა გააუქმოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ „დამოუკიდებლობის“ აღიარება და გაიყვანოს მისი სამხედრო ძალები ამ ტერიტორიებიდან. ბატონმა სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ საქართველოს მიერ ალიანსის მხარდაჭერით წარმატებით განხორციელებული რეფორმები ხელს შეუწყობს ჩვენი ნატოში გაწევრიანების საბოლოო მიზანს. ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი სახელმწიფო, კიდევ ერთხელ გაჟღერდა ბრიუსელში ერთი კვირის წინ და ჩვენი ერთობლივი მცდელობები მიმართულია ამ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესასრულებლად. კიდევ ერთხელ მსურს გადაგიხადოთ მადლობა პირადად თქვენ ბატონო გენერალურო მდივანო, ამ მნიშვნელოვან გზაზე საქართველოს - ჩვენი ქვეყნისა და ერის განუხრელი მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

აზერბაიჯანის სამხედრო ნაწილები ქელბაჯარის რაიონში შევიდნენ

"უნდა გავუგზავნოთ საქართველოს მოწვევა, რომ დაუყოვნებლივ შემოუერთდეს ნატოს" - ბენ ჰოჯესი

სომხეთი აზერბაიჯანს 120-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს გადასცემს, თურქეთი და რუსეთი კი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თურქი სამხედროების პოსტის განთავსებაზე ვერ თანხმდებიან