ავტორი:

"არ მიღირდა თითქმის განახევრებულ ხელფასზე მუშაობა" - რატომ დატოვეს "ტვ პირველი" ირინა ონაშვილმა, ესმა კუნჭულიამ და რატი დურგლიშვილმა

"არ მიღირდა თითქმის განახევრებულ ხელფასზე მუშაობა" - რატომ დატოვეს "ტვ პირველი" ირინა ონაშვილმა, ესმა კუნჭულიამ და რატი დურგლიშვილმა

სამი თვის წინ ტელეკომპანია "პირველზე" ახალი გადაცემა - "შუადღე LIVE" დაიწყო. წამყვანები ცნობილი სახეები - მომღერალი რატი დურგლიშვილი, მოდელი ირინა ონაშვილი, ჟურნალისტი ესმა კუნჭულია და მსახიობები ანა ქურთუბაძე და ზალიკო ჩიქობავა გახლდნენ. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ახალი სეზონიდან არხი და გადაცემა სამმა წამყვანმა - ესმა კუნჭულიამ, რატი დურგლიშვილმა და ირინა ონაშვილმა დატოვეს, რისი მიზეზიც მათთვის ხელფასის შემცირება გახდა.

ახალი კონტრაქტები წამყვანებს ახალი წლის შემდეგ შესთავაზეს და როგორც AMBEBI.GE-ს წყარო უყვება, რატი დურგლიშვილმა უკმაყოფილომ დატოვა ტელევიზია, ესმა კუნჭულიამ განცხადება წასვლაზე იმავე დღეს დაწერა, ხოლო ირინა ონაშვილმა სოციალური ქსელით შეატყობინა პროდიუსერს, რომ თანამშრომლობის გაგრძელებას აღარ აპირებდა.

რა მოხდა სინამდვილეში ტელევიზიაში - AMBEBI.GE-მ ინფორმაცია ყველა მხარესთან გადაამოწმა. ესმა კუნჭულია, ჩვენთან საუბარში ადასტურებს, რომ განცხადება დაწერა და გუნდს დაემშვიდობა:

- დიახ, გიდასტურებთ, რომ დავტოვე გადაცემა და დავემშვიდობე გუნდს. აქვე გიდასტურებთ, რომ ერთ-ერთი მიზეზი იყო ხელფასის 40%-იანი დაკლება, მე არ მიღირდა ამ პირობებში მუშაობა. მანამდე გადაცემასთან გვქონდა სამთვიანი კონტრაქტი, რომელიც დასრულდა. ახალი წლის შემდეგ გამოგვიცხადეს, რომ ახალ კონტრაქტში ხელფასი 40%-ით ნაკლები იქნებოდა და თუ გიღირთ გააგრძელეთ მუშაობაო. ვისაც არ გვიღირდა, წამოვედით, მე, რატი და ირინა. მე პირადად ამ მიზეზს ვასახელებ ტელევიზიიდან წამოსვლის, არ მიღირდა თითქმის განახევრებულ ხელფასზე მუშაობა.

- როგორ გაიხსენებდით იქ მუშაობის პერიოდს?

- "ტვ პირველი" შეიძლება ითქვას, რომ ჩემი სახლია, ვგულისხმობ ამ შენობას. ვიდრე, ჩემი შვილი დაიბადებოდა, ჩემი "პირველი შვილი" იყო - ჟურნალი "პირველი მამაკაცებისთვის", რომელიც 2001 წლიდან გამოდიოდა და რომელიც ბატონ ავთო წერეთელთან ერთად გავაკეთე (ის ამ ჟურნალის 50%-ის მფლობელია); ბევრი წელია სხვადასხვა ტელევიზიაში ვმუშაობ. როდესაც "ტვ პირველიდან" დამიძახეს, თითქოს, სახლში დავბრუნდი. ბევრი კარგი მოგონება მაქვს "შუადღე ლაივზე", თუმცა ფაქტია, რომ სამ წამყვანს ერთი და იგივე სურვილი გაგვიჩნდა, რომ დაგვეტოვებინა გადაცემა. ნამდვილად ვგულშემატკივრობ ამ გადაცემას და მინდა, რომ პანდემიის მიუხედავად წარმატებით გავიდეს ეთერში.

- შემოთავაზება ხომ არ გაქვთ სხვა ტელევიზიიდან?

- დიახ, ორი შემოთავაზება მაქვს. ერთი ტელევიზიიდან და მეორე ჩემს ბიზნესს ეხება, რასაც მთელი ცხოვრება ვაკეთებ - ქართულ გასტრონომიულ მუზეუმს. ჯერჯერობით, დავისვენებ და მოვიფიქრებ რას გავაკეთებ.

მომღერალმა რატი დურგლიშვილმა ბოლომდე არ დაადასტურა ინფორმაცია, თუმცა გვითხრა, რა შემთხვევაში დატოვებს ტელევიზიას:

რატი დურგლიშვილი: "ჯერ არაფერზე არ არის საუბარი, არც შევხვედრივართ ერთმანეთს, სეზონია დასრულებული.

- ჩვენი ინფორმაციით ხელფასის შემცირების გამო დატოვეთ გადაცემა...

- არა, უბრალოდ ჩემი თავი არ მომწონს ეკრანზე და ერთადერთი შეიძლება მაგიტომ დავტოვო. ჩემი საკუთარი თავის უკმაყოფილო ვარ, ჟურნალისტიკა ცოტა სხვა სპეციალობაა, რთული საქმეა ძალიან. წამყვანობას ყოველთვის ვერიდებოდი, თუმცა ბევრჯერ მქონია შემოთავაზება. ცოტათი მშიშარა ვარ მაგ საკითხში. რაც შეეხება ტელევიზიას, ჯერ არ არის დატოვებაზე საუბარი. ჩემთვის მთავარია აღდგეს ქვეყანაში ყველაფერი, გადაიაროს პანდემიამ და პროფესიით ვიმუშაო, ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ.

ირინა ონაშვილმა AMBEBI.GE-სთან დაადასტურა, რომ გადაცემა ახალ სეზონს მის გარეშე დაიწყებს. მან განგვიმარტა რა გახდა, მისი "ტვ პირველიდან" წამოსვლის მიზეზი:

- ამ ეტაპზე გადაწყვეტილება ხელფასის გამო მივიღე, როდესაც გვკითხეს გვიღირდა თუ არა ამ ხელფასზე მუშაობა. როდესაც ჟურნალისტი ხარ და თავიდან იწყებ ყველაფერს, სტაჟიორობიდან ყველა ეტაპს გადიხარ, ცხადია, გიღირს. კარგი გამოცდილება იყო ჩემთვის. ამ ეტაპზე კი ჩემთვის კომფორტის ზონა კომუნიკაციების სფეროა. ამის პარალელურად თუ იქნება სხვა შემოთავაზება და შევძლებ შეთავსებას, უარს არ ვიტყვი.

AMBEBI.GE "შუადღე LIVE"-ის მთავარ პროდიუსერს თეა ცეცხლაძესაც ესაუბრა, თუმცა მან წამყვანებთან დაკავშირებულ შეკითხვას ორაზროვნად უპასუხა:

- ახალ სეზონთან დაკავშირებით ახალი გეგმები გვაქვს. გადაჭრით ვერაფერს გეტყვით ვინ წავა და ვინ დარჩება. ახალი სეზონისთვის ვემზადებით და გიდასტურებთ, რომ განახლებას ვაპირებთ.

- სამ წამყვანს ეხება მხოლოდ განახლება? ჩვენი ინფორმაციით, იყო ხელფასების თემაც, უკმაყოფილება გამოთქვეს...

- არა, განახლება მხოლოდ ამ სამ ადამიანს არ ეხება. რაც შეეხება ხელფასებს, ფინანსური კრიზისი ნამდვილად არ დგას. ამ ვითარებიდან გამომდინარე რაც პანდემიას უკავშირდება, პრობლემებია მარკეტინგული თვალსაზრისით და საუბარი იყო სახელფასო ცვლილებებზე. გვქონდა კომუნიკაცია წამყვანებთან და მეგობრულ ვითარებაში გრძელდება ურთიერთობა.

- განახლებულ ეთერს როდის ველოდოთ?

- შაბათს, 16 იანვარს გავალთ ეთერში.

რომელი ცნობილი ბიზნესმენის სარძლოა ნინი ქარსელაძე - მომღერლის შეყვარებულის ოჯახი ქონების წართმევაში დავით კეზერაშვილს ადანაშაულებდა

ნინი ქარსელაძე ქართველ მილიონერზეა შეყვარებული - ვინ არის მომღერლის რჩეული (ფოტოები)

ნინო ჩხეიძის საახალწლო ფოტოსესია - მომღერალი თბილისის ქუჩებში საღამოს კაბებით სეირნობს