პროკურატურა მოითხოვს, ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებულ არასრულწლოვანს პატიმრობა შეეფარდოს

პროკურატურა მოითხოვს, ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებულ არასრულწლოვანს პატიმრობა შეეფარდოს

თბილისის საქალაქო სასამართლო ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

პროკურატურა ბრალდებულ დ.ღ.-ს მიმართ პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

როგორც პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდების მხარე არასრულწლოვანს გამოძიებისთვის და სასამართლოსთვის ცრუ ინფორმაციისა და ცრუ ჩვენების მიცემას ედავება.

"ბრალდების მხარემ არასრულწლოვან დ.ღ.-ს ბრალი წაუყენა იმაში, რომ გამოძიებას მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, ასევე სასამართლოს მისცა ცრუ ჩვენება, ისეთი ტიპის სისხლის სამართლის საქმეში, სადაც ბრალდებული იმხილება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში. ბრალდების მხარე დ.ღ.-ს ედავება იმაში, რომ გამოძიების ეტაპზე, მან განაცხადა, რომ ურთიერთდაპირისპირებისას დავით სარალიძემ, ფიზიკური ზემოქმედებით შეიყვანა გ.ჯ. და მ.კ. ფარდულში და იქ ამ სამ ადამიანს შორის გაგრძელდა ფიზიკური დაპირისპირება, ხოლო შემდგომში ეს ინფორმაცია აბსულუტურად გადაასხვაფერა, შეცვალა და მიაწოდა ინფორმაცია, რომ მხოლოდ გ.ჯ.-სა და დავით სარალიძეს შორის მიმდინარეობდა დაპირისპირება. მან ასევე განაცხადა სასამართლო პროცესზე, რომ ის არ შეხვედრია საერთოდ ზაზა სარალიძეს, გამოძიებით კი აბსოლუტურად საწინააღმდეგო დასტურდება. დ.ღ. შეხვდა ზაზა სარალიძეს და ისაუბრეს ინციდენტთან დაკავშირებით", - განმარტა თორნიკე ნადირაძემ. რაც შეეხება ცრუ ჩვენების მიცემის მოტივს, პროკურორის თქმით, ამ მიმართულებით გამოძიება მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის ხელახალი ძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოში მკვლელობაში ბრალდებული ორი მოზარდის მიმართ განაჩენი დადგა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ