ავტორი:

ცნობილი დედების და მათი თინეიჯერი შვილების ურთიერთობა: "ფაქტია, იპრანჭება და ვინმე თუ მოსწონს არ ვიცი..."

ცნობილი დედების და მათი თინეიჯერი შვილების ურთიერთობა: "ფაქტია, იპრანჭება და ვინმე თუ მოსწონს არ ვიცი..."

თინეიჯერ შვილებს მშობლებისგან განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ. მოზარდობის ასაკში შვილებს სულ სხვა ინტერესები უჩნდებათ, ჰყავთ ახალი მეგობრები, სწავლას ხშირად გულს ვეღარ უდებენ, სახლში დაბრუნების საათებიც საღამოს ცხრიდან 12 საათამდე იწევს... ბუნებრივია, ეს პროცესი მშობლისთვის ხშირად რთულად მისაღებია. AMBEBI.GE ცნობილ დედებს დაუკავშირდა, რომლებიც თინეიჯერ შვილებს ზრდიან.

კრისტი ყიფშიძის და გიორგი ყიფშიძის ქალიშვილი ნატალია, შეიძლება ითქვას, მუცლად ყოფნიდანვე ყურადღების ცენტრშია. კრისტი ორსულად იყო როცა პოდიუმზე გამოვიდა. ნატალია ახლა თინეიჯერობის ასაკშია და საკმაოდ აქტიური გოგონაა.

"ნატალია თინეიჯერია და მოგეხსენებათ ეს რთული ასაკია, როგორც ბავშვისთვის ასევე მშობლისთვის. ფსიქოლოგთან გავიარე კონსულტაციები და ჩემებური მიდგომა მაქვს.

ნატალიას ჯიუტი ხასიათი აქვს. შეუძლია ყოველდღე წავიდეს გასართობად, რაზეც მე პრეტენზიები მაქვს. ასევე ვეუბნები დროულად დაიძინოს, სწორად იკვებოს, ვერ ხვდება, რომ ეს მისთვის აუცილებელია. სხვა მხრივ არანაირი კონფლიქტი არ გვაქვს. დადის მუსიკალურ ფესტივალებზე, სადაც ბევრი ჩემი მეგობარი მიდის და სულ ვიცი რას აკეთებს. თავადაც ყურადღებიანია, ყოველთვის მეუბნება სად არის, ტელეფონი თუ დაუჯდა, სხვისგან მწერს მესიჯს.

ჰოროსკოპით ლომია და ლიდერი ხასიათი აქვს, თან ბავშვობიდან ყურადღების ცენტრშია და ჰგონია რომ ეს ასე უნდა იყოს. ხშირად მოჰყავს ჩვენთან მისი მეგობრები, ყველას ვიცნობ და ძალიან კარგი ბავშვები არიან. მე და დედაჩემი განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ნატალიას.

- როგორც ვიცი, საზღვარგარეთ აპირებდა სასწავლებლად წასვლას. რას გეგმავს სამომავლოდ?

- სკოლას როცა დაამთავრებს, საზღვარგარეთ მიდის სასწავლებლად. თუმცა, რაზე ჩააბარებს, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. მე უცხო ენების ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული და ჩემი პროფესიით ერთი საათიც არ მიმუშავია, ვნახოთ რა იქნება.

მომღერალი ვერიკო ტურაშვილი 20 წლის ასაკში დაოჯახდა და ქალიშვილი შეეძინა, თუმცა სამწუხაროდ, მალევე დაქვრივდა. ლიზი ბერუჩაშვილის გაზრდაში ვერიკოს დედამთილი ეხმარება.

- ლიზა თინეიჯერია, რთული ხასიათი აქვს, მაგრამ სახლიდან გაქცევები და მსგავსი კონფლიქტი ჯერ არ გვქონია. რაღაც პერიოდი ძალიან რთულად იყო ყველაფერი, მაგრამ ახლა დამშვიდდა. თვითონვე აღიარა, ცუდად რომ იქცეოდა. ყველაფერზე ვკამათობთ. რამეს როცა ვეტყვი, ჯერ მეწინააღმდეგება და ნახევარ საათში ზუსტად ისე აკეთებს, როგორც მე ვეუბნები. ფეხების ბაკუნი ჩვევია.

- ბიჭებს ეპრანჭება უკვე?

- ბიჭების ამბავში მე მგავს, სანამ არ გავთხოვდი, ბიჭისკენ არც გამიხედია. არ იპრანჭება საერთოდ. ძალიან მგავს საერთო ჯამში. რაც შეეხება მისი პირადი ფეისბუქის ან ტელეფონის გაკონტროლებას, არ ვარ ის მშობელი, რომელიც შვილის მესიჯებს აზის. მე ყოველთვის ვიცი სად არის, ვისთან მეგობრობს და ა.შ. ისიც იცნობს ჩემს მეგობრებს, ხშირად დავდივართ ერთად და როცა ჩემი მეგობრები ჩემთან მოდიან, ძილის ბოლო წვეთამდე ჩემთან ერთად ზის და გვისმენს.

მომღერალ ნინო ჩხეიძეს ერთი შვილი ჰყავს. მარიკო თითქმის ყველა ბავშვს უყვარს, რადგან მისი სიმღერა „გზაზე მიდის კურდღელი“ ძალიან პოპულარულია. გოგონა უკვე თინეიჯერია და მის რთულ ხასიათს ძირითადად დედა - ნინო ჩხეიძე უმკლავდება, რადგან მამა ამჟამად უკრაინაში ცხოვრობს.

- მარიკო პრობლემური ბავშვი არ არის, თუმცა თავისებური ხასიათი აქვს. ძალიან ჰგავს თინეიჯერ ნინო ჩხეიძეს. როგორც მე მიყვარდა პრანჭვა, ისე უყვარს მარიკოსაც. მეც დამჯერი ბავშვი ვიყავი და მარიკოც ასე არის. ერთადერთი, რაც ცოტა უცნაურად მეჩვენება, არის მისი მუსიკალური გემოვნება. უცნაურ რაღაცეებს უსმენს.

- ამ ასაკში ძალიან რთულია შვილის ნდობის მოპოვება, თქვენ მოპოვებული გაქვთ მარიკოს ნდობა?

- არ ვიცი, შეიძლება რაღაცეებს მიმალავს, მაგრამ ვცდილობ მაქსიმალურად მეგობრული ვიყო და არაფერი დამიმალოს. რაც არ უნდა მითხრას, ვცდილობ შეშფოთება არ გამოვხატო. რაც შეეხება პირად ამბებს, არაფერი ვიცი. ფაქტია რომ იპრანჭება და ვინმე თუ მოსწონს არ ვიცი.

მოდელი რუსა ჩაჩუა ოთხი შვილის ახალგაზრდა დედაა. რუსას პირველი ქორწინებიდან სიმპატიური სპორტსმენი შვილი ჰყავს - თაზო სკოლას მომავალ წელს ამთავრებს.

- თაზო არის ჩამოყალიბებული, ზრდასრული ადამიანი, რომელიც ყველანაირ აზრს ითვალისწინებს, ყველაფერს ერთად ვწვეტთ. როცა გვეუბნებიან რომ თინეიჯერობა რთულია, ეს ჩემთვის უცნაურია. თაზო სპორტსმენია და სრულიად იხარჯება სწავლაში და სპორტში. მეცოდება კიდეც, ისე ბოლომდეა ჩართული სპორტში და სწავლაში. მეგობრებისთვის დრო ფაქტიურად არ აქვს.

- როგორი დედა ხართ?

- ყველანაირად ვუწევ ანგარიშს. არანორმალურად შემაწუხებელი დედა ვარ. სულ უნდა ვიცოდე სად არის, რას აკეთებს და ა.შ. ის არის ადამიანი, რომელიც არც მე მატყუებს და არც მამას, დიდ პატივს გვცემს. ამის მიუხედავად ძალიან შემაწუხებელი დედა ვარ, მაგრამ თქვენი მეშვეობით ახლა ბოდიშს მოვუხდი. არ აპროტესტებს, მაგრამ ვაღიარებ, აუტანელი დედა ვარ.

- როგორ მოახერხეთ შვილში ასეთი ნდობის მოპოვება?

- არაფერი არ გამიკეთებია. ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ნებისმიერი წამი შვილებთან ვყოფილიყავი. ბევრი რამე გადავდე შვილებისთვის, თუნდაც კარიერის მხრივ. როცა ბავშვი გავაჩინე, გავიაზრე რომ მე უნდა ვიყო დედა რომელიც შვილს სწორად აღზრდის და მუდმივად მასთან იქნება. ბევრჯერ ყოფილა, დაბადების დღეზეც კი არ წავსულვარ შვილების გამო. შეიძლება ყველაფერი გააკეთო და არაამქვეყნიური დედა იყო, მაგრამ შვილის პროტესტი ვერ შეაჩერო. ამიტომ მხოლოდ ჩემი დამსახურება არაა, თაზო ასეთი თინეიჯერი რომ არის. ეს მისი დამსახურებაც არის.

ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე 15 წლის ქალიშვილის დედაა. როგორც ნანიკო ამბობს, ლილუ პრობლემური თინეიჯერი არ არის. "ლილუ ახლა არის 15 წლის. ჯერჯერობით მშვიდად მიდის მისი გარდატეხის ასაკი, თუმცა, არავინ იცის რა იქნება ხვალ ან ერთ წელიწადში"

- ჰგავს თინეიჯერ ნანიკო ხაზარაძეს, თუ თქვენ მეამბოხე თინეიჯერი იყავით?

- მე ცხოვრებამ გამხადა მეამბოხე. მშვიდი თინეიჯერი ვიყავი, მეამბოხე გამოცდილებების შემდეგ გავხდი.

- ამ ასაკში განსხვავებული მუსიკა და ფილმები მოსწონთ ბავშვებს, რა ინტერესები აქვს ლილუს ისეთი, რაც თქვენთვის უჩვეულოა?

- ის ვიცი, რომ ჩვენზე ბევრად განათლებული და მაგარი თაობა მოდის. ახლა სხვა დროა, უამრავი ინფორმაცია მარტივად ვრცელდება და არც მიკვირს ამ თაობის ინტერესები, ძალიან მაგარი ბავშვები არიან, არგუმენტირებულად შეუძლიათ დაგიმტკიცონ ყველაფერი და მშვიდად განაგრძონ ცხოვრება, განათლებულებიც არიან და მე ეს მახარებს. მეგობრულად ვზრდი, მაგრამ ყველა ადამიანს აქვს საიდუმლო და ლილუსაც ექნება, რა თქმა უნდა.

ნინო ჩხეიძის საახალწლო ფოტოსესია - მომღერალი თბილისის ქუჩებში საღამოს კაბებით სეირნობს

"ნაციონალურმა მოძრაობამ" რომ დაინახა ბატონმა გრიგოლმა მიატოვა, ახლა გაახსენდათ ანანიაშვილი და რუსულ ბალეტი" - დავით ოქიტაშვილი

"არ მიღირდა თითქმის განახევრებულ ხელფასზე მუშაობა" - რატომ დატოვეს "ტვ პირველი" ირინა ონაშვილმა, ესმა კუნჭულიამ და რატი დურგლიშვილმა